კომპანია apple-მა ძალიან კარგად იცის, რომ მის პროდუქტს მხოლოდ ზრდასრული ადამიანები არ იყენებენ. iPhone-ს ბავშვებიც აქტიურად მოიხმარენ. ახლა უკვე ხშირად შევხვდებით პატარა გოგონასა თუ ბიჭს საკუთარი iPhone-ით ხელში. ვისაც თავისი არ აქვს, არც ეს უშლის ხელს აითვისოს ტექნიკა, მშობლების ტელეფონებიც ხომ მათ ხელშია.
ხშირად მშობლები ღელავენ, რომ მათ პატარას ტექნიკასთან ხშირი ურთიერთობა აქვს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ვერაფერს ხდებიან, რადგან ტელეფონის გარეშე უკვე წარმოუდგენელია როგორც დიდების, ისე პატარების ცხოვრებაც. ამ შემთხვევაში ზომიერების შენარჩუნება ყველაზე კარგი გამოსავალია. ამას გარდა, რადგან ბავშვები მაინც დამოკიდებულები არიან ტექნიკაზე, სასურველია, მათი გამოყენება პროდუქტიულიც გახდეს, დაკავდნენ საინტერესო და შემეცნებითი თამაშებით თუ აქტივობებით.
Apple-მა ბავშვების ინტერესები გაითვალისწინა და თავის მომხმარებლებს ისეთ აპლიკაციებს სთავაზობს, რომლებიც შემეცნებით ხასიათს ატარებს და პატარებს ფერების, ფორმების სწავლის, ასევე, სხვადასხვა ისტორიისა და ამბების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს. „iTechnic”-მა ტოპ-5 აპლიკაცია შემოგვთავაზა მათთვის, ვისაც სურს, რომ მათი პატარებისთვის ”აიფონით” ხელში გატარებული დრო შემეცნებითი აღმოჩნდეს.
1. Cameleon: ეს არის აპლიკაცია, რომელიც ბავშვებს საინტერესო გასაფერადებლებს სთავაზობს. თქვენს პატარებს შეეძლებათ ერთი და იგივე ნახატი რამდენჯერმე, სხვადასხვა ფერში გააფერადონ.
2. Shoshia: თუ თქვენს პატარას ზღაპრების მოსმენა უყვარს, Shoshia ზუსტად იმისთვისაა, რომ ის კმაყოფილი დატოვოს. მუსიკალური ზღაპრები ვიზუალური გაფორმებით თქვენს პატარას ნამდვილად სასიამოვნო შთაბეჭდილებებს დაუტოვებს.
3. Komble: აპლიკაცია, რომელიც ასევე ზღაპრებს სთავაზობს მოზარდს. ეს ბავშვის განვითრებისთვის ნამდვილად კარგი საშუალებაა.
4. Fast like a fox: ძალიან საინტერესო თამაში თქვენი პატარებისთვის, რომელიც გამოსვლისთანავე რეიტინგის სათავეში მოექცა.
5. Clubpenguin: ამ აპლიკაციას შემეცნებითი დატვირთვა აქვს და მასში ჩართულ ბავშვს საშუალებას აძლევს, პინგვინების სამყარო გამოიკვლიოს.
აღნიშნული აპლიკაციები პატარებისთვის არის, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ზოგჯერ დიდებიც სიამოვნებით უყურებენ საბავშვო მულტფილმებს ან კითხულობენ ზღაპრებს, დიდია ალბათობა იმისა, რომ საბავშვო აპლიკაციების გაცნობით ან იქნებ განსატვირთადაც, დროდადრო ზრდასრულებიც სიამოვნებით დაკავდნენ.