თბილისში ერთ-ერთი ქუჩის ერთი ეზო ბოლო დროს ყველაზე პოპულარული გახდა. ეს არის ადგილი, სადაც სერიალს - "ხელოვნურ სუნთქვას" იღებენ. უძველესი თბილისური ეზოს ბინადრები ახალი "მეზობლების" გადმოსვლით გახარებულები არიან და საამისოდ საკმარისი მიზეზი აქვთ. პოპულარული "მეზობლების" პირადული ამბების განვითარებას თვალს ჯერ ფანჯრებიდან, შემდეგ კი ეკრანზე ადევნებენ.
სერიალზე მომუშავე ჯგუფს გადასაღებ მოედანზე ვესტუმრე, მისვლისთანავე შევნიშნე ამ პოპულარული ეზოს ბინადარი, მანანა რეკვავა, რომელიც შემოქმედებითი ჯგუფის მოფუსფუსე წევრებს თვალს საკუთარი სახლის ფანჯრიდან ადევნებდა. ძველებურ რკინის დახვეულ კიბეს ავუყევი და კარზე დავაკაკუნე.
- შეიძლება შემოვიდე?
- მობრძანდით.
- თქვენს ახალ "მეზობლებზე" მინდა გელაპარაკოთ...
- ამ ახალგაზრდების მოსვლა ყველას გაგვიხარდა. აქ ბევრი რამ მოსაწესრიგებელი იყო და მათ გააკეთეს, ყვავილებით გაალამაზეს. ეზოში წყალი გუბდებოდა და ეს პრობლემაც მოაგვარეს.
- გადაღების დროს მათთან ჩადიხართ?
- არა, ვცდილობ, ხელი არ შევუშალო. მათ გადაღებულს ეკრანზე ვუყურებ. გადამღები ჯგუფის წევრებს ვიცნობ.
- რომელიმე ეპიზოდში თქვენც ხომ არ მოხვდით?
- მხოლოდ ერთ კადრში, ზურგით ვჩანვარ, მაგრამ იყო ეპიზოდი, როცა მათი მსახიობი ჩემთან ამოვიდა, ფანჯრიდან გადაიხედა და დაბლიდან გადაიღეს. ეს ეზო ძალზე პოპულარული გახდა.
- თქვენთვის დასახმარებლად თხოვნით მოუმართავთ?
- კი, არაერთხელ მოსულან და შეძლებისდაგვარად, ყოველთვის ვეხმარები.
- რას ითხოვენ?
- კონკრეტული ნივთი სჭირდებათ ხოლმე და მეუბნებიან, - თუ გაქვთ, გვათხოვეთო.
- ეზოში რამდენი ოჯახი ცხოვრობს?
- 12. მთელი ცხოვრება ამ ეზოში მაქვს გატარებული, აქ დავიბადე და გავიზარდე, 72 წელი გავიდა. ეს პირველი შემთხვევაა, სხვა დროს აქ არასდროს არაფერი გადაუღიათ.
- ხმაურით ხომ არ გაწუხებენ?
- არა.
ჩემი მათთან სტუმრობის პერიოდი თამუნას (ეკა დემეტრაძის გმირი) სახლში გადაღებას დაემთხვა. ოპერატორები, გამნათებლები, მხატვარი, ხმის რეჟისორი... ყველანი თავის საქმეს აკეთებდნენ და ლოკაციის ადგილს გადასაღებად ამზადებდნენ.
ალექსანდრე ჩინჩალაძე, ოპერატორი:
- "ხელოვნურ სუნთქვაზე" პირველივე სერიიდან ვმუშაობ. "ფორმულა კრეატივთან" კი დიდი ხანია, ვთანამშრომლობ. ადრე გამნათებელი ვიყავი, რამდენიმე სეზონია, რაც უკვე დამდგმელი ოპერატორი ვარ. ეს საქმე ძალიან მიყვარს, საინტერესოა. ყოველი გადაღება ერთმანეთისგან განსხვავებულია და შესაბამისად, ყოველდღე მაქვს შეგრძნება, რომ ახალ სამსახურში მივდივარ. ბევრი კურიოზიც ხდება.
- შეგიძლია გაიხსენო?
- "ჩემი ცოლის დაქალების" გადაღებაზეც ვმუშაობ და იქ მედიკო ბებიას ტექსტი სულ ავიწყდება. მსგავსი რამ "ხელოვნური სუნთქვის" გადაღებისას ნაკლებად ხდება. ზოგჯერ რამდენიმე დუბლს ვიღებთ, მსახიობები გვაწვალებენ. არის ხოლმე შემთხვევა, როცა ყველაფერი კარგად მიდის, კადრს რამდენიმე წამში ვამთავრებთ და მსახიობი ბოლო წინადადებას კარგად ვერ იტყვის ან რაღაც შეეშლება და მერე ის კადრი თავიდან უნდა გადაიღო.
- ემოცია შენზე რამდენად გადმოდის?
- მაგალითად, როცა ნუცა გარდაიცვალა, თორნიკე გოგრიჭიანმა და ანი ბებიამ ისე კარგად ითამაშეს, რომ სოციალურ ქსელში წერდნენ: ხელოვნური სუნთქვა მაყურებელს დაგვჭირდაო. მართლა ემოციური ეპიზოდი იყო. ძალიან დამაჯერებლად ითამაშეს. როგორ შეიძლებოდა, ამ სცენისთვის გულგრილად შეგვეხედა? ჩვენც აგვეტირა.
- ყველაზე მეტად, რომელი სცენის გადაღება გაგიჭირდა?
- ერთი კონკრეტული სცენა არ მახსენდება. ზოგადად, ყველა სცენა რთული გადასაღებია.
სანამ მთავარი რეჟისორი, გიორგი ლიფონავა ბოლო დეტალებს მთავარ გმირთან შეათანხმებდა, დრო ვიხელთე და ეკა დემეტრაძეს გავესაუბრე.
- ჩემი გმირი ძალიან პოპულარულია. მაყურებლის მხრიდან ძირითადად, პოზიტიური განწყობა და დადებითი შეფასებები ისმის.
- ძალიან ემოციური პერსონაჟია. საინტერესო სათამაშოა?
- რა თქმა უნდა, საინტერესოა. ტკივილი, სიხარული, სიყვარული, პრობლემები - ყველაფერია მასში. საინტერესო გოგოა, თამამია, ძლიერია, თავისუფალია. მასავით თავისუფალი დღეს საქართველოში ბევრი გოგო არ არის. ჩემი გმირი, მისი შეუპოვარი ხასიათით, ძალიან მომწონს. არასდროს არანაირ დაბრკოლებას არ ნებდება, სულ წინ მიდის და ცდილობს, პრობლემებს მოერიოს, არ ჩერდება. ეს დასაფასებელია. ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ამ ყველაფრით საინტერესოა. როცა როლს თამაშობ, ის როლი შენს ცხოვრებაში, ქვეცნობიერში მაინც აისახება.
- ეს პერსონაჟი შენს არაცნობიერში რას ტოვებს?
- საერთოდ, მსახიობს ყველა როლი გაფიქრებს. თამუნა ყველაფერ იმაზე მაფიქრებს, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე. გაგრძელება