გრიპი სიცოცხლეში ერთხელ მაინც ყველა ჩვენგანს ჰქონია. ზოგს მიაჩნია, რომ ის იოლი გადასატანია, ზოგი კი საშინლად უფრთხის, თუმცა თითქმის ყველამ იცის, რომ გრიპთან ხუმრობა არ შეიძლება.
როგორც სპეციალისტები წერენ, პრაქტიკულად ჯანმრთელ ახალგაზრდას გრიპი თითქმის არავითარ საფრთხეს არ უქადის. მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფობის პერიოდში ასეთი ადამიანები თავს ცუდად გრძნობენ, იძულებულნი არიან, ერთი კვირით მოსწყდნენ მრავალ მნიშვნელოვან საქმეს, გრიპი მაინც უკვალოდ ჩაივლის. მაგრამ არის კატეგორია, რომელსაც გრიპი მრავალ გართულებას უქადის. გართულება მოსალოდნელია, როცა:
ავადმყოფის ასაკი 64 წელს აღემატება;
პაციენტს აქვს ქრონიკული დაავადება, კერძოდ:
გულის პათოლოგია;
ფილტვების პათოლოგია;
შაქრიანი დიაბეტი;
სისხლის დაავადება;
თირკმელების უკმარისობა;
იმუნური სისტემის დეფიციტი.
განსაკუთრებით საშიშია გრიპი ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში, ანუ მეოთხედან მეცხრე თვის ჩათვლით.
რა გართულება შეიძლება მოჰყვეს გრიპს ასეთ პაციენტებში? უპირველეს ყოვლისა, პნევმონია. ის შეიძლება განვითარდეს როგორც უშუალოდ გრიპის ვირუსის ზემოქმედებით (ვირუსული პნევმონია), ასევე ბაქტერიების ზემოქმედების შედეგადაც (მეორეული ბაქტერიული პნევმონია). ხშირია ორივე ფაქტორის ერთდროული ზემოქმედება.
უშუალოდ გრიპის ვირუსით გამოწვეული პნევმონია იშვიათია, მაგრამ რთული. რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ ეს მდგომარეობა? როდესაც გრიპიანი პაციენტის მდგომარეობა რამდენიმე დღეში გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება, ცხელება არ იკლებს, ჩნდება ქოშინი, ვითარდება ციანოზი (ტუჩების სილურჯე), ნახველს ერევა სისხლი, - ექიმი ფილტვების ანთებას ვარაუდობს. ამ ნიშნების შემჩნევისას პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. მას გასინჯავენ, ჩაუტარებენ რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, ნახველის ანალიზს და დაუსვამენ დიაგნოზს.
ცნობილია, რომ გრიპის ვირუსით გამოწვეული ფილტვების ანთებისადმი განწყობილნი არიან ადამიანები, რომელთაც გულის დაავადებები აქვთ, განსაკუთრებით - ის პაციენტები, რომლებიც დაავადებულნი არიან გულის მანკის ერთ-ერთი ნაირსახეობით - მიტრალური ხვრელის სტენოზით.
ვირუსული ფილტვების ანთების რისკი მაღალია ხანშიშესულ ადამიანებს შორის, თუ ისინი დაავადებულნი არიან ფილტვების ქრონიკული დაავადებით - ქრონიკული ბრონქიტით ან ბრონქული ასთმით.
გრიპის ეპიდემიები, რომლებიც 1918 და 1957 წლებში დაფიქსირდა, გამოირჩეოდა ვირუსული პნევმონიის მაღალი მაჩვენებლით ორსულთა შორის. საავადმყოფოში მოთავსებულ პირთა უმრავლესობას სწორედ ისინი შეადგენდნენ. გაგრძელება