აკაკი გოგიჩაიშვილის მეუღლის, ჟურნალისტ ნინო ხაჟომიას ემოციური წერილი:
ნინო ხაჟომია, 40 წლის, თბილისი
„ჩემი ბიოლოგიური მონაცემებით, წესით, უშვილო უნდა ვყოფილიყავი. რომ არა განვითარებული მედიცინა, შვილი არასდროს მეყოლებოდა. საბა, რომელიც 13 წლისაა ახლა, არის ჩემი და ჩემი ქმრის გენეტიკური შვილი, რომელიც „ინ ვიტრო“ განაყოფიერებით არის გაჩენილი. სულ იმას ვამბობდი, რომ საბა თუ გაჩნდებოდა, ეს იქნებოდა სასწაული. ყველამ ვიცით, რომ ეკლესიაში არის ე.წ. მიმდინარეობა, რომელიც ეწინააღმდეგება ყველანაირ პროგრესულ იდეას და მათ შორის, კრძალავს "ინ ვიტრო" განაყოფიერებას. სხვათა შორის, წლების მერე ერთ-ერთ მღვდელთან მომივიდა სერიოზული ჩხუბი, რომელმაც მითხრა, რომ ანათემაზე ხარ გადასაცემი, რადგან გაბედე, ღმერთის ნების წინააღმდეგ წახვედი და ხელოვნური განაყოფიერება გაიკეთეო. ღმერთს უნდოდა, შენ უშვილო ყოფილიყავიო. ამაზე ჩემი პასუხი საკმაოდ მკვახე იყო. ვუპასუხე: ღმერთს თუ უნდოდა, უშვილო ვყოფილიყავი, მაშინ "ინ ვიტროც" წარუმატებელი იქნებოდა-თქო და მოდი, ანათემაზე ბებიაშენი გადაეცი-თქო.
საბა გაჩნდა წარმატებით, თუმცა 9 თვის განმავლობაში სულ იყო იმის საშიშროება, რომ მომშლოდა. ამ პერიოდში არ მტოვებდა იმაზე ფიქრი, რომ აუცილებლად უნდა მყოლოდა მეორე შვილი, რომელსაც ვიშვილებდი...
ამ გადაწყვეტილებას თავისი წინაპირობაც ჰქონდა.
რამდენიმე ათეული წლის წინ, გადაცემაში „60 წუთი“ გავაკეთე გამოძიება კოჯრის ბავშვთა სახლში მცხოვრებ სამი წლის ასაკის ბიჭზე და მის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე. მახსოვს ერთი კადრი: 3 წლის ბავშვმა თავისი ტანსაცმელი დაკეცა და ფეხსაცმელთან ერთად ძილის წინ ბალიშის ქვეშ ამოიდო, რომ სხვებს არ წაერთმიათ და მეორე დღეს შიშველი არ დარჩენილიყო. ეს იყო შოკისმომგვრელი სცენა ჩემთვის და არასდროს დამავიწყდება. მაშინ გავიფიქრე პირველად, რომ რამდენი შვილიც არ უნდა გამჩენოდა, ერთ ბავშვს მაინც ვიშვილებდი და ოჯახურ მზრუნველობას მივცემდი.
ეს ფიქრი რეალურად მაშინ განვახორციელე, როცა საბა წლინახევრის იყო და მე და ჩემი ქმარი შვილად აყვანის მსურველ ოჯახთა მოლოდინის რიგში ჩავდექით....
ჩვენს გადაწყვეტილებას ძალიან აგრესიულად შეხვდნენ ჩვენი მშობლები. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი მორწმუნეა, ყველანაირად ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ მცდარი გადაწყვეტილება მივიღე. ამბობდა, რომ ეს „სირცხვილია“, რომ გენეტიკას მნიშვნელობა აქვს და არ გვეცოდინებოდა, როგორი გაიზრდებოდა ჩვენი აყვანილი შვილი. ყურს არ ვუგდებდი არავის. გაგრძელება