ჰგავს თუ არა ევა ლონგორია თავისი სერიალის პერსონაჟ გაბრიელ სოლისს? ბევრისთვის ეს ორი ქალი - პრაქტიკულად, ერთი პერსონაა.
გაბრიელ სოლისი „დაიბადა“ 2004 წელს. ამ პერსონაჟს სიცოცხლე დამწყებმა მსახიობმა, ევა ლონგორიამ შთაბერა. ამ როლმა ევა მსოფლიოში ძალიან პოპულარული გახადა.
შეიძლება მსახიობის წარმატების საიდუმლო სწორედ იმაშია, რომ ის ძალიან ჰგავს თავის პერსონაჟს, გაბრიელს?
რა საერთო აქვთ ევას და გაბრიელს
ევა ლონგორია და გაბრიელ სოლისი თითქმის ტოლები არიან. ევა 36 წლისაა, გაბრიელი კი - 40-ის. წარმოშობით ორივე მექსიკელია. ორივეს მშობლები ღარიბები იყვნენ. სხვათა შორის, სწორედ ევა ლონგორიამ გამოუსწორა ფინანსური მდგომარეობა ოჯახს.
ის არა მარტო წარმატებული მოდელი და მსახიობია, არამედ რესტორნის მფლობელი და მოდური პარფიუმის ავტორიც. გაბი ასევე წარმატებული და მდიდარი გახდა, ოღონდ, ძირითადად, ქმრის დამსახურებით.
გაბრიელის მსგავსად, ევაც ოცნებობდა მოდელობაზე. მან ვერ შეძლო ოცნების განხორციელება თავისი სიმაღლის გამო. ის 157 სმ-ია. როგორც გაბრიელი - ვერც ის გახდა მოდელი, სკანდალური ხასიათის და წარმატებული ქორწინების გამო.
პირადი ცხოვრება კინოსა და რეალობაში
ევა ლონგორიას, თავისი გმირის მსგავსად, ასაკით თავისზე უმცროსი მამაკაცები მოსწონს. 2011 წლიდან ის პენელოპა კრუსის ძმას, პოპულარულ ესპანელ მომღერალ ედუარდო კრუსს ხვდებოდა, რომელიც მასზე 10 წლით პატარაა.
სწორედ მან შეძლო ენუგეშებინა ევა - ფრანგ კალათბურთელთან, ტონი პარკერთან დაშორების შემდეგ.
გაბრიელ სოლისიც დაშორდა ქმარს, კარლოსს. მიზეზი ევას და გაბის ერთი აქვთ - ქმრის ღალატი. მართალია, გაბის უფრო გაუმართლა. კარლოსმა ცოლს იმ მიზეზით უღალატა, რომ ქალს მისთვის შვილი გაეჩინა, რადგან გაბის არ შეეძლო დაორსულება. ალბათ, ამიტომაც შეძლო მან პატიება.
ევას ნაკლებად გაუმართლა. ლონგორიამ გაიგო, რომ მისი ქმარი, ტონი პარკერი დიდი ხნის მანძილზე ხვდებოდა მის უახლოეს დაქალს. განქორწინების პროცესი მან რთულად გადაიტანა, მაგრამ შეძლო ფეხზე დადგომა და ახალი ცხოვრების დაწყება.
რით განსხვავდება ევას და გაბის ცხოვრება
გაბის არ აქვს განათლება. ევამ პოლიტოლოგიაში მაგისტრატურა დაამთავრა. გაბი არ არის გატაცებული ქველმოქმედებით, ევა კი - დიდი ფილანტროპია.
მან დააფუძნა საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს.
როგორც წარმატებული რესტორატორი, ევას ძალიან უყვარს კერძების მომზადება. მან კულინარიული წიგნიც კი გამოსცა, სახელად: „ევას სამზარეულო: მოამზადეთ სიყვარულით ოჯახისა და მეგობრებისთვის“.
მისი რესტორნები ლოს-ანჯელესსა და ლას-ვეგასში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
დიახ, ცხოვრებისეული ისტორიებით ევა ლონგორია და გაბი სოლისი ბევრ რამეში ჰგვანან, მაგრამ მთავარი განსხვავება იმაშია, რომ ევა არ არის დიასახლისი. ის აქტიური და წარმატებული ლედია. მაგრამ ვინ იცის, იქნებ მომავალ სერიებში გაბიც გახდება წარმატებული და დამოუკიდებელი?
ამას ტელეარხ GDS-ის ეთერში გავიგებთ. ჩაუჯექით ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 17:00 სთ-ზე.
იხილეთ ასევე: