"ოსკარის" რიგით 89-ე დაჯილდოების ცერემონიალი უხერხული მომენტით დასრულდა. სცენაზე საუკეთესო ფილმის დასასახელებლად ასულმა ფეი დანაუეაიმ და უორენ ბიტმა კონვერტი გახსნეს და ბიტმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ამოიკითხა - საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გამარჯვებულია "ლა ლა ლენდი".
დარბაზის აპლოდისმენტების შემდეგ სცენაზე "ლა ლა ლენდის" შემოქმედებითი ჯგუფი ავიდა და პროდიუსერებმა სამადლობელი სიტყვის წარმოთქმა დაიწყეს, მაგრამ მოულოდნელად სცენაზე შოუს წამყვანი, კომიკოსი ჯიმი კიმელი გამოვიდა და შოუ შეაჩერა.
იხილეთ ვიდეოფრაგმენტი "ოსკარის" დაჯილდოებიდან
"როგორც ჩანს, გაურკვევლობა მოხდა, არასწორად ამოიკითხეს საუკეთესო ფილმი. სინამდვილეში გამარჯვებულია "მთვარის შუქი" - აღნიშნა კიმელმა და სცადა, დარბაზი გაემხიარულებინა - "არ შეიძლება, "ოსკარი" თქვენც აიღოთ? ყველას დავურიგოთ. უორენ, ეს რა გააკეთე?!" - მიმართა მან უორენ ბიტს.
ამის შემდეგ სცენაზე "მთვარის შუქის" შემოქმედებითი ჯგუფი ავიდა, რომლებიც გაოგნებულები იყვნენ საღამოს ასეთი მოულოდნელი ფინალით.
როგორც ჩანს, კონვერტები არასწორად შეიტანეს სცენაზე. როგორც უორენ ბიტმა აღნიშნა, მის კონვერტში ეწერა ემა სტოუნი - "ლა ლა ლენდი" და სწორედ ამიტომ აერია დასახელება. შეცდომის გამო მსახიობმა ბოდიში მოუხადა საზოგადოებას.