დიდი ლიტერატურული კონკურსი - ”გახდი ბესტსელერის ავტორი” უკვე დაიწყო. "პალიტრა L"-ის მიერ ორგანიზებულ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც დამწყებ, ასევე უკვე კარგად ცნობილ მწერლებს.
მონაწილეობის მსურველები ჟანრში შეზღუდულები არ არიან.
ნამუშევრებს ყველაზე ობიექტური ჟიური, მკითხველი შეაფასებს. მათთან ერთად კი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას კვალიფიციური ჟიურიც მიიღებს. საკონკურსოდ ავტორი ნაწარმოების დასაწყისს წარადგენს. მისი დასრულება კი გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ მოხდება. (პირობები წაიკითხეთ დაწვრილებით)
"პალიტრა L" მაქსიმალურად შეეცდება, კონკურსში გამარჯვებულ ავტორებს შეუქმნას ყველა პირობა, რომ მათ წიგნის დასრულება წარმატებით შეძლონ.
ავტორები, სხვა სახის მხარდაჭერასთან ერთად, ფინანსურ ავანსსაც მიიღებენ. ბეჭდვის და გამოცემის შემდეგ გამომცემლობა იზრუნებს წიგნისა და ავტორის პოპულარიზაციაზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
თინათინ ფეიქრიშვილი ("პალიტრა L"-ის მარკეტინგის მენეჯერი)
- ჩვენი კონკურსის მიზანია ქართველი მწერლების პოპულარიზაცია, ის, რომ ქართული მწერლობა გახდეს უფრო პოპულარული და კითხვადი, ქართველ მკითხველს შორის. ჟიურის და ხალხის გადაწყვეტილებით შეირჩევა 15 კონკურსანტი. 10 იქნება ხალხის მიერ შერჩეული, 5 კი - ჟიურის მიერ. მეორე ტურში გადავა ეს 15 კონკურსანტი და ამათგან 5 გაიმარჯვებს. მათ წიგნებს გამომცემლობა "პალიტრა L" დაბეჭდავს და მოახმარს მთელ მის რესურსს, რათა ეს წიგნები გახდეს პოპულარული და გახდეს ბესტსელერი.
ლევან ბერძენიშვილი (ლიტერატურათმცოდნე)
- დარწმუნებული ვარ, რომ ”გახდი ბესტსელერის ავტორი” არის განწირული წარმატებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე ბესტსელერს, როგორც ჩანს, ჩვენ გამოვკრავთ ხელს. საზოგადოებისთვის ყოველთვის სასიამოვნოა, რომ გამომცემლობა ასეთ რამეში მონაწილეობას მიიღებს. გამარჯვებული შეიძლება იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, რომ კონკურსი გახდეს ტრადიციული და ყოველწლიური.
გოგა ჩანადირი (ფოტოგრაფი)
- ჩემი აზრით, ეს არის არაჩვეულებრივი კონკურსი, რომელმაც შეიძლება მართლა სასწაული ავტორი აღმოაჩინოს. სულ მცირე, ეს კონკურსი გახდება მიზეზი, რომ მკითხველი წიგნებით დაინტერესდეს და რაც მთავარია, მინდა, რომ ბესტსელერის ავტორებმა შეძლონ ჩვენს გულში ახალი ემოციების აღძვრა და სიახლის მოტანა. იმედი მაქვს, ქართული რეალობაც უკვე ისეთია, რომ ქართველი მწერლები ამას შეძლებენ.