საქართველოში შემოტანილი და სავაჭრო ქსელში გასაყიდად გამოტანილი ტანსაცმელი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს შეიცავს.
რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი ადამიანი იწამლება როგორც საკვებით, ჭურჭლითა და სამზარეულოს ნივთებით, ასევე ქსოვილებით, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ. არაერთი საერთაშორისო კვლევით დასტურდება მავნე ზეგავლენა, რასაც სინთეტიკური ქსოვილები და საღებავები იწვევს.
ცხადია, ანალოგიური პრობლემაა ყველგან, თუმცა ჩვენს ყურადღებას ამჯერად იწვევს ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქცია, რომელთა უმეტესობა უხარისხო და იაფია. უხარისხო საქონელი ძირითადად თურქეთიდან და ჩინეთიდან შემოდის და მოჰყვება არასრული ეტიკეტები, რომლის წაკითხვა მომხმარებელს არაფერს აძლევს. ისიც უნდა ითქვას, რომ ტანსაცმლის შეძენისას იარლიყზე დატანილ ინფორმაციას თითქმის არავინ ეცნობა და მყიდველი ბრმად იძენს ამა თუ იმ სამოსს, რომელსაც ხანდახან წლების განმავლობაში იყენებს.
საფრთხე კი ნამდვილად დიდია. როგორც "ბიზნეს-რეზონანსს" ბიოქიმიკოსმა, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსმა რამაზ გახოკიძემ განუცხადა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ჯანმრთელობისთვის საშიში ტანსაცმლის მომხმარებელია. ზოგადად, ეს ეხება არა მხოლოდ ზედა სამოსს, არამედ საცვლებს, თეთრეულს და სხვა. თუ ჩასაცმელის ფერი, როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, მოქმედებს პიროვნების გუნება-განწყობაზე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქსოვილის ქიმიური შემადგენლობა გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე.
"სინთეზური ქსოვილი იაფი ჯდება, არ იჭმუჭნება, დიდხანს ინარჩუნებს ფერს და მოხმარების მხრივ ხელსაყრელია.
ამ დროს მას საკმაოდ მავნე შედეგი მოაქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სინთეტიკური ტანსაცმლის გამოყენება სასტიკად აკრძალულია მათთვის, ვისაც აქვს ანემია, კანის დაავადებები - ფსორიაზი და ეგზემა. ჯანმრთელმაც რომ ატაროს დაბალი ხარისხის სინთეზური ქსოვილი, შესაძლოა, დერმატიტი განუვითარდეს.
არანაკლებ საშიშია სინთეზური თეთრეული, რომელსაც აქვს სოკოების და სხვა მიკროორგანიზმების დაგროვების უნარი. გაგრძელება