პიკნიკისათვის მზადება ერთობ საპასუხისმგებლო ღონისძიებაა და ძირითადად, ამაზეა დამოკიდებული, როგორ ჩაივლის ერთი არაჩვეულებრივი დღე ბუნების წიაღში.
1. პროდუქტები პიკნიკისათვის არ უნდა იყოს მალფუჭებადი და ტრანსპორტირების განსაკუთრებულ პირობებს არ უნდა საჭიროებდეს. სასურველია, პროდუქტები წინასწარ დაჭრათ და ცალ-ცალკე კონტეინერებში მოათავსოთ (ყველი, ძეხვი, პური, შაშხი). ხილი და ბოსტნეული გარეცხეთ, გაამშრალეთ და ჩააწყვეთ ჰერმეტულად დახურულ პლასტიკურ ჭურჭელში. ხოლო თუ ადგილზე გეგმავთ მწვადების შეწვას, ხორცი წინასწარ მოამზადეთ და იზრუნეთ საჭირო ინვენტარზე: არ დაგავიწყდეთ შამფურებისა და ასანთის წაღება.
2. მოიმარაგეთ დიდი რაოდენობით სითხე. უმჯობესია მინერალური წყალი და ნატურალური წვენები. ბუნებაში აქტიური დასვენება ნამდვილად საჭიროებს ორგანიზმში სითხის ბალანსის შევსებას. რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელებს, სჯობს მათი მიღებისგან თავი შეიკავოთ. შემოიფარგლეთ ლუდის მცირე რაოდენობით.
3. ნუ დაგავიწყდებათ გასაშლელი დანის, ბოთლის გასახსნელის, ერთჯერადი პლასტიკური ჭურჭლისა და დანა-ჩანგლის წაღება. ასევე, თან იქონიეთ სველი და მშრალი ხელსახოცები. აუცილებლად მოიმარაგეთ ნაგვის ჩასაყრელი პარკები, ნაგვის ნარჩენების ჩასაყრელად.
4. პიკნიკის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი გადასაფარებელია, მაგრამ რეზერვში მუშამბაც იქონიეთ, შეიძლება ნაწვიმარ ადგილზე გამოგადგეთ. პიკნიკი უფრო კომფორტული იქნება, თუ დასაკეც მაგიდასა და სკამებს წაიღებთ.
5. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბუნებაში გასვლა არა მხოლოდ სასიამოვნო დასვენებასთან , არამედ რისკთანაც არის დაკავშირებული. ამიტომ თან იქონიეთ მზისგან დამცავი საშუალება, რათა დამწვრობა არ მიიღოთ ზაფხულის მცხუნვარე მზეზე.
6. ყოველი შემთხვევისათვის ჩანთაში ბამბა, ბინტი, იოდი გეგულებოდეთ. არ არის გამორიცხული, ან ფეხი გაგეკაწროთ, ან ხელი გაიჭრათ.
7. წინასწარ მოიმარაგეთ მწერებისგან დამცავი საშუალებები.
8. აუცილებლად წაიღეთ თავსაბურავი: კეპი ან პანამა, მით უმეტეს, თუ ბავშვებიც მიგყავთ.
9. ბავშვებთან ერთად ბუნებაში გასვლა განსხვავდება უფროსების პიკნიკისგან. წინასწარ დაგეგმეთ, რითი გაართობთ, თორემ მალე მოიწყენენ. მოიფიქრეთ თამაშები (განძის მაძიებელნი, მხიარული სტარტები) და არ დაგავიწყდეთ ბურთის და ბადმინტონის წაღება.
10. ჩაიცვით მოსახერხებლად. სასურველია, ხელ-ფეხი დაფარული იყოს, რათა მწერების ნაკბენები თავიდან აიცილოთ.
11. ფოტოაპარატი და ვიდეოკამერა ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნდით, რომ ბატარეა ბოლომდე დატენილია. რა სამწუხარო იქნება, რომ მოულოდნელად აპარატმა ფუნქციონირება შეწყვიტოს და ვეღარ შეძლოთ ამ არაჩვეულებრივი დღის კადრზე აღბეჭდვა.
12. მოაწყვეთ პიკნიკი პარკში, მდინარის პირას, ტყეში. მთავარია, საზოგადოებრივი წესრიგი არ დაარღვიოთ. ადგილის შერჩევისას შეეცადეთ, რომ ის შედარებით დაცული იყოს მზისგან.
13. პიკნიკის დასრულების შემდეგ აკრიფეთ ნარჩენები. დარწმუნდით, რომ კოცონი ბოლომდეა ჩამქრალი.