რა უნდა გააკეთოთ, თუ მზეზე ყოფნისას ან სიარულისას კანი გიწითლდებათ, გექავებათ და გამონაყარი ჩნდება?
ეს ხდება მაშინ, თუ ულტრაიისფერი სხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობა გაქვთ (ფოტოსენსიბილიზაცია). ყოველწლიურად ექიმები ამ უსიამოვნო მოვლენის ათასობით ახალ შემთხვევას აფიქსირებენ. ამიტომ უკეთესია, წინასწარ იცოდეთ, კერძოდ რას უნდა ელოდოთ მზისგან გამოწვეული ალერგიისგან, რათა აუცილებლობის შემთხვევაში სწრაფად და სწორად იმოქმედოთ.
რისკის ჯგუფში არიან დაბალი იმუნიტეტის, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების მქონე ადამიანები, ასევე, ფეხმძიმე ქალები, ბავშვები და ღია ფერის პიგმენტაციის მქონე ადამიანები (თეთრი ფერის კანი, ღია ფერის თმა, თვალები...)
ყურადღება მიაქციეთ: კანის სიწითლე, ქავილი და გამონაყარი შეიძლება მზეზე ყოფნიდან 15 წუთის შემდეგ გაჩნდეს, მაგრამ შეიძლება ზოგს უფრო ნელა განუვითარდეს: მაგალითად, რამდენიმე საათში ან სულაც რამდენიმე დღეში.
მზის სხივების მიმართ მგრძნობელობის მომატება შეიძლება მედიკამენტებმაც გამოიწვიოს. მაგალითად, აქტიური მზის ფონზე ძლიერი ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი ანტიბიოტიკის, ანტიდეპრესანტის, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, ვიტამინების (B2-ის და B6-ის) მიღებამ. პროფილაქტიკის მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მედიკამენტს იღებთ, მზეზე გასვლამდე კარგად გაეცანით ინსტრუქციას, დარწმუნდით, რომ პრეპარატს არ აქვს ფოტოსენსიბილიზიური თვისებები.
დაიმახსოვრეთ: ასევე არასასურველია გარუჯვის წინ სუნამოს, ტუალეტის წყლის, კრემებისა და დეზოდორანტების გამოყენება, ვინაიდან მათში შემავალ არომატულ ზეთებს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად ასევე არასასურველი რეაქციების გამოწვევა შეუძლია.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ მზის მიმართ ალერგია, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა დაავადება, სჯობს თავიდან ავიცილოთ, ვიდრე მერე ვუმკურნალოთ. მიმართეთ პროფილაქტიკურ ხერხებს!
თუ მზით გამოწვეული ალერგიისკენ მიდრეკილი ხართ, ატარეთ მხოლოდ ნატურალური ქსოვილისგან შეკერილი სამოსი და მაქსიმალურად, შეძლებისდაგვარად დაიფარეთ ღიად დარჩენილი ადგილები. პლაჟზე გასვლამდე ან აუზზე წასვლამდე ორი კვირით ადრე დაიწყეთ კალციუმის პრეპარატების მიღება. მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ კალციუმი მხოლოდ ამცირებს მზის ალერგიის გაჩენის ალბათობას და არ გიცავთ ულტრაიისფერი სხივებისგან. ამიტომ მზისგან დამცავი კრემების გამოყენებაც მოგიწევთ. პირველ დღეებში მზეზე 15 წუთის მეტი არ გაჩერდეთ. შემდეგ ეს დრო თანდათანობით გაზარდეთ.
თუ ვერ მოახერხეთ ალერგიული რეაქციის თავიდან აცილება, მდგომარეობის გაუმჯობესებაში გარეგანი მოხმარების ანთების საწინააღმდეგო საშუალებები დაგეხმარებათ. ასევე მიიღეთ ანტიჰისტამინური პრეპარატები. მაგრამ მაინც გირჩევთ, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყოთ!
თათია ბეჟიტაშვილი