„სცენაზე რომ გავალ, ხომ დამიკრავ ტაშს ხმამაღლა?“ - შვილის მიმართვით დაიწყო მატილდა კატალიას „X ფაქტორის“ სცენაზე ასპარეზობა.
ერთი შეხედვით, მოკრძალებული, საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი, ოჯახზე ზრუნვას გადაყოლილი 44 წლის მატილდას გარდასახვამ პროექტის მაყურებელი, წამყვანები და ჟიურიც კი შოკში ჩააგდო.
მსგავსი შემთხვევები არაა უცხო „X ფაქტორისთვის“, თუმცა, მატილდას შემთხვევა განსაკუთრებული იყო. მისმა წასვლამ ჟიურის წევრებში უკმაყოფილება გამოიწვია, თითქოს პროტესტის განცდა დაუფლებოდათ, ერთმანეთს გადაუჩურჩულეს - „არ უნდა გაეშვა“...
არც ინტერნეტმომხმარებელს დაუტოვებია ეს ფაქტი უყურადღებოდ:
„სწორედ ამას ეკუთვნის გამარჯვება. ესაა იქსფაქტორი, მაგრამ... ეგღა აკლიათ! ვინმე ნებიერას, ახალგაზრდას და მათთვის მისაღებს გაამარჯვებინებენ“.
„აბა რააა. ეგ არის ნიჭიერი! აბა, კონსერვატორიაგამოვლილს და ორერას მომღერალს რომ გაუშვებ კონკურსში, ეგაა ნიჭიერი?“
მართალია, რთულია 4 საუკეთესოს ამორჩევა, როცა თითქმის თანაბარი ძალის 10 კონკურსანტი გამოდის სცენაზე, თუმცა, ვფიქრობ, მატილდა არ უნდა გამოთიშვოდა პროექტს... ძლიერი ვოკალი ხომ არაა მარტო „იქსი“? ხშირად გვესმის, რომ შინაგანი სამყარო, წლების განმავლობაში დაგროვილი და ხმაში დალექილი განცდები, ბევრად მნიშვნელოვანია... დღეს ძალიან ბევრი მღერის, ბევრი საოცარი ვოკალის მფლობელიცაა, თუმცა ყველას როდი აქვს შინაგანი სივრცე, რომელიც მას ათასობით ადამიანში გამოარჩევს...
დასაფასებელია დიდი ხნის დამალული უვარჯიშებელი ნიჭი, ხმა, ჩაკეტილი ჰარმონია, რომელიც ბოლოს ამოსკდება სულს, როგორც ლავა - ვულკანს...
ჩემი აზრით, მსგავსი პროექტები სწორედ ამისთვისაა და არა იმისთვის, რომ ცნობადი სახეები გააპიაროს და მათი სიმღერით სცენა ტკეპნოს...
და ალბათ, ბევრი იმაშიც დამეთანხმება, რომ სახალხო პროექტებში „ბექგრაუნდიც“ დიდ როლს ასრულებს, რაც მატილდას მენტორის პლუსად იქცეოდა მისი პროექტში დატოვების შემთხვევაში.
მარიამ რაქვიაშვილი