ლამაზი მამაკაცი ხშირად ხდება ქალების ოცნების საგანი... და თუ ის მსახიობიც არის და ამასთან, საყვარელი სერიალის გმირი, მაშინ მზად უნდა იყოს, რომ მისი ცხოვრება, როგორც პროფესიონალის, ასევე პირადი, საზოგადოების განსჯის საგანი გახდება.
რომანტიკული და ვნებიანი, დამოუკიდებელი და იდუმალი – ამ ეპითეტებით შეიძლება დავახასიათოთ თურქი მსახიობი, მაჰმეტ აკიფ ალაქურთი. გასაკვირი არ არის, რომ ბორანის როლის შემსრულებელმა მარტივად დაიპყრო მშვენიერი სქესის გულები მთელ მსოფლიოში და ჰოლივუდის ცნობილ სექს-სიმბოლოებსაც კი შეეჯიბრა.
მიუხედავად კარიერული წარმატებისა (მაჰმეტ აკიფ ალაქურთი მთელ მსოფლიოში მოთხოვნადი მსახიობია), მის პირად ცხოვრებაზე ბევრი არაფერია ცნობილი. ერთადერთი, რაც მაჰმეტზე შევიტყვეთ, ის არის, რომ მსახიობი აქტიური ცხოვრების წესს ეწევა, დაინტერესებულია ფსიქოლოგიით და გურმანია.
მიუხედავად იმისა, რომ ეკრანზე მას უყვარს, იტანჯება, ეჭვიანობს და საბოლოოდ ბედნიერებას ჰპოვებს, რეალურ ცხოვრებაში მას არ ჰყავს საყვარელი ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ მაჰმეტმა კარიერულ ასპარეზზე სვლა სამოდელო ბიზნესით დაიწყო. ამაში მას დედა დაეხმარა. 1989 წელი მაჰმეტ აკიფის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პერიოდი აღმოჩნდა: სწორედ ამ დროს დაიწყო მან თანამშრომლობა სააგენტო Erberk-თან და უამრავი თაყვანისმცემელი ქალი ჯერ კიდევ მაშინ შეიძინა. მომხიბვლელი, მაგრამ მოკრძალებული ახალგაზრდა იმდენად პოპულარული გახდა, რომ მალე "თურქეთის პრინცის" ტიტულის მფლობელიც გახდა.

მისი ცხოვრების შემდეგი ეტაპი – ჯარში სამსახური იყო. სამხედრო მოსამსახურის მკაცრმა რეჟიმმა ვერ შეცვალა აკიფი ვერც გარეგნობით და ვერც ფსიქოლოგიურად. 2001 წელს მაჰმეტი "თურქეთის საუკეთესო მოდელი" გახდა. იმავე წელს მან მონაწილეობა მიიღო მსოფლიო კონკურსში და "მსოფლიოს საუკეთესო მოდელის" ტიტული დაიმსახურა.
კინემატოგრაფში მოღვაწეობა მაჰმეტმა 2002 წლიდან დაიწყო. პოპულარობა მას სერიალ "სილაში" შესრულებულმა ბორანის როლმა მოუტანა.