ახლახან ერთ-ერთი ქართული არხის ეთერში ახალი თურქული სერიალი, ''მდუმარენი'' დაიწყო, რომელშიც ქართველების რჩეული თურქი მსახიობი მურატ ილდიმირი მონაწილეობს.
როგორც ჩანს, ეს მსახიობი იმდენად პოპულარულია ქართველ ქალბატონებს შორის, რომ სწორედ მისი მონაწილეობით ანიჭებენ უპირატესობას სერიალებს.
''მდუმარენი'' მოგვითხრობს ოთხი პატარა ბიჭის შესახებ, რომლებიც მცირედი, მაგრამ საბედისწერო შეცდომის შემდეგ ციხეში აღმოჩნდებიან, სადაც მათზე ყოველგვარ ძალადობას ახორციელებენ - აწამებენ, აუპატიურებენ. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მეგობრები გადაწყვეტენ, თავიანთი გზით წავიდნენ და არასდროს გაიხსენონ ის, რაც მათ ციხეში აკავშირებდათ.
თუმცა ამ ოთხ მეგობარს კვლავ მოუწევს შეხვედრა და ეს 20 წლის შემდეგ მოხდება. ერთ დღეს ისინი იგებენ ახალ ამბავს ზეკის შესახებ, რომელიც ციხეში ხვდება მამაკაცის დაჭრის გამო. სამივე მისი მეგობარი იცნობს იმ მამაკაცს და იცის, რატომ ისროლა ზეკმა. მას ციხეში კლავენ და მისმა მეგობრებმა ზუსტად იციან, ვინ დგას ამ მკვლელობის უკან. მეგობრები გადაწყვეტენ, რომ მშობლიურ ქალაქში დაბრუნდნენ. წარსულში დაბრუნებისა და შურისძიების დრო დგება.
სერიალის ორიგინალური დასახელება ასეთია - ''მდუმარების თამაშები''. სხვათა შორის, ეს სრულიად ახალი სერიალია, 2012 წლის და ''გუგლის'' მონაცემებით, ამ წელს მას ყველაზე ხშირად ეძებდნენ თურქულ სერიალებს შორის. ამ მხრივ სერიალი ტოპ-ხუთეულში შევიდა.
სერიალისთვის მუსიკა სპეციალურად კომპოზიტორმა აიტეკინ ატაშმა შექმნა, თუმცა ასევე გამოყენებულია ქურთი შემსრულებლის, აჰმეტ კაიას სიმღერებიც, რომელიც, სხვათა შორის, პოლიტიკური შეხედულებების გამო თურქეთში არ უყვართ. სერიალმა 2012-13 წლების განმავლობაში რამდენიმე სერიოზული ჯილდო აიღო, მათ შორის, როგორც საუკეთესო თურქულმა სერიალმა.
იხილეთ სრულად: reitingi.ge