დღეს "რუსთავი 2"-ის ეთერში უკვე დიდი ხნის დაანონსებული მუსიკალური შოუ "X ფაქტორი" იწყება. ამ პროექტის მაყურებელს წინ არაერთი საინტერესო ნომერი ელის. შესარჩევ ტურებს ვესწრებოდი და რამდენიმე მათგანზე წინასწარ მინდა გიამბოთ.
სტეფანეს ფავორიტი გახდა ქალი ლაბრადორით. "შენს თვალებში ვნება დავინახე" – ასე შეაფასა კონკურსანტი მუსიკოსმა. ამასობაში პროექტის წამყვანმა გეგა ფალავანდიშვილმა სცენაზე ქალბატონის გულშემატკივარი, შავი ლაბრადორი გამოიყვანა, რომელიც, როგორც გამომსვლელმა აღნიშნა, მისი ერთადერთი მეგობარი ყოფილა საქართველოში, ვინაიდან დიდი ხნის განმავლობაში სხვა ქვეყანაში მოუწია ცხოვრება. გიორგი გაბუნიამ ჩვეული სარკაზმით აღნიშნა, დიდხანს ნუ გააჩერებთ ძაღლს სცენაზე, თორემ სტეფანე მასშიც ვნებას დაინახავსო.
ვნების თემა სცენაზე "მაგთიფანელმა" ნიკა შერმაზანაშვილმა გააგრძელა. ეს სიმპათიური ბიჭი კონკურს "მისტერ ვალენტინში" მონაწილეობდა და საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდა. მისი სექსუალურობა არ გამოჰპარვია თამთა გოდუაძეს. მამაკაცები თვალს ვერ მისწორებენ და მარტო იმიტომ მომეწონე, შენ რომ ეს შეძელიო – უთხრა ჟიურის წევრმა გამომსვლელს. მომწონხართო, გამოუტყდა სიმპათიებში ნიკაც. ერთი სიტყვით, ბიჭმა სუსტი სქესის აღფრთოვანება მოახერხა.
პროექტში, გამომსვლელებთან ერთად, ჟანრიც მრავალფეროვანია: ჯაზი, ბლუზი, სოული, როკი, პოპი, რეპი და მეგრული რეპიც კი. საკუთარი სიმღერა - "მარიხუანა" შეასრულა გორელმა რეპერმა. "დილიდან დილამდა ვაბოლებ პლანს, დაბოლილი რეპერი თქვენ წინაშე დგას", - მღეროდა გორელი ბიჭი და თან ამტკიცებდა, მარიხუანა არასდროს გამისინჯავს, სიგარეტსაც კი არ ვეწევიო. სტეფანემ შეფასებისას ასეთი რამ უთხრა კონკურსანტს: მას შემდეგ, რაც მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოხდება ჩვენს ქვეყანაში, მე ჩამოვალ გორში და შენთან ერთად მოვწევ "პლანსო".
მალე სცენა დაიკავა შუახნის მამაკაცმა, რომელსაც გულზე ვარდი ჰქონდა დაბნეულმა. "ღარიბი დონჟუანი" - ასე ერქვა სიმღერას, რომელიც კონკურსანტმა კახეთიდან შეასრულა. თუ რესტორანში იმღერებ ამ სიმღერას, ღარიბი დონჟუანი აღარ იქნებიო, უთხრა გაბუნიამ. ისე მომრავლდნენ ქალი დონჟუანები, ისევ მამაკაცი დონჟუანი მირჩევნიაო, ჩაერთო საუბარში თამთა გოდუაძე. გადავიდა თუ არა "ღარიბი დონჟუანი" შემდეგ ტურში, ამას "რუსთავი 2"-ის ეთერიდან სულ მალე შეიტყობთ, მანამდე კი კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ დღეიდან ძალიან საინტერესო და მოულოდნელობებით სავსე შოუ გელით.
ნინო მჭედლიშვილი