Freaky Fortune ნიკოლას რაპტაკისისა და თეოფილოს პოუზბურისის დუეტია. ისინი "ევროვიზიაზე" საბერძნეთის სახელით მიიღებენ მონაწილეობას და მარიკო ებრალიძისა და "შინის" კონკურენტებად მოგვევლინებიან.
მომღერლები მუსიკას ადრეული ასაკიდან სწავლობდნენ. თეოფილოსი ბავშვობიდან უკრავს გიტარასა და ფორტეპიანოზე. მან მუსიკის ისტორიასა და თეორიაში ხარისხიც მოიპოვა. ხოლო ნიკოლასი დღესაც საბერძნეთის ეროვნული მუსიკალური სასწავლებლის ვოკალის ფაკულტეტის სტუდენტია. ის და თეოფილოსი სიმღერებს ერთად წერენ.
ჯგუფმა პირველი წარმატება გლობალურ ინტერნეტსივრცეში მოიპოვა, მან პერიზ ჰილტონის მიერ ორგანიზებულ ცნობილი ჰიტების შემსრულებელთა კონკურსში გაიმარჯვა. Freaky Fortune-ის Part of Me (კეიტი პერის სიმღერის ვერსია) შეფასებულ იქნა, როგორც ბერძნული დუეტის ბრწყინვალე ნამუშევარი. დედამიწაზე ყველაზე მაგარმა ბლოგერმა პერიზ ჰილტონმა მათი სახელი მუსიკალურ ინდუსტრიას გააცნო.
ამის შემდეგ ჯგუფმა კონტრაქტი გააფორმა Universal Music Greece-თან და ჩაწერა სამი წარმატებული საცეკვაო სინგლი ინგლისურ ენაზე.
RiskyKidd 19 წლის რეპერია, რომელიც ლონდონში დაიბადა და გაიზარდა. ბოლო 4 წელია, ის საბერძნეთის მოქალაქეა. RiskyKidd ცნობილი გახდა მას მერე, რაც Playmen-თან და 2005 წლის საბერძნეთის "ევროვიზიის" გამარჯვებულ ჰელენა პაპარიზუსთან ერთად შექმნა საერთაშორისო ჰიტი All Time.
Freaky Fortune და RiskyKidd მაშინ გაერთიანდნენ, როდესაც მათი სიმღერა Rise Up ჯერ კიდევ შექმნის პროცესში იყო. თეოფილოსმა და ნიკოლასმა ამ სიმღერის ტექსტი და მუსიკა დაწერეს, ხოლო RiskyKidd-მა სიმღერის გარეპილი ნაწილი შექმნა.
Rise Up სავსეა ახალგაზრდული სულისკვეთებით. ეს არის სიმღერა დაუოკებელ სურვილზე, რომ გადავლახოთ სიძნელეები და თავი დავაღწიოთ იმას, რაც ხელს გვიშლის წინსვლაში.
ყოველდღიური სიხარული, სიცოცხლე და მისი ყოველი წუთი, ღიმილი ადამიანების სახეებზე და დადებითი ემოციები გახდა ამ ახალგაზრდების შთაგონების წყარო და მათ ეს სიმღერა მიუძღვნეს ყველაზე ამაღლებულ ახალგაზრდულ მოძრაობას Rise Up-ს, რომელიც მთელ ევროპაში გავრცელდა!
"ევროვიზიის" წლევანდელი კონკურსი ამ ახალგაზრდებისთვის უნიკალური შანსია, რომ მთელ ევროპას გააცნონ საკუთარი დევიზი - Rise Up, ანუ აღვსდგეთ და გავაერთიანოთ მთელი დადებითი ენერგია მუსიკით და ნათელი მომავლის იმედით.