თუ სათაურმა შეგაშფოთათ - დამშვიდდით! თბილისის ზოოპარკში კვლავინდებურად სიმშვიდეა და მის ბინადრებს გვალვა სულაც არ ემუქრებათ.
იხილეთ ფოტოგალერეა
ეს, უბრალოდ, იმ სათავგადასავლო თამაშის სახელია, რომელიც 5 ივლისს, მედიის წარმომადგენლებისთვის თბილისის ზოოპარკის ხელმძღვანელობამ და თოკების ატრაქციონმა - activity-მ გამართა.
როგორც კი ამ მედიატურნირის შესახებ შევიტყვე, მაშინვე ჟურნალ "და ქალის" სახელით დავრეგისტრირდი და შაბათს, თორმეტის ნახევარზე დანიშნულების ადგილზე - თოკების პარკში გამოვცხადდი.
თამაში იმაზე საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ორგანიზატორებმა მედიისა და პრესის წარმომადგენელი ჟურნალისტები და ოპერატორები ხუთ გუნდად გადაანაწილეს. თითო გუნდში შვიდი მონაწილე მოვხვდით.
ყოველ გუნდს განსხვავებული ფერის ყელსახვევები დაგვირიგდა: - ყვითელი, მწვანე, შავი, სალათისფერი და ლურჯი. მე შავი ფერი შემხვდა და ჩემს გუნდს შევუერთდი, რომელსაც სახელად "ღამურები" დავარქვით.
თამაშის მიზანი - სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვით, რაც შეიძლება მეტი რაოდენობის წყლის მოგროვება იყო, რომელიც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. პირველ ტურში მონაწილეებს მთელი ზოოპარკის ტერიტორიაზე მინიშნებების პოვნა და თავსატეხების ამოხსნა მოგვიწია.
ამოცანას თავი პირველ ტურში ყველაზე სწრაფად შავებმა გავართვით, ზოოპარკს ღამურებივით შემოვუფრინეთ და დანიშნულების ადგილზე ყველაზე ადრე დავბრუნდით. შემდეგ ტურში, გიგანტურ თხილამურებზე შემდგრებს, სავსე წყლის ჭიქები ფინიშამდე რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიგვეტანა.
მომდევნო ტურში - წყლით სავსე ჭიქები გარკვეული მანძილიდან უნდა გვესროლა და სათლში ჩაგვეყარა. შემდეგ ავაწყვეთ ბამბუკის კონსტრუქცია, რის მეშვეობითაც წყალი სათლამდე მივიყვანეთ.
თვალახვეულებმა ვიმოგზაურეთ თოკების ატრაქციონზე და ჭიქა წყლით ხელში გადავლახეთ თოკების დაბრკოლებები, რომლებიც შვიდ მეტრ სიმაღლეზე იყო გადაჭიმული.
ტურნირმა მთელი დღე გასტანა. დაღლილობის მიუხედავად, მონაწილეები თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობდით. ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები ძალიან მალე დავმეგობრდით და შესანიშნავად გავერთეთ.
ტურნირის დასასრულ, გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. პირველი ადგილი ყვითლებმა დაიკავეს, ხოლო "ღამურები" მეორე ადგილზე გავედით. წვალებით მოგროვებული წყალი ცხოველებს დავალევინეთ.
მედიატურნირის ორგანიზატორებმა საჩუქრებითაც გაგვანებივრეს და კომპანია "ბარამბოს" შოკოლადები, "ორიფლეიმის" სუვენირები, ჭიქები ზოოპარკისგან და "ავერსის" მიერ დაწესებული პრიზებით დაგვასაჩუქრეს.
როგორც მოგეხსენებათ, თბილისის ზოოპარკი საკმაოდ ხშირად მართავს მსგავს სახალისო აქტივობებს. ვისაც თავგადასავლები და გართობა გიყვართ, აუცილებლად ეწვიეთ თოკების ატრაქციონ activity-ს, ისიამოვნეთ და მიიღეთ დაუვიწყარი შეგრძნებები.
თეა ინასარიძე