ჰანს დე ბორსტი "ბოინგ 777"-ის კატასტროფის დროს გარდაცვლილი 17 წლის გოგონას, ელენ ელსიმიკის მამაა.
ტრაგედიის შემდეგ მან ღია წერილი დაწერა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით: "დიდი მადლობა თქვენ, ვლადიმერ პუტინ, სეპარატისტების ლიდერებო და უკრაინის მთავრობავ, ჩემი საყვარელი და ერთადერთი გოგონას, ელსემიკის მოკვლისთვის.
ის 17 წლის იყო და სურდა, არქიტექტორი გამხდარიყო. ჯენტლმენებო, იმედი მაქვს, ამაყობთ, რომ მოკალით ახალგაზრდა სიცოცხლე და რომ ხვალ კვლავ შეძლებთ სარკეში ჩახედვას. ვიმედოვნებ, რომ ეს გზავნილი თქვენამდე მოვა და როგორც ინტელექტუალი ადამიანები, შეძლებთ მის ინგლისურად წაკითხვას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. საუკეთესო სურვილებით, ელსემიკ ჰანს დე ბორსტის მამა, რომლის სიცოცხლეც განადგურდა", - წერს დე ბორსტი.
როგორც ცნობილია, 17 წლის გოგონა ელსემიკი დედასთან, ძმასთან და მამინაცვალთან ერთად არდადეგებზე ამსტერდამიდან მალაიზიაში მიფრინავდა. გამწარებული მამის წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტში. ერთ-ერთი კომენტარის ავტორი წერს: "საინტერესოა, როგორ ხასიათზე დადგებოდა პუტინი, თუკი სეპარატისტები ფორსზოტენში (Voorschoten, ქალაქი ჰააგასთან ახლოს), სადაც მისი ქალიშვილი ცხოვრობს, მის სიცოცხლეს ხელყოფდნენ?"
შეგახსენებთ, მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 298 ადამიანი იმყოფებოდა, 17 ივლისს დონეცკთან კატასტროფა განიცადა. ტრაგედიისას არავინ გადარჩენილა.
მასალის წყარო: people.com