ავსტრალიელმა წყვილმა, რომელთა სამი შვილი "ბოინგ 777"-ის კატასტროფაში დაიღუპა, გააკეთა განცხადება, რომლითაც უკრაინას, პოლიტიკოსებს, მედიას, მეგობრებსა და ნათესავებს მიმართა.
ენტონი მესლინმა და მერაიტ ნორისმა, რომელთაც ერთ დღეს დაკარგეს ბაბუა ნიკი და სამი შვილი – 12 წლის მო, 10 წლის ევი და 8 წლის ოტისი, თავიანთ ტკივილზე ისაუბრეს:
"ჩვენ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ. ჩვენი შვილები ჩვენთან აღარ არიან. ამ საშინელებით უნდა ვიცხოვროთ ჩვენი დარჩენილი ცხოვრების ყოველი დღე... არავინ იმსახურებს იმას, რაც ჩვენ დაგვატყდა თავს. ისინიც კი, ვინც ჩვენი ოჯახი გაანადგურა... არ არსებობს ამქვეყნად ისეთი სიძლიერის სიძულვილი, როგორიც ჩვენი სიყვარულია ჩვენი შვილების - მოს, ევისა და ოტისის მიმართ; არ არსებობს იმ ძალის სიძულვილი, როგორიც ჩვენი სიყვარულია ბაბუა ნიკის მიმართ; არ არსებობს იმდენად ძლიერი სიძულვილი, როგორიც ჩვენი სიყვარულია ერთმანეთის მიმართ. ეს არის ის, რაც ჩვენ დღეს გვანუგეშებს" – აკეთებს მშობლების ციტირებას გაზეთი The Sydney Morning Herald-ი.
ასევე, წყვილმა მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდში უდგანან და იზიარებენ მათ მწუხარებას:
"ჩვენი სიცოცხლე დამთავრდა. ამიტომაც ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ ეს შანსი, რათა მადლობა გადავუხადოთ ყველას, ჩვენს არაჩვეულებრივ მეგობრებს, ოჯახს, საზოგადოებას და ყველას ვუთხრათ, რომ ძალიან გვიყვარხართ" - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, მესლინების ოჯახმა მიმართა ჟურნალისტებს:
"მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ვთხოვთ, პატივი სცენ ჩვენს ტკივილს - ეს არ არის სიუჟეტი" – ნათქვამია განცხადებაში.