ჰოლივუდის მსახიობს, ანჯელინა ჯოლის საკვერცხეები და საშვილოსნოს მილები ამოაჭრეს. ამის შესახებ ენჯიმ The New York Times-ს განუცხადა.
"მინდა, რომ რისკის ჯგუფში მყოფმა სხვა ქალებმაც დაიცვან თავი" – დაწერა ჯოლიმ გამოცემის საკუთარ სვეტში.
მსახიობის სიტყვებით, ეს არ არის რთული ოპერაცია, თუმცა მისი შედეგები სერიოზულია, რადგან მსგავსი ქირურგიული ჩარევის შემდეგ ქალებს მენოპაუზა ეწყებათ.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩანაცვლებით ჰორმონათერაპიას გავდივარ, მე ახლა მენოპაუზის სტადიაში ვიმყოფები. ამის შემდეგ ვეღარ შევძლებ, ვიყოლიო შვილები და გარკვეულ ფიზიკურ ცვლილებებსაც ველოდები", - განაცხადა ჯოლიმ.
მისივე თქმით, ოპერაციის მთავარი მიზეზი მსახიობის გენეტიკური ფონი გახდა - ჯოლის დედა, დეიდა და ბებია სარძევე ჯირკვლებისა და საშვილოსნოს ონკოდაავადებით გარდაიცვალნენ. თანამედროვე ტესტების მეშვეობით მედიკოსებმა შეძლეს დაედგინათ, რომ ჯოლისაც მსგავსი დაავადებების განვითარების რისკი აქვს: მაგალითად, მკერდის კიბოსკენ მიდრეკილება მსახიობს დედისგან ერგო. ამიტომაც ექიმებმა 39 წლის ჯოლის მკერდისა და საკვერცხეების მოკვეთა ურჩიეს.
ჯოლიმ 2013 წელს მართლაც გაიკეთა სარძევე ჯირკვლების ოპერაცია, რითაც 87-პროცენტიანი შანსი, რომ განვითარებოდა მკერდის კიბო, 5 პროცენტამდე დაიყვანა. ახლა კი, ექიმების რჩევითვე, საკვერცხეების ამოჭრით მან საშვილოსნოს კიბოს განვითარების 50%-იანი რისკი შეიმცირა.
შეგახსენებთ, რომ ჯოლისა და პიტს, რომლებიც 2014 წელს დაქორწინდნენ, სამი საკუთარი და სამი აყვანილი შვილი ჰყავთ. როგორც დასავლური პრესა იუწყება, წყვილმა სირიელი ობოლი ბავშვების შვილად აყვანაც გადაწყვიტა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დასტურდება.