2014 წლის მსოფლიო რბენაში თამარ გელაშვილმა საქართველოში მეოთხე შედეგი აჩვენა - პირველი ადგილი შარშან, კახეთში გამართულ მსოფლიო რბენაში უცხოელ მორბენლებს ერგოთ.
თუმცა, "რადისონ ბლუს" თანამშრომელი ქართველ ქალბატონებს შორის პირველი აღმოჩნდა.
თამარი წელსაც სერიოზულად ემზადება მსოფლიო რბენაში მონაწილეობისთვის და ახალბედა მორბენლებს თავის გამოცდილებას უზიარებს.
- როგორ ემზადები 3 მაისის რბენისთვის?
- როდესაც შეჯიბრებისთვის ვემზადები, ყოველდღიურად 15-18 კმ-ს დავრბივარ. ასევე, სპეციალურ ვარჯიშებს ვაკეთებ, რომლებიც გამძლეობასა და ფიზიკურ მომზადებაში მეხმარება. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი კვება, რაც ხელს მიწყობს, მუდამ ფორმაში ვიყო.
- რისი გათვალისწინება არის აუცილებელი გრძელ დისტანციაზე სირბილის დროს?
- დამწყებ მორბენლებს ვურჩევდი, რომ ვარჯიში მოკლე მანძილით დაიწყონ და ყოველკვირეულად გაზარდონ კილომეტრაჟი, რათა თავიდან აიცილონ ტრავმები. ასევე, დალიონ დღეში 2 ლიტრამდე წყალი, განსაკუთრებით, ცხელ ამინდში ვარჯიშისას.
- კონკრეტული მანძილი თუ გაქვს დასახული, რომლის გარბენაც წელს გინდა?
- დიდი სურვილი მაქვს, რომ 3 მაისს 30 კმ გზის დასაფარავად ვიყო მზად.
- შენი საკუთარი გუნდის ჩამოყალიბებას ხომ არ აპირებ?
- გასულ წელს Radisson BLU Iveria-ს სახელით ვმონაწილეობდი, რომლის გუნდიც BLU Running Team 40-მდე მორბენლისგან შედგება. წელსაც ამავე გუნდთან ერთად ვირბენ.
- რას ეტყოდი მათ, ვისაც ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რბენაში მონაწილეობის მიღება? შენ რატომ გადაწყვიტე მონაწილეობა?
- ვეტყოდი, რომ შევუერთდეთ მსოფლიოს და ერთად გავხდეთ ქველმოქმედები.
- გამარჯვების შემთხვევაში, სად წახვიდოდი სარბენად შემდეგ წელს?
- დიდ ბრიტანეთში.