მსახიობი კოტე თოლორდავა მოსკოვიდან თბილისში ჩამოასვენეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან იუწყება, ტერმინალ "ლასარესთან", საიდანაც მსახიობი გამოასვენეს, მეგობრები, ნათესავები და კოლეგები იმყოფებოდნენ. აეროპორტში იმყოფებოდა კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილიც.
"ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვუყურებ, კოტეს ამდენი თაყვანისმცემელი ჰყოლია. ვფიქრობ, რაც იცხოვრა, საკმაო კვალი დატოვა თავისი შემოქმედებით. ღმერთმა გაანათლოს, სადაც არის", - განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა.
აეროპორტიდან კოტე თოლორდავას ცხედარი წყნეთის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.
კოტე თოლორდავას პანაშვიდი წყნეთის ქუჩაზე ხვალ, 16:00 საათიდან დაიწყება. მიცვალებულს კვირას დილით ქაშვეთის ტაძრის ქვედა სართულზე გადაასვენებენ. 13:00 საათიდან სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყება, კვირას, 15:00 საათზე კი გარდაცვლილს ტაძრიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
მსახიობი მოსკოვში გარდაიცვალა.