18 აპრილს გაზეთ "კვირის პალიტრას" 20 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით, "ვარდების ბაღში" რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.
ჰოლდინგში გაერთიანებული ყველა მედიასაშუალება აღმაშენებლის #73-ში იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ "პალიტრა მედიის" ნებისმიერი ჟურნალი და გაზეთი უფასოდ მიეღოთ.
განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო გამომცემლობა "პალიტრა L"-ის სტენდთან, სადაც 2 ათასზე მეტი დასახელების წიგნი იყო წარმოდგენილი. მათ დიდ ნაწილზე 50%-მდე ფასდაკლება გავრცელდა.
1936 წელს გამოშვებული ბრენდირებული ავტომობილი BMW და საკუთარი გამოცემები ჰქონდა წარმოდგენილი ჟურნალ "ავტობილდს". ბრენდირებულ მანქანასთან მსურველები ფოტოებს იღებდნენ.
ჟურნალმა "არსენალმა" გამოფინა საზენიტო ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება, რომელიც დამთვალიერებელს ტირში მონაწილეობასაც სთავაზობდა. მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ სნაიპერული შაშხანით ესროლათ.
ჟურნალ "და ქალის" სტენდთან ქალბატონებს სილამაზის ცენტრ "ნატალის" პროფესიონალმა ვიზაჟისტებმა მაკიაჟი გაუკეთეს. რა თქმა უნდა, აქ ქალბატონების უზარმაზარი რიგი იდგა... არა მარტო ქალბატონების, არამედ პატარა გოგონებისაც. რომლებსაც ვიზაჟისტებმა გული არ დაწყვიტეს და მხიარული, ბავშვური ნახატებით მოუხატეს სახეები.
გამოფენის ყველაზე ქალურ კუთხეში, ყველაზე ქალურ ბანერთან უამრავი ქალბატონი პოზირებდა. თუმცა, ერთი საინტერესო ფაქტი დავაფიქსირეთ - უამრავი მამაკაცი ინტერესდებოდა ჟურნალით "... და ქალი".. როგორც ჩანს, მისი სლოგანი "აკრძალული საკითხავი მამაკაცებისთვის" უფრო მომხიბვლელი და დამაინტრიგებელი სწორედ ძლიერი სქესისთვის არის.
რამდენიმე ტიპის საინტერესო აქტივობა მიმდინარეობდა ბავშვებისათვის. "ვარდების ბაღში" იმყოფებოდნენ ანიმატორები, რომლებიც პატარების გართობაზე ზრუნავდნენ. მათ "საბავშვო კარუსელები" და ბუშტები დაურიგდათ.
სპორტულ გამოცემა "ლელოს" სტენდთან კი საგანგებოდ მოწყობილ ფეხბურთის კარში ბავშვები ბურთს თამაშობდნენ.
"ბიბლუსის" სტენდთან მოთავსებული იყო იტალიური ბრენდის CI Gusta კაფეს პატარა ანალოგი, სადაც იტალიური ნაყინი და ყავა სპეციალურ ფასად იყიდებოდა.
პრესისა და წიგნების გამოწერის კომპანია elva.ge-ს საგამოფენო სივრცეში კი Newspaper არტის თემაზე მხატვარ ზურაბ ბალანჩივაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. აღნიშნული ნამუშევრები გაზეთის ფაქტურით არის შესრულებული.
"ელვა" მსურველებს სპეციალურ ფასად საიუბილეო გამოწერის ბარათის შევსებასა და მთელი წელი სასურველი გამოცემის სახლში მიტანის სერვისს სთავაზობდა. საგანგებო შემოთავაზება გააჩნდა "ვარდების ბაღის" სტუმრებისთვის Readers Land-საც.
რადიო "პალიტრა" კი მსმენელებს ცხელი ჰიტების ნაკრებს სიდი დისკის სახით უფასოდ ურიგებდა.
დამთვალიერებლებს "პალიტრა მედიის" სტენდთან ფოტოების გადაღების და ინსტაგრამზე ატვირთვის საშუალებაც ჰქონდათ, რის შემდეგაც საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში მათი ფოტოები იბეჭდებოდა და უფასოდ რიგდებოდა.
"ვარდების ბაღში" იოანე არაბულის ბენდის კონცერტიც გაიმართა.
სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ გამოცემა ილუსტრირებული ისტორიის ავტორს, ჯაბა სამუშიას და მწერალ ტორესა მოსს, რომლებიც მკითხველს საკუთარ წიგნებზე ავტოგრაფებ უტოვებდნენ. 20 წლის წინ, 1995 წლის 18 აპრილს, გაზეთ "კვირის პალიტრის" პირველი ნომერი გამოვიდა.