საქართველოში რომ მხოლოდ ქართულ ხორცს არ მიირთმევენ, ეს არახალია. ქვეყანაში ხორცპროდუქტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გაყინული შემოდის, შემდეგ აქ სპეციალურ მაცივრებში საწყობდება და რეალიზდება.
Ambebi.ge დაინტერესდა, რა სტანდარტებს უნდა იცავდნენ ხორცპროდუქტების იმპორტირებისას, რათა ხალხმა ჯანსაღი პროდუქტი მიიღოს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე Ambebi.ge-სთან საუბრისას რამდენიმე მნიშვნელოვან სტანდარტს გამოჰყოფს, რომელიც მრავალ წესს აერთიანებს. ამ სტანდარტებს შორის აღსანიშნავია, პირველ რიგში, ცხოველის შესწავლის აუცილებლობა და იმის დადგენა, რამდენად ვარგისი და სასარგებლო იქნება ამ ცხოველის ხორცი. მისივე თქმით, ხორცპროდუქტებთან მუშაობის დროს აუცილებლად უნდა იყოს დაცული ჰიგიენასთან დაკავშირებული სტანდარტები, ასევე, შენახვის პირობები და ტემპერატურული რეჟიმები როგორც ტრანსპორტირების, ასევე დასაწყობების დროს.
იმპორტირების დროს ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა რომ ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნებას აქვს, ამის შესახებ "მომხმარებელი.გე"-ს წარმომადგენელი ლია თოდუაც საუბრობს:
"მთავარი პრობლემა, რაც საქართველოს გაყინულ ხორცთან დაკავშირებით აქვს, ეს არის მისი შენახვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის მინუს 28 გრადუსი, რომელზეც ღრმად გაიყინა და შემოვიდა, შენარჩუნდეს. არათუ გალღობა, ამ ტემპერატურის მოძრაობაც არ შეიძლება. როგორც კი ტემპერატურის ოდნავ აწევა ხდება, გარდა იმისა, რომ ხარისხი ფუჭდება, მიკრობები მრავლდება. მაგალითად, ლისტერია", - აღნიშნავს ლია თოდუა.
შენახვის დროს ტემპერატურული რეჟიმის დარღვევისას ხორცპროდუქტები არათუ უსარგებლო, არამედ ჯანმრთელობისთვის საშიში ხდება.
იხილეთ სტატია სრულად: Ambebi.ge