ორი ახალგაზრდა შემსრულებელი გახდა ძირითადი პრეტენდენტი კინოლეგენდად ქცეულ ელიზაბეტ ტეილორზე გადასაღებ ფილმში მთავარი როლისთვის.
წლის ერთ-ერთი მთავარი კინოინტრიგის ირგვლივ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი: იმის შესახებ, რომ მე-20 საუკუნის ლეგენდარული კინოდივას ცხოვრებაზე ფილმს გადაიღებენ, ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში გახდა ცნობილი. მას შემდეგ გამოცანად რჩება, ვინ შეასრულებს მთავარი გმირის - ელიზაბეტ ტეილორის როლს.
ახალი წლის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ როლზე უდიდესი სურვილი გამოთქვა სკანდალურმა ლინდსეი ლოჰანმა. მსახიობმა, რომელმაც ახლახანს დაასრულა მუშაობა პროვოკაციულ Playboy-სთვის გამართულ ფოტოსესიაზე, სასწრაფოდ მიაკითხა ფილმის - "ელიზაბეტი და რიჩარდი: სიყვარულის ისტორია" - პროდიუსერებს და მთავარ როლზე თავისი კანდიდატურა შესთავაზა.
პროდიუსერები გადაწყვეტილების მიღებას ჩქარობენ, რადგან როლისთვის სხვა კანდიდატურებიც ჰყავთ შეგულებული. ტეილორის როლზე პრეტენდენტთა შორის არის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სექსაპილური ლამაზმანი - მეგან ფოქსი.
აღსანიშნავია, რომ ფილმის პროდიუსერებმა თავად შესთვაზეს 25 წლის ფოქსს ეს როლი. "ტრანსფორმერების" ვარსკვლავი სურათის შემქმნელებთან უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებს. პროდიუსერებს კი გადაწყვეტილების მიღება მალე მოუწევთ, რადგან ფილმის გადაღებები ამ გაზაფხულს უნდა დაიწყოს.