ისინი, ვინც ალბერტ აინშტაინს სიცოცხლეში პირადად იცნობდნენ, ვარაუდობდნენ, რომ ფიზიკოსი მხოლოდ მეცნიერებით იყო გატაცებული და პატიოსნად ცხოვრობდა.
თავად ფარდობითობის თეორიის ავტორი კი მიიჩნევდა, რომ ქორწინება ადამიანურ ბუნებას ეწინააღმდეგება.
ცნება "ერთგულება" მისთვის საერთოდ არ არსებობდა. ცოლის ქალიშვილთან იწვა, თავისი კოლეგების ცოლებს ეარშიყებოდა, არავითარ მორალურ ნორმას არ აღიარებდა.
მისი პირველი ცოლი მილევა მარიჩი ტანდაბალი იყო, არც სახე უვარგოდა, კოჭლობდა კიდეც. "რა იპოვა მასში?" - გაკვირვებას ვერ მალავდნენ აინშტაინის მეგობრები. მათი გაგება მართლაც შეიძლებოდა: 24 წლის ალბერტი ძალიან სიმპათიური იყო, მაგრამ არასდროს ეძებდა ქალებს.
მისი მორიგი სიყვარულის ობიექტი ის ქალი ხდებოდა, ვინც მის ახლოს აღმოჩნდებოდა. იმ ტექნიკუმში, სადაც გენიოსი სწავლობდა, მილევას გარდა, ქალი არ იყო. ჰოდა, ცოლად შეირთო. თანაც, ამ სერბ ქალს თურმე მათემატიკა კარგად ესმოდა.
ოფიციალურ ქორწინებამდე მილევასთან რამდენიმე წელი იცხოვრა, თუმცა საბრალო ქალს მაშინვე უწევდა რჩეულის გაყოფა სხვა ქალებთან. ერთი მათგანი იყო მარი ვინტელერი, ძველბერძნულის მასწავლებლის შვილი კატონალის სკოლაში, სადაც ალბერტი 1895 წელს სწავლობდა. მილევასთან ერთად მცხოვრები აინშტაინი თურმე ჩვევას ვერ ღალატობდა და თავის ნივთებს გასარეცხად კვლავ მარის აძლევდა.
თითოეულ შეყვარებულს ფიზიკოსი მგზნებარე ლექსებს უძღვნიდა. ასე იქცეოდა სიბერემდე - ქალების გულების დაპყრობას ლირიკული მიძღვნებით იწყებდა.
მარიჩმა მეცნიერს ქალიშვილი და ორი ვაჟი გაუჩინა. აინშტაინი მათთვის კარგი მამა იყო, თუმცა 16-წლიანი ქორწინების მერე მაინც გაეყარა. მილევამ ქმრის ღალატს ვერ გაუძლო - აინშტაინი ყველა ქალს უახლოვდებოდა, ვინც მის გვერდით აღმოჩნდებოდა.
ცნობილი ფიზიკოსი გიჟდებოდა თავისი მოახლის უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდებაზე - სააბაზანოდან გამოსული ხალათს არ იკრავდა, თავის ეზოში საცვლის გარეშე ირუჯებოდა და თუ სიახლოვეს ქალბატონს დაინახავდა, წამოხტებოდა და ურცხვად ესალმებოდა.
აინშტაინის მეორე ცოლი მისი ბიძაშვილი ელზა ლოვენტალი იყო, მასზე სამი წლით უფროსი, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავდა. თავდაპირველად ფიზიკოსი არა თავის ბიძაშვილზე, არამედ მის უფროს ქალიშვილ ილზეზე აპირებდა დაქორწინებას.
მისადმი სექსუალურ ლტოლვას განიცდიდა. შემონახულია ილზესადმი მიწერილი ბარათი, რომელშიც მამინაცვალი მას სიყვარულში უტყდება. თუმცა ილზემ უარი უთხრა.
თავდაპირველად მეორე ცოლი ახერხებდა მის მოთოკვას, ფულსაც კი უმალავდა, რომ საყვარლები რესტორანში არ წაეყვანა. თუმცა ქალები თავად იხდიდნენ ფულს. ფარდობითობის თეორიამ აინშტაინს მსოფლიო დიდება მოუტანა და მისი მიზიდულობის ძალაც გაზარდა.
ელზას სხვა გზა არ დარჩა, შეეგუა იმას, რომ მის ქმარს უამრავი საყვარელი ჰყავდა. ღამით შინაც მიჰყავდა ქალები და ელზა სკანდალების გარეშე მარტო წვებოდა დასაძინებლად. უფრო მეტიც - დილით ყავასაც კი მიართმევდა საწოლში.
ჭორაობდნენ, რომ ალბერტი არა მხოლოდ ელზასა და ილზეს, არამედ უმცროსი გერის - მარგოს სარეცელსაც იზიარებდა. უფროსი დისა და დედის გარდაცვალების შემდეგ მარგო ქმარს გაეყარა და აინშტაინთან ერთად ცხოვრობდა, საზღვარგარეთულ ტურნეებშიც თან ახლდა და წვეულებებზეც.
თუმცა ისიც ცნობილია, რომ იმავდროულად ალბერტი მეძავების მომსახურებითაც სარგებლობდა.
1935 წელს პრინსტონის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, სადაც აინშტაინი მუშაობდა, მისი რელიეფური პორტრეტი შეუკვეთა მოქანდაკე სერგეი კონენკოვს, რომელიც იმ დროს თავის ცოლ მარგარიტასთან ერთად ცხოვრობდა ნიუ იორკში.
მარგარიტასა და ალბერტის რომანი ათ წელს გაგრძელდა. აინშტაინი ვერ ხვდებოდა, რომ მისი რუსი შეყვარებული სპეცდავალებას ასრულებდა. მოსკოვში კმაყოფილი დარჩნენ მისი მუშაობით.
აინშტაინის უკანასკნელი სიყვარული ჯოანა ფანტოვა იყო - 76 წლის ასაკიდან სიკვდილამდე აინშტაინს მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.
ფიზიკოსის ბიოგრაფის, იანოშ პლეშის ცნობით, აინშტაინს უფრო მეტად ჭუჭყიანი და პრიმიტიული ქალები უყვარდა. პლეში იმასაც იხსენებდა, უკვე ასაკოვანი აინშტაინი როგორ აღეგზნო, როცა ცომის მზელავი ახალგაზრდა გაოფლიანებული გოგონა დაინახა.
მოამზადა ლელა ზურებიანმა
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)