1994 წლის "მის მსოფლიო", მომღერალი, მოდელი და ბოლივუდისა და ჰოლივუდის ვარსკვლავი - ყველა ამ ტიტულმა აიშვარია რაი ინდოეთის ყველაზე ცნობილ და პატივსაცემ ქალად აქცია.
და არა მარტო ინდოეთის, თვით ჯულია რობერტსმაც მას -მსოფლიოს ულამაზესი ქალი უწოდა. მაგრამ ვარსკვლავობასაც აქვს მეორე მხარე...
7 თვის წინ ბოლივუდის მსახიობების -აიშვარია რაისა და აბიშეკ ბაჩანის - ოჯახში ბავშვი დაიბადა. გასული წლის ნოემბერში აიშვარიამ გოგონა გააჩინა. როგორც ყველა ქალი, მშობიარობის მერე აიშვარიაც ძალიან გასუქდა, მაგრამ მსახიობმა განაცხადა, რომ გახდომას არ ჩქარობს.
თავდაპირველად ყველა აღფრთოვანდა - რა კარგია, აიშვარიას სურს, რომ თავი მთლიანად ბავშვს მიუძღვნას და არა სხეულსო, მაგრამ ვარსკვლავის თაყვანისმცემლების დამოკიდებულება თანდათან შეიცვალა.
ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა ყოფილი "მის მსოფლიო" ავტომობილის უკანა სავარძელზე მჯდომი და არც ისე მომხიბვლელ ფორმაში დააფიქსირეს. მას მოზრდილი ღაბაბი, წაშლილი სახე და უფორმო სხეული ჰქონდა. ფოტომ საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია.
ინდოელი პატრიოტები სერიოზულად არიან შეშფოთებულები თავიანთი კერპის გარეგნული ცვლილებით. აიშვარიას ოფიციალურ საიტზე ნაციონალური მნიშვნელობის არასახუმარო დებატებია გამართული: აქვს თუ არა უფლება ცნობილ ადამიანს, ასე გამოიყურებოდეს.
ერთნი მსახიობს ბრალს სდებენ, რომ მან ინდურ კინემატოგრაფს სერიოზული დარტყმა მიაყენა და ურჩევენ, სასწრაფოდ ჩადგეს ფორმაში. მაგალითად კი ვიქტორია ბექჰემი და ანჯელინა ჯოლი მოჰყავთ, რომლებიც რამდენიმე მშობიარობის მერეც შესაშურ ფორმაში არიან.
მეორენი კი ამტკიცებენ, რომ აიშვარიას დაბრუნება ჩვეულ ფორმაში - მისი პირადი პრობლემა კი არა, ქვეყნის წინაშე ვალდებულებაა. ასევე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მსახიობის ყველა მოძრაობას სპილოს ხმიანობა აფორმებს: რგოლს 500 ათასი მნახველი ჰყავდა.
მიუხედავად იმისა, რომ "თავდამსხმელების" რაოდენობა ბევრად მეტი იყო, აიშვარიას დამცველებიც გამოუჩნდნენ. "ის ნამდვილი ქალია, რომელსაც ყველაზე მეტად შვილი უყვარს. მოდი, მის ჯანმრთელობასა და ბედნიერებაზე ვიფიქროთ.
თუ აიშვარია დიეტაზე დაჯდება, ბავშვიც მშიერი იქნება." - ამბობენ მსახიობის მომხრეები. "აიშვარია - ქალღმერთია. ის სილამაზის ეტალონია. ალბათ, ამიტომაც არის, რომ ინდოეთი რაღაც მომენტში არ პატიობს მას, რომ, თუნდაც დროებით, სრულყოფილი აღარ არის.
დღეს სხვა სტანდარტებია -იდეალურად ითვლებიან ანჯელინა ჯოლი და ვიქტორია ბექჰემი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი (ინდოელი) ქალების აღნაგობა განსხვავებულია, მათ თეძოები აქვთ და უფრო მრგვალი ფორმები. ამიტომაც აიშვარიასთვის მშობიარობიდან 2 კვირაში გახდომა ცოტა რთული იქნება, ეს დასავლელების პრეროგატივაა", - წერს New York Daily News-ის ჟურნალისტი შობხა დე.
"ინდოეთში ორი კულტია - დედობა და კინო... ამ შემთხვევაში ეს ორი ფენომენი ერთმანეთს "დაეჯახა". ხალხი დაიბნა, აღარ იცის, რომელი მხარე დაიკავოს", - თქვა თავის გამოსვლაში კინოს პროფესორმა შოხინო გოშმა.