ფოტოგრაფიის გამოგონების დღიდან ადამიანი იღვწის, ფოტოს ხარისხი გააუმჯობესოს. მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან, პროგრამა Photoshop-ის გამოჩენიდან, სარეკლამო ინდუსტრიაში ფოტოების დამუშავების ხელოვნებამ წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწია: იდეალურ სურათებში თითქმის აღარაფერი რჩება რეალურიდან.
დღეს ვარსკვლავები და ფოტოშოპი - მსოფლიო ქსელის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა. ადამიანები დაიღალნენ თავსმოხვეული და სინამდვილესთან შეუსაბამო სილამაზის ეტალონების ყურებით.
რამდენიც გინდა ისარგებლე სასწაულმოქმედი კრემით, ცელულიტი მაინც სახეზეა. მოდელების უნაკლო თეძოები მიუწვდომელ იდეალად რჩება, თავში კი ცუდი აზრები ჩნდება: მე რაღა მჭირს?..
დასავლეთში არსებობს საყოველთაო კავშირებიც, რომლებიც მომხმარებელს ”ფოტოშოპის გავლენისგან” იცავენ. ასე მაგალითად, გასული წლის ზაფხულში ორგანიზაციამ რეკლამის სტანდარტირების დარგში Advertising Standards Authority L’Oreal-ს აუკრძალა ჯულია რობერტსისა და კრისტი ტარლინგტონის მონაწილეობით სარეკლამო კამპანიის ჩატარება.
ვარსკვლავები ტონალური კრემის რეკლამას აკეთებდნენ და მარკეტოლოგების დიდი მონდომებით, მათი კანი ფოტოებზე ზედმეტად უნაკლოდ გამოიყურებოდა.
თავად ვარსკვლავები ფოტოების დამუშავებას ხსნიან, როგორც ”წარმოების აუცილებლობას”. საკუთარ ფოტოებს ფოტოშოპის გარეშე სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებენ ბრიტნი სპირსი, მადონა, კეიტ ჰადსონი, კიმ კარდაშიანი და სხვები.
აი, დემი მური კი უკვე რამდენჯერმე აღმოჩნდა ”ფოტოშოპური” სკანდალების ეპიცენტრში. თავად მსახიობი ყოველთვის მრავალმნიშვნელოვნად დუმდა ამ შემთხვევების დროს, ბრენდები და გამოცემები კი, რომლებიც დემის საკუთარ სახედ ირჩევდნენ, ერთხმად აღიარებდნენ, რომ ”თითქმის” არ შეხებიან ფოტოებს, რადგან ”დემი ისედაც მშვენიერია”. ასე იყო, მაგალითად, Helena Rubenstein-ის სარეკლამო კამპანიის შემთხვევაში ამა წლის გაზაფხულზე.
და როცა W Magazine Korea-ს 2010 წლის ნომრის ყდაზე დაბეჭდილი დემი მურის ფოტო გახდა განსჯის საგანი, სადაც დემის თეძოები ქალიშვილისას ჰგავდა, მსახიობს "ტვიტერში" მოუხდა თავის მართლება.
საზოგადოება აღშფოთებული იყო, რადგან ჩათვალა, რომ ჟურნალის ყდაზე დემის სახეს პოლონელი სუპერმოდელის, ანი რუბიკის ტანი ჰქონდა მიერთებული. ”ნუ აძლევთ უფლებას ჭორიკნებს, სისულელეები ილაპარაკონ - შეადარეთ სხვა ფოტოები და ყდა და თქვენ დარწმუნდებით, რომ ჩემს თეძოებს ფოტოშოპი არ შეხებია. ეს, უბრალოდ, მოძრაობის ეფექტია.
ნუთუ ვერც ერთი თქვენგანი ვერ ამჩნევს ამას?” - წერდა მაშინ მსახიობი, მაგრამ ვერაფრის დამტკიცება ვერ შეძლო, რადგან არსებობს რუბიკის ფოტო, სადაც ის იგივე პოზასა და სამოსშია გადაღებული.
ფოტოშოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ”მსხვერპლი” გახლავთ... ტომ კრუზის ექს-ცოლი კეტი ჰოლმსი. კომპიუტერული გამოსახულების დამწყები და გამოცდილი ოსტატები არ მალავენ და ხმამაღლა მსჯელობენ იმაზე, კეტის სხეულისა და სახის რომელ ნაწილებზე ”იმუშავეს” ყველაზე მეტად.
აი, რას ფიქრობენ ფოტოშოპის შესახებ თავად ვარსკვლავები:
კრისტენ სტიუარტი: ”არ მინდა ადამიანების მოტყუება უზადო სილამაზეზე შეთხზული მითებით, ის არ არსებობს. მირჩევნია, ცუდად გამოვიდე ფოტოზე, მირჩევნია ვიღაცას არ მოეწონოს ჩემი სტილი - მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და არ ვაპირებ სიმართლის გლამურულ არარაობად გადაქცევას”.
კირა ნაიტლი: ”ძალიან მეცინება და მაღიზიანებს, რომ ფილმების უმეტეს პოსტერსა თუ სარეკლამო პლაკატზე მკერდს ”მიზრდიან”. ამასთან, არავინ მეკითხება, მინდა თუ არა, რომ ასე იყოს!”
სინდი კროუფორდი: ”როცა კარიერას ის-ის იყო ვიწყებდი, ჩემი აგენტი მაიძულებდა, კლინიკაში წავსულიყავი და ტუჩს ზემოთ ხალი მომეცილებინა. როცა უარი ვთქვი, რაღაც დროის მანძილზე ხალს ფოტოებზე ფოტოშოპის მეშვეობით მიქრობდნენ.
და როცა მოვითხოვე, რომ ასე არ გაეკეთებინათ, არავინ მომისმინა - შედეგად, ჩვენ საქმიანი კონტრაქტი გავწყვიტეთ. არ ვთვლი ხალს გარეგნულ ნაკლად, პირიქით - ეს მშვენიერია... დრომ აჩვენა, რომ მართალი ვიყავი!”
ლედი გაგა: ”ხელოვნებაში, როგორც მუსიკაში, ბევრი სიმართლეა, მაგრამ ბევრი ტყუილიც. მშვენიერი ტყუილის მარცვალი - ის არის, რაც მეც მჭირდება და ჩემს თაყვანისმცემლებსაც”.
კეიტ უინსლეტი: ”არ ვარ ფოტოშოპის მომხრე - არ მინდა, ვინმე მოვატყუო, რომ მე ქალი-სრულყოფილება ვარ. მირჩევნია ვიყო ბუნებრივი და ცოცხალი, ჩემი მშობლებისა და ბუნების შვილი, ვიდრე ფოტოზე გამოჭიმული გლამურული თოჯინა. ჟურნალის რედაქტორებს ყოველთვის ვთხოვ, არ დაამუშაონ ჩემი ფოტოები. ამქვეყნად ისედაც ცოტაა ბუნებრივი სილამაზე!”