”X ფაქტორის” ეთერში გასვლის დღიდან, მაყურებლის უკმაყოფილება გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით არ ცხრება.
ჟიურის წევრმა დამცინავი იმიჯი მოირგო, რამაც საზოგადოება გააღიზიანა. ერთ დროს მარინა ბერიძის დამცინავი ტონი რომ არ მოსწონდათ, ჟიურის რიგებს იმიტომაც ჩამოაშორეს. საინტერესოა, გიორგი გაბუნიას რა ბედი ელის, თუმცა შოუსთვის ახლა ხმაური მომგებიანი და რეიტინგულია.
მოკლედ, გიორგი გაბუნიას სოციალურ ქსელში იმდენი გამკრიტიკებელი გამოუჩნდა, რომ მგონი, ერთადერთი იყო ნიკოლოზ რაჭველი, რომელიც გიორგის გამოექომაგა: "მე არ მიყურებია გადაცემისთვის, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ გიოს უკულტურობა გამოევლინა. თუ უკმაყოფილება გაჩნდა, ეს უფრო ფორმატის პრინციპების შედეგი იქნება, ჟიურის ერთ-ერთი წევრი უნდა იყოს, წესით, ცოტა ირონიულ-კრეატიული და ალბათ ეს მოარგეს გიოს! მაგრამ დამერწმუნეთ, მართლაც შესანიშნავი ადამიანია და ძალიან მიყვარს".
ნიკოლოზ რაჭველის მიერ სოციალური ქსელით გაკეთებულ კომენტარს კიდევ ახალი ტალღა მოჰყვა. "თქვენ სხვა დონის და შინაგანი კულტურის ადამიანი ხართ, არ გიყურებიათ, თორემ ასე არ იტყოდით", - წერს ხალხი.
ნიკოლოზ რაჭველი: "იცით, ძალიან მწყვეტს გულს ამდენი უარყოფითი ემოცია და სიტყვები, რასაც ქართველები ასე გამეტებით ვიმეტებთ ერთმანეთის მისამართით. პატარა ერი ვართ და გულდასაწყვეტი იქნება, თუ არ გავუფრთხილდებით ერთმანეთს, თუ არ გავამხნევებთ ერთმანეთს და კრიტიკულ შენიშვნასაც კეთილი რჩევის ფორმას არ მივცემთ...
სამოქალაქო ომი მარტო ერთმანეთისთვის ტყვიების სროლა არ არის, ჩემთვის სამოქალაქო ომს ჰგავს სოციალურ ქსელში ერთმანეთის მისამართით გამეტებული უარყოფითი სიტყვები, რომლებიც ზოგჯერ ტყვიასავით მტკივნეულია. აბა, დაფიქრდნენ ადამიანები და წარმოიდგინონ, რომ ამ სიტყვებს ისინი საკუთარ შვილებზე კითხულობდნენ ან მათი მშობლები მათზე...
არ მიყვარს მენტორული ტონი ჩემს საუბარში, მაგრამ ძალიან მინდა, რომ უკეთესები გავხდეთ და ამას ერთმანეთის სიყვარულით, გატანით, თანადგომით და ჯანსაღი, კეთილგანწყობილი კრიტიკით შევძლებთ და არამც და არამც ბოროტებით, შურით, ლანძღვით და შეურაცხყოფით..."
ეკა ჩიკვაიძე