რამდენიმე დღის წინ შარდენზე, ერთ-ერთ პაბში აღმოვჩნდი, სადაც ერთი საათის განმავლობაში ზუსტად ორმა სხვადასხვა, ჩემთვის და ერთმანეთისთვისაც უცხო გოგონამ მიიქცია ყურადღება - ორივე მათგანს აფრიკული ნაწნავები ჰქონდა - სხვადასხვა ფერში.
გამეღიმა. რას იზამ, ცნობიერება ასოციაციებითაა სავსე, მით უმეტეს, როცა ასეთი ცხადი მაგალითები გაქვს თვალწინ.
მერე, სახლში მისული, "ფეისბუქზე" ჩემს ნიუსფიდს ჩავუყევი და სტეფანე მღებრიშვილის პოსტს წავაწყდი:
"თამთა გოდუაძე, შენ არამარტო ათენში შემოგაქვს მოდა… ჩემს ნიუსფიდს რომ ჩამოყევი, უკვე ბევრ ჩემს ნაცნობს აფრიკული ნაწნავები აქვს… გილოცავ, ყველაზე მძიმედ თბილისი ეგება ტენდენციებს, მაგრამ თუ წამოეგო… მტერს…"
სტეფანეს პოსტზე "ფეისბუქის" მომხმარებლებმა, მეტი თვალსაჩინოებისთვის, აფრიკულნაწნავებიანი თბილისელი გოგონების ცხელ-ცხელი ფოტოები დაურთეს.
დიახ, ფაქტია, რომ თბილისი ტენდენციას წამოეგო - ინსპირაცია კი თამთა გოდუაძე აღმოჩნდა.
"იქს ფაქტორის" ჟიურის ექსტრავაგანტური წევრი, თამთა გოდუაძე, 13 წლის მერე საქართველოში სპეციალურად პროექტისთვის დაბრუნდა და საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქცია არა მხოლოდ გოგონების ნაწილი, არამედ ქართველი სელებრითებიც.
თამთას განსხვავებული იმიჯი და თამამი ჩაცმულობა მუდმივად იყო და არის საბერძნეთის (და არა მხოლოდ!) მედიის (და არა მხოლოდ!) განხილვის თემა. მასზე წერენ და ლაპარაკობენ ბევრს. თუმცა ის, რაც ჩვენს ქვეყანაში მოხდა, შეუძლებელია, არ შენიშნო, არ აღნიშნო და არ გაგეღიმოს.
თბილისის ქუჩებში (და არა მხოლოდ!) მომრავლდნენ აფრიკულნაწნავებიანი გოგონები. უფრო მეტიც, "კიკინები" ქართველმა სელებრითებმაც მოიხდინეს. მათი იმიჯის რადიკალური ცვლილება უცნაურად ემთხვევა თამთას ამავე ვარცხნილობით გამოჩენას.
აფრიკული ნაწნავები საკმაოდ რთულად გასაკეთებელია. ის ძალიან დიდ დროს, მშვიდ ნერვებს და დიდ თანხებს მოითხოვს. ვარცხნილობის გაკეთება თბილისის რამდენიმე სალონშია შესაძლებელი და მისი ღირებულება 500 ლარიდან იწყება.
ცნობისთვის, რამდენიმე პრესტიჟულ სალონში შევიარეთ და აღმოვაჩინეთ, რომ გოგონების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციას დამატებითი კადრის დაქირავება მოუხდა - აფრიკული ნაწნავების სპეციალისტები თბილისში ყოველდღიურად უფრო და უფრო მოთხოვნადები ხდებიან.
ამ ეტაპზე თამთას მსგავსი იმიჯით ნანიკო ხაზარაძე და ნინა სუბლატი გამოჩნდნენ. უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან უხდებათ, განსაკუთრებით - თამთაზე არანაკლებ ეპატაჟურ და ექსტრავაგანტურ სუბლატს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თბილისური სილამაზის სალონები, მიუხედავად ვარცხნილობის მაღალი ფასისა, ტექნოლოგიურად ჯერ სათანადოდ არ არის დახვეწილი.
ნინა სუბლატი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ ნაწნავები ძალიან ცუდად გაუკეთეს და გოგონებს ურჩევს, ჯერ თავის კანი გამოიკვლიონ და შემდეგ მიიღონ ეს გადაწყვეტილება.
ასე რომ, ვიდრე თამთას "კიკინებს" წამოეგებით, საკუთარ იმიჯს სამსჯავროზე ნუ გაიტანთ - თქვენზე აუცილებლად ილაპარაკებენ, რომ ტენდენციას აყოლილი ხართ. და თუ განსხვავებულობის ამბიცია არ გაქვთ, მაშინ თამამად შეგიძლიათ გაერიოთ მოდურ, "კიკინებიან" მოძრაობაში.