"ფაქტობრივად, ყოველ შაბათ-კვირას ქორწილში ვარ "ფეისბუქზე". იბედნიერეთ, ხალხნოოოო!"
"ფეისბუქი" და მისი კნინობითი ფორმები "ფბ", "ფეისი" დღეს საქართველოში ყველაზე მოდური სიტყვებია. მოდური რა, ყოველდღიურად მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ათჯერ მაინც იყენებს ამ უკვე გაცვეთილ სიტყვებს.
"ფეისბუქით" ინგრევა ოჯახები, იქმნება კიდეც... თუ გაუმართლათ, ქორწინებიდან ერთ თვეში, თუ არადა, მეორე-მესამე თვეს მაინც ვხედავთ მათი პირმშოს ჩანასახის ფოტოებს სოციალურ ქსელში. შემდეგ მუცელი იზრდება, ერთ დღეს სამშობიაროდან დაჩექინდებიან და ეგ არის... უკვე თამამად შეგვიძლია ამქვეყნად მოვლენილი პატარას ყოველდღიურობას თვალი ვადევნოთ.
აუცილებელი არ არის, გაინტერესებდეთ, მაგრამ თუ ხუთი ახალბედა და თან აქტიური დედა მაინც გყავთ მეგობრებში, ეს თქვენდაუნებურად გამოგივათ.
მოკლედ, დღეს მსოფლიოს მოსახლეობის დიდ ნაწილს სოციალური ქსელის გარეშე ცხოვრება აღარ შეუძლია და ამ კუთხით გამონაკლისები არც ქართველები აღმოვჩნდით. გარდა ჩვეულებრივი მოკვდავებისა, ვისაც ნათესავების, თანამშრომლების, მეზობლების და ძველი კლასელ-კურსელების გარდა არავინ გვიცნობს, აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელს ცნობილი სახეებიც.
მაგალითად, ნანუკა ჟორჟოლიანის შესახებ თუ რამე სიახლის გაგება გინდათ, თავისუფლად შეგიძლიათ მისი "ფეისბუქის" პირად გვერდზეც შეისეირნოთ და იმასაც კი გაიგებთ, რომ ჟურნალისტის მეორე შვილის პირველმა ძიძამ იმშობიარა. თინა მახარაძის გვერდზე კი ამჯერად უკვე ნაკლებად ნახავთ სიშიშვლეს ან სტატუსებს ორალურ სექსზე, ბოლო დროს თინა პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება.
თიკო სადუნიშვილი, ნინა წკრიალაშვილი, ნინი ბადურაშვილი და სხვა ცნობილი სახეები აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელს საკუთარი აზრებისა და შეხედულებების დასაფიქსირებლად. ზოგიერთი მათგანი წელზევით შიშვლდება, ზოგიც სხეულის სხვადასხვა ნაწილს აჩენს. მოკლედ, სოციალური ქსელი იდეალური საშუალება აღმოჩნდა ვარსკვლავების როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად გასაშიშვლებლად.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, "და ქალის" ყოველ ნომერში ერთი ცნობილი სახე ამოვარჩიოთ და ერთი თვის განმავლობაში დაწერილი სტატუსები დღიურად შემოგთავაზოთ. რადგან სექტემბერი კრიმინალური და პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან მძიმე აღმოჩნდა, გადავწყვიტეთ, ყველაზე მხიარული და ენამოსწრებული პერსონა, რუსთაველის თეატრის მსახიობი – ნიკა ქაცარიძე აგვერჩია.
ნიკა ყოველდღიურად აქტიურობს "ფეისბუქზე". დედის წყალობით, თითქმის ყველა ყვითელ თუ სერიოზულ ჟურნალ-გაზეთში გამოქვეყნებული სტატიების სათაურები მაინც იცის და, რაც მთავარია, ამაზე და ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე შეუძლია კარგად იხუმროს.
მისი სტატუსები სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია და უამრავი მოწონება აქვს.
მაშ ასე, თქვენ წინაშეა ნიკა ქაცარიძის "ფეისბუქის" ერთი თვის დღიური.
3 სექტემბერი
"აი, ის გოგონები, ვარსკვლავების სურათებს რომ დებენ "ფეისბუქზე" მხოლოდ იმიტომ, რომ ჰგონიათ, თავად გვანან"...
"ნინა წკრიალაშვილი საზოგადოებას მიმართავს, მალე ვანო მერაბიშვილს დაუჩოქებთ, მეძახეთ გიჟი, მკიდია... – ნინა, რატომ წკრიალებ? – მომეჩვენა თუ წკრიალებ. არა, იქნებ მე მგონია, რომ წკრიალებ. თუ წკრიალებ, ნუ წკრიალებ. არ არის ახლა შენი წკრიალი აუცილებელი. ჰოდა, ნუ წკრიალებ..."
5 სექტემბერი
"დღეს ვარ პუსკა! რაღაცნაირი, ისეთი საყვარელი ძაღლები რომ არიან. ფუმფულები და ქათქათები. დაჭყეტილი თვალებით. როდის უნდა დამთავრდეს ჩემი ტაკიმასხარაობა "ფეისბუქზე"? დღეს პირველი რეპეტიცია მაქვს და განწყობას ვიქმნი. ნინა წკრიალაშვილის გენიალური ფრაზის ციტირებას მოვახდენ, მიძახეთ ახლა გიჟი, მკიდია... როგორი დახვეწილი ლექსიკაა არა? როგორი მრავლისმომცველი და როგორ უხდება აქაურობას."
"გურამას ცოლმა, გორელმა მანანამაც გამოთქვა აღშფოთება და შეშფოთება მკვლელობებთან დაკავშირებით. დედაჩემთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბატონ გურამს ეუბნება, დაეგდოს სახლში და გარეთ ფეხი არ გაადგას. პარალელურ რეჟიმში მე, რასაკვირველია, ვფიქრობ, ნეტა გაადგას. ნეტა გაადგას და ვინმემ ჩატკიცოს მაინც სომხურ ტაკოებზე.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქე გურამა ჩემი ჩათლახი მეზობელია, რომელიც ვიზუალურად ჰგავს მხატვარ ლადო გუდიაშვილის კინტოს, ერთი-ერთში. დაახლოებით მიხვდებით, რა ჩამოსხმაცაა. ჰო, "კუკლა", გამოკეტე გურამა სახლში კალდერონის სეხისმუნდოსავით, არ გაცივდეს."
13 სექტემბერი
"რუსთაველზე, მებაღე მოხუც კაცს ვუყურებდი და რაღაცნაირად, მებაღეობა მომინდა. ვერა ვარ კარგად ეს დღეებია."
14 სექტემბერი
"სამოთხეში მოსახვედრად მორწმუნეობა არაა საჭირო – ამბობს რომის პაპი. – აი, სულ ვიცოდი, რომ 72 000-დოლარიანი "პრადოს ჯიპია" აუცილებელი და ერთი წველა ყველი ზესტაფონელებისგან. კახელებს ღვინო შევაწეროთ და ასე შევგუგუნდებით სასუფეველში ხარაგაულის გავლით."
"დღეს დილას რომ გავიღვიძე და სარკეში ჩავიხედე, მომეჩვენა, რომ აშკარად "ყველაზე ლამაზებში" ვარ დასამატებელი. გვერდია აქ ეგეთი და მაგარი "ნიხვატკა" მაქვს, რომ არ მიმატებენ. მთელი საჯიშე "საგრუზინეთია" და მე რიჟა რომ ვარ, ასე უნდა დამჩაგრონ? თან ჩემი დახვეწილობა, კლასიკური სახის ნაკვთები და სიყვარული უფრო და უფრო ძლიერდება და იზრდება ასფურცელასავით..."
15 სექტემბერი
დღეს ქალაქში საცობები, იცით, რატომ იყო? ცხრაას სამოცი ათას ტუჩებდაპრუწულ დედას მიჰყავდა შვილი პირველად სკოლაში. როგორც წესი, ბავშვებზე მეტად ხომ დედა ნერვიულობს ხოლმე ამ დღესასწაულზე. "თანამედროვე" დედა - კიდევ უფრო. თმა, მაკიაჟი, პედიკიური, მანიკიური, ქუსლიანი, უქუსლო, გრძელი, მოკლე - რომელი? რომელი? - ისმოდა განწირული სულის კივილი ეზოებიდან, კორპუსებიდან, კერძო სახლებიდან, ვაკიდან, ვერიდან, საბურთალოდან და, თქვენ წარმოიდგინეთ, გლდანის ბოლოდანაც კი. ფრთხილად იარეთ კაცებო! სწავლა დაიწყო და რომელიმე დანევროზებულმა დედამ არ მოგარჭოთ ახალი ნომერი უკანალში დილაადრიან. ლიკუნამ ან თიკუნამ, მაგალითად."
"შეიძლება "ო სოლე მიოს" გენიალურ იტალიურ მუსიკას და სიმღერას რაღაც ჩიპსის რეკლამაში ქართული ტექსტი დაადო და იმღერო? - შეშლილი წიწაკა და ჭირი თქვენ:)"
16 სექტემბერი
კუპალნიკზე გოგონებს რაღაც "ფოჩო-ფოჩოები" რომ კიდიათ ზევით–ქვევით და ალაგ–ალაგ მშვიდობაში, ეგ მაგარი "მოდნი" თემაა ხომ? რა ვიცი, ბებიაჩემ ნინას ჰქონდა ზუსტად მასეთი "ფოჩო-ფოჩოები" ბალიშებზე. ვაი, თქვენ წაგიღოთ წყალმა ერთ დღეს. საკალლები..."
18 სექტემბერი
"გიგა ტაბიძეს სიყვარული "ფეისბუქით" ეწვია – და მარტო გიგას? - გოჩას, თოკას, ანის, მარის, გეგას, ბექას, ლიკას, თიკას, დათოს, დოდოს, ლანას, ანას. ეს საიტი კი არა, ფაქტობრივად, ქორწინების სახლია. აქედან იწყება საკურთხევლამდე მიმავალი გზა! აქ იღებს სათავეს კამკამა ნამი, რომელიც ვნებებით სავსე ნაკადულად გადაიქცევა.
აქ იბადება და დგინდება ქორწილის კაბის ესკიზები. აქ ცხვება წინასწარ საქორწინო ტორტის ფოტოასლები. მე, ფაქტობრივად, ყოველ შაბათ-კვირას ქორწილში ვარ "ფეისბუქზე." იბედნიერეთ ხალხნოოოო!"
18 სექტემბერი
"ზუგდიდში იმყოფება "კანონიერი ქურდების" ერთ-ერთი წარმომადგენელი, ზურა დგებუაძე, სენაკში - "კანონიერი ქურდი" მერაბ მზარელუა, იგივე "დუ იაქე", აბაშაში - გოჩა კარანაძე, იგივე "იაქიჩა", ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან ცნობილი გალელი "კანონიერი ქურდები" - გია მეფორია და გელა ქარდავა, ასევე, მათ შორის - გია ზარანდია, იგივე გია გალსკი. - მე კიდევ ვზივარ აქ ვორონცოვზე და აბაზანის ონკანს ვაკეთებ, რომელიც იყიდა ნელიმ (ნიკას დედა. ავტ.) და ჩინური აღმოჩნდა. ჩინელებს რომ ონკანი მორჩებათ, ის მე გამომადგება? მეტი არაა ჩემი მტერი."
19 სექტემბერი
"რას უნდა ველოდოთ "აიფონ 6"-სგან? – რას უნდა ველოდოთ და მოხარშულ წაბლს "ზმეიკით" - აი, მე გეტყვით: ბანკის ვალებს, გაძვალტყავებას, დეპრესიას, კოშმარულ სიზმრებს, დაქვესკნელებას და დასამარებას. ზოგადად, სამში გრძელს თავის მეტაფორული განმარტებით."აიფონ 6" აკლდა ამ ჩადეპრესირებულ ქალაქს და მეტიჩარა "გრუზინებს"? თქვენ არაფერი გეშველოთ, მეტი არაა ჩემი მტერი."
"ნინი ბადურაშვილი: "მე და ჩემმა ყოფილმა ქმარმა ურთიერთობები დავალაგეთ" – ნინი, "პროსტა" გოგო, როგორ ვნერვიულობდიიიი... შენ "პროსტა" არ იცოდი, ნუუ..."
"ჯანჯაფილის გასახდომი კოქტეილებიო, წონაში დაკლება კოსმიური სისწრაფითო - მინუს 20 კგ თვეშიო. გადასარევი კოქტეილებია, მაგრამ ეს ჯანჯაფილი რა ოხრობაა, ვერ გავიგე. სად შეიძლება მოვიპოვო, იცის ვინმემ?"
21 სექტემბერი
"დები იყოფიან ორ კატეგორიად:
1 უმცროსი
2 ტირანი.
22 სექტემბერი
"დღეს განსაკუთრებული დღეა ჩემთვის. ვისთვის არა, მაგრამ ღვთისმშობლობაა და მამას დაბადების დღე. ამ დღეს რომ კაცი დაიბადები და თან მამაჩემისნაირი, წესით, კი უნდა შესულიყო ფაეტონით სასუფეველში. არ მიყვარს ხოლმე "ფეისბუქით" მიმართვები და სალოცავი სიტყვების გაგზავნა მიცვალებულებისთვის იმ სამყაროში. თანაც, მეეჭვება ახლა დავითიჩმა ეს წაიკითხოს, დღევანდელ დღეს მაინც. ისე, ცოცხალი რომ ყოფილიყო, ჩავიკრავდი ჯიგრულად, როგორც გვეკადრებოდა ხოლმე. ეჰ, მომიწევს ნელისთან და მის "პადრუგებთან" ერთად ბჟუტური..."
მოამზადა ნინო კანდელაკმა
ჟურნალი "და ქალი"
(ოქტომბრის ნომერი)