რა თავისებურებები და უცნაურობები აქვთ ქისტურ ოჯახებს, ამის შესახებ ადგილობრივი ქისტები გვიამბობენ.
ლია მარგოშვილი, ქისტი, პანკისის ხეობის მკვიდრი:
- როგორც კი სკოლა დავამთავრე, მომიტაცეს. თუ ბიჭს გოგო მოეწონება, მოტაცება ჩვეულებრივი მოვლენაა. თუ გოგოს არ უნდა და საქმროსთან არ დარჩა, მისი წასვლის შემთხვევაში, ბიჭის გვარის ყველა წარმომადგენელი ''ფეხზე დადგება'', რადგან ქალის პროტესტი მათ დაწუნებასა და სირცხვილს ნიშნავს. ამიტომ, უყვარს თუ არ უყვარს, მაინც უნდა დარჩეს, საერთო საქმისთვის ასე ჯობია.
- პატარძალი როგორ იქცევა?
- მას გარკვეული ხნის განმავლობაში მორიდება მართებს ქმრის ნათესავებთან ურთიერთობაში. რამდენიმე დღე საერთოდ არ ლაპარაკობს. თუ დედამთილი ან ქმრის რომელიმე ნათესავი პატარძლის ''ალაპარაკებას'' მოისურვებს, უნდა უთხრას: წყალი მომიტანეო. როცა დავალებას შეასრულებს, ყურში ეტყვის, მე თუ არ დაგაფასე, ღმერთმა დაგაფასოსო. ამის შემდეგ ჯერ იმასთან შეუძლია ლაპარაკი, ვისაც წყალი მიუტანა, შემდეგ კი თანდათან ''ქმარეულებშიც'' შინაურდება.
- ეს ტრადიციები დღემდე მოქმედებს?
- რა თქმა უნდა, ყველა ახალმოყვანილი ქისტი პატარძალი ვალდებულია, ასე მოიქცეს.
- სიძეც ასე იქცევა, თუ ის უფრო თამამია ''ცოლეულებში''?
- არა, უფრო თამამია, თუმცა რაღაც შეზღუდვები მისთვისაც არსებობს.
- როგორც ვიცი, ქისტ მამაკაცს რამდენიმე ცოლის ყოლის უფლება აქვს...
- დიახ, შეუძლია ერთდროულად ოთხი ცოლი ჰყავდეს, თუ მათი შენახვის მატერიალური საშუალება აქვს. მათ შორის, განათხოვარი და გამოშორებული ქალის მოყვანის უფლებაც აქვთ.
- ოთხივე ცოლი ერთ სახლში ჰყავს თუ ცალ-ცალკე?
- ვის როგორც შეუძლია. ჩემს ახლობელს ჰყავს ოთხი ცოლი, ოთხივე ერთ სახლში.
- ცოლებს ერთმანეთში როგორი ურთიერთობა აქვთ?
- ძალიან კარგი, თბილი და ყურადღებიანნი არიან ერთმანეთის მიმართ. შეიძლება გულში სხვა აზრი ჰქონდეთ, მაგრამ არ გამოამჟღავნებენ, ეს ცუდი საქციელია. ერთმანეთის შვილებსაც კარგად ექცევიან. ქმრის პატივისცემით ეგუებიან მის დანარჩენ ცოლებსაც. რა ვქნათ, ეს ხომ ტრადიციაა.
- აქ რამდენიმე ქალბატონს გავესაუბრე და აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა ქმრის სახლიდან წამოსულია. მკაცრი ტრადიციების მიუხედავად, ოჯახები ხშირად ინგრევა?
- იცით, თუ ცოლ-ქმარი ვერ ეგუება ერთმანეთს, არც ერთი არ არის ვალდებული, მთელი ცხოვრება ასეთი ადამიანის გვერდით გაატაროს. როგორც ეს თქვენთან, ქართველებში ხდება. თუმცა თავისი ნებით ქალს არ შეუძლია წამოვიდეს.
მამაკაცს თუ არ უნდა ცოლთან ცხოვრება, მას მოჰყავს მშობლები სახლში და მიზეზსაც უხსნის. და კიდევ ერთი, მანდილს მხოლოდ გათხოვილი ქალი ატარებს. თუ ის წამოვიდა ქმრის ოჯახიდან, არ არის ვალდებული, მანდილით იაროს. მე მეუღლე გარდაცვლილი მყავს, მისი სახლიდან წამოსული ვარ, მაგრამ მის პატივსაცემად თავშიშველა სიარულს ვერიდები.
- ოჯახში ქალს რა ევალება?
- ყველაფერი - სახლის მოვლა, ბავშვების აღზრდა, ქმრის პატრონობა, ყანა, ბოსტანი, ცხვრის მოწველა, საჭმლის მომზადება...
- მამაკაცი რას აკეთებს?
- მას კაცური საქმეების კეთება ევალება: შეშას ჩეხავს, ცხვარს უვლის, ოღონდ არ წველის და თუ სადმე მუშაობს, ოჯახში ფულიც მან უნდა შემოიტანოს.