უნაკლო და იდეალური მამაკაცები არ არსებობენ. ეს იცის ნებისმიერმა ქალმა, ვისაც პრინცებისა და რაინდების დინოზავრებთან ერთად გადაშენების პრეცენდენტში ეჭვი არ ეპარება.
ვერძი
ვერძი მამაკაცი ფიცხი, მოუთმენელი და საშინლად ინფანტილურია. მას დაუღალავად სჯერა, რომ ამქვეყნად ყველაზე უკეთ შეუძლია ნებისმიერი საქმის კეთება, ამიტომ მისი "მტკივნეული წერტილი" თავმოყვარეობაზე გადის. დიახ, დიახ ვერძი კაცი "გაჭედვას" მაშინ იწყებს, როცა მას ვინმე პროფესიულ თავმოყვარეობაზე ეხება. ზუსტად აქ იწყება მისი "ისტერიკა". ამ ადამიანს შეუძლია, მთელი სული და გული ჩადოს საქმეში, რომელიც უყვარს და ამ დროს სრულიად დაივიწყოს, რომ სახლში საყვარელი ქალი ელოდება და დღითი დღე ნერვები ეშლება გამზადებული კერძის არაერთგზის გაცხელებით. თუ ეს ქალი ცხონებული დედა ტერეზას რეინკარნაცია არ გახლავთ ამ ცხოვრებაში, ერთ დღეს მას აუცილებლად ამოუვა ყელში ვერძის უყურადღებობა და ბავშვური მიდგომა ზოგადად პასუხისმგებლობის საკითხის მიმართ. შესაბამისად, ჩემოდანს სწრაფი ტემპით ჩაალაგებს და რომელიმე უფრო სტაბილურ პარტნიორთან გადაბარგდება.
კურო
კუროს ყველაზე დიდი ნაკლი ალბათ სიზანტე და კომფორტის გადამეტებული სიყვარულია. პრინციპში ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს ფული და მისი შოვნაც არანაკლებად უყვართ, მაგრამ ამ ფულს კურო, როგორც წესი, იმიტომ გამოიმუშავებს, რომ ისევ ოჯახს და საყვარელ ადამიანებს მოახმაროს. თუმცა კუროებსაც ტოვებენ საყვარელი ქალები, ძირითადად იმ მიზეზით, რომ მათ გვერდით ყოფნა ზოგჯერ ძალიან მოსაწყენი ხდება. მისი მონოტონური სახლი-სამსახური-სამსახური-სახლი, კვირაში ერთხელ "დივანის დღე" (შაბათი) და "ლუდის დღე" (კვირა) შეიძლება ბუნებით აქტიური ადამიანისთვის აუტანელ რუტინად იქცეს. მით უმეტეს, თუკი პარტნიორი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელია, იგი ისე მიატოვებს კუროს ეს უკანასკნელი, ალბათ ყველაზე ბოლოს გაიგებს ამ ფაქტის შესახებ და როცა გაიგებს, კიდევ დიდხანს არ დაიჯერებს.
ტყუპი
მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება მიატოვოს ქალმა ტყუპი მამაკაცი უამრავია. თუმცა ამ მიზეზების მიუხედავად ამ ქარიზმატულ ხულიგანზე შეყვარებული სუსტი სქესის წარმომადგენლები დიდი ხნის მანძილზე პატიობენ მას ათასგვარი სახის უგვან საქციელს, სანამ საბოლოოდ ყელში არ ამოუვათ მისი ქცევა და იმ დასკვნამდე არ მივლენ, რომ ეს კაცი არასოდეს შეიცვლება. ტყუპის ნაკლოვანებების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა მაინც შევეცდები რამდენიმე მათგანი მოვიყვანო "ნივთმტკიცებად" – გამუდმებით ცვალებადი განწყობა, დაუღალავი ლაქლაქის სიყვარული, არაპროგნოზირებადობა, მუდმივი სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ და პასუხისმგებლობების აბსოლუტური უგულვებელყოფა. კიდევ გავაგრძელო? მგონი საკმარისია ეს ნუსხა საიმისოდ, რომ ქალმა ასეთი კაცის გვერდით გაჩერება ხანგრძლივი დროით უბრალოდ ვეღარ აიტანოს. მართალია, მასთან არასოდეს მოიწყენ და იგი ამ ქვეყნად ნებისმიერ პრობლემას, მათ შორის თქვენი და მისი სამუდამო დაშორების საკითხს იუმორით განიხილავს, მაგრამ ყოველთვის ხომ არ ეცინება ადამიანს?
კირჩხიბი
აი, თუ მართლა გაინტერესებთ, რას წარმოადგენს მთელი თავისი სისავსით ე.წ. " მამაკაცური ისტერიკა" კირჩხიბთან გააბით რომანი, მერე კი უგზო-უკვლოდ მიატოვეთ. კიბო მამაკაცები მართალია ძალიან მზრუნველები არიან, მაგრამ მხოლოდ მათ აქვთ განსაკუთრებული უნარი თავისი ამ ზრუნვით სულის ხუთვამდე მიიყვანონ ადამიანი. კირჩხიბი იშვიათი მესაკუთრე და ეჭვიანი ნატურაა. ამიტომ თუ ერთხელ მაინც წამოგცდათ, რომ სამარადჟამოდ მისი ხართ და იგი კუბოს კარამდე გეყვარებათ, მერწმუნეთ, აზრის შეცვლის შემთხვევაში ამ კარის დიზაინზე თავად თქვენი ყოფილი კირჩხიბი იზრუნებს. კირჩხიბის აუტანელ თვისებებს შორის შედის წუწუნი, ფსევდო-დეპრესიული მდგომარეობა (როცა სინამდვილეში ცუდად კი არ არის, უბრალოდ დაყვავება და მოფერება სჭირდება თქვენგან), სიძუნწე – რატომ უნდა ხარჯოს "მაკდონალდსის" უხარისხო საკვებში ფული, როცა არსებობს ფეშენებელური რესტორნები, სადაც თვეში ერთხელ თუ არა წელიწადში ერთხელ მაინც მოახერხებთ წასვლას და ნორმალურ კერძებს დააგემოვნებთ. არადა, ხომ ხდება ხანდახან კაცს "მაკდონალდსის" ფრი ურჩევნია მდიდრული რესტორნის კუს სუპს, მაგრამ კირჩხიბის გადარწმუნება ამაოა. შესაბამისად, თუ მის მიტოვებას გადაწყვეტეთ, ცოტა ხნით მაინც, იმ მოტივით, რომ თქვენს ჭკუაზე მოკალათდეთ "მაკდონალდსში" საყვარელი ბიგ-მაკის საჭმელად, მოგიწევთ შეცვალოთ არამარტო ტელეფონის ნომერი, არამედ სამსახური და საცხოვრებელი მისამართიც. სხვა შემთხვევაში მამაკაცური ისტერიკის მთელ სერიალს ნახავთ.
ლომი
მამაკაცი ლომის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მას თავი დაბადებიდან იმპერატორად ან სულ მცირე, მეფედ წარმოუდგენია. შესაბამისად, თუ იმ ქალების რიცხვს განეკუთვნებით, ვისაც ჩადრის ტარება და რევერანსის კეთება ეხერხება ან ეხალისება, მაშინ როგორმე აიტანთ სახლში "საოჯახო ტირანს", თუმცა თანამედროვე და დამოუკიდებელი ქალი სავარაუდოდ მოკლე ხანში აორთქლდება ლომური ისტერიკის გამოვლინების პირველივე სიმპტომებზე ამ მამაკაცის ცხოვრებიდან. თქვენ მეკითხებით, კონკრეტულად რა დროს არის მოსალოდნელი ზემოხსენებული ისტერიკა? ამის პროგნოზირება ფაქტობრივად შეუძლებელია, იმიტომ რომ ცუნამი ნებისმიერ დროს შეიძლება დაგატყდეთ თავზე. მაგალითად, მაშინ, როცა აბაზანაში კომფორტულად მოკალათებული ნებივრობთ, ის კი უკვე მეორე შეტყობინებას გწერთ და ამაოდ ელის თქვენგან პასუხს, ამასობაში კი ნერვიულობისგან თმა თანდათან უხუჭუჭდება. პრინციპში, ლომების უმრავლესობას ისედაც ტალღოვანი თმა აქვს. თუმცა მიმიხვდით ალბათ გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამს. მოკლედ, თუკი თავს მორჩილი ქალების სიაში მოიაზრებთ, დატესტეთ იქნებ მოგეწონოთ კიდეც "ლომური ისტერიკა" და კიდევ დიდხანს შერჩეთ ერთმანეთს თქვენ და თქვენი "ჯუნგლების მბრძანებელი".
ქალწული
აი, ქალწული მამაკაცი ის ერთადერთი, უნიკალური ეგზემპლარია, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ სუსტი სქესის წარმომადგენელს იქეთ დამართოს ისტერიკა. იგი უზომოდ მოწესრიგებული, პუნქტუალური, დახვეწილი, გაწონასწორებული და ფრთხილია. ალბათ იტყვით, განა ასეთ მამაკაცზე არ ოცნებობს ქალების უმრავლესობაო? არა, არა და არა. მისი მოწესრიგებულობა პედანტიზმია, პუნქტუალურობა ნიშნავს იმას, რომ როცა იგი ოთხის თხუთმეტ წუთზე გინიშნავთ პაემანს, თქვენ ოთხის ოც წუთზე მისულს ადგილზე აღარ დაგხვდებათ და სულ არ აინტერესებს მას ე.წ. "ქალური თავის დაფასებები" და მითები ქრონიკული დაგვიანების სინდრომზე, რომელსაც სუსტი სქესის წარმომადგენლებს სხვა მამაკაცები დიდსულოვნად პატიობენ. მისი დახვეწილობა, საკუთარი ჰალსტუხის ფერის და თქვენი ფრჩხილის ლაქის ზუსტ შეხამებაში მდგომარეობს. მისი სიფრთხილე კი გამუდმებული პარანოიაა არარსებული (მედიცინს სფეროში ჯერ არგამოგონილი) დაავადებების შესახებ. ჰოდა, ყოველივე ზემოქმულის შემდეგ, თუ თქვენ თავად არ დაგემართებათ ისტერიკის მწვავე შეტევა მასთან ურთიერთობისას კი ბატონო, გზა ხსნილია ქალწული ზუსტად ის მამაკაცია, ვინც თქვენ გჭირდებათ. გაგრძელება