როგორც ეზოთერიკოსებს მიაჩნიათ, კბილები და მისი მდგომარეობა ადამიანის კარმულ ვალებს და ზოგადად, მის მიერ გასავლელ გზას ყველაზე უკეთ ასახავს.
თუკი თქვენ სწორი, ლამაზი და ქათქათა კბილთა წყობით დაგაჯილდოვათ ბუნებამ, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მარტოოდენ გენეტიკურად გერგოთ ჰოლივუდის ღიმილი - ეს ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ განვლილ ინკარნაციაში თქვენ მიერ დაგროვილი ცოდვების ოდენობა საკმაოდ მცირეა. ხოლო მათ, ვისაც ოღროჩოღრო კბილები და ზოგადად, სტომატოლოგიური პრობლემები აწუხებს ხშირად, ეზოთერიკოსები ერთბაშად რამდენიმე გზით სვლას უწინასწარმეტყველებენ, იმიტომ, რომ კარმულად დაგროვილი ვალების ოდენობა მაქსიმალურად უნდა განეიტრალდეს და ადამიანს უწევს სხვადასხვა კუთხით საკუთარი თავის სრულყოფა.
კბილებს შორის დიდი დაშორებები ისეთ ადამიანებს აქვთ, ვინც გასულ ინკარნაციებში არცთუ მაინცდამაინც თავშეკავებული ცხოვრებით იცხოვრა მორალური კუთხით. ამიტომ ე.წ. ცხენის კბილების პატრონს მოეთხოვება, ამ ეტაპზე მაინც განვლოს ცხოვრების გზა პარტნიორის ერთგულებით. მას ასევე მოეთხოვება, აკონტროლოს საკუთარი ენა, იმიტომ, რომ წინა ცხოვრებიდან ავსიტყვაობის ცოდვაც აქვს გადმოყოლილი და ნებისმიერი ტიპის ცინიზმი მის წინააღმდეგვე იქნება მიმართული.
წინა კბილები ჩვენს მშობლებს და მათ მიერ გენეტიკურად გადმოცემულ ინფორმაციას ასახავს. თუკი წინა ორი კბილი მკვეთრად განსხვავდება ფორმით დანარჩენებისგან, ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლებს თავადაც საკმაოდ მძიმე კარმული მემკვიდრეობით მოუხდათ დაბადება. შესაბამისად, ამ ადამიანის ცხოვრებაში არცთუ მაინცდამაინც ჰარმონიული იყო ბავშვობის პერიოდი და იგი ნაკლებად გრძნობდა მშობლების მხრიდან დაცულობის შეგრძნებას. ამიტომ დიდ ასაკში ამ პიროვნებას მოუწევს თავი აბსოლუტურად უცხო გარემოში დაიმკვიდროს მარტომ. მას პროფესიულადაც მძაფრი კონკურენციის დამარცხება დასჭირდება და ზოგადად, მისთვის შესაძლოა უცხო ადამიანები უფრო ახლობლებად იქცნენ სულიერად ცხოვრების გზაზე, ვიდრე საკუთარი სანათესაო.
ზედა ყბაზე განლაგებული წინა კბილები ჩვენს წინაპრებს განასახიერებს მამის მხრიდან, ქვედა ყბა და მასზე განლაგებული კბილთა წყება კი დედის ხაზის გენეტიკაზე მეტყველებს. ხოლო კბილები, რომლებიც სიბრძნის კბილთან ახლოსაა გალაგებული, ჩვენს ყველაზე შორეულ წინაპრებზე მეტყველებს.
ე.წ. ეშვების მდებარეობა განასახიერებს იმას, თუ რა ადგილს იკავებენ ჩვენს ცხოვრებაში მშობლები. ამასთან ერთად, ქვედა ყბაზე განლაგებული "ეშვები" მიანიშნებს იმას, როგორი ადგილის დაკავებას ცდილობს ან შეძლებს შვილი მშობლების გულში და ზოგადად, გენეოლოგიაში. თუკი ეშვები გრძელი და წაწვეტებულია, ე.ი. იგი გვარის საამაყო პიროვნება იქნება. გაგრძელება