სურნელი ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
ის ახდენს გავლენას ჩვენს მდგომარეობაზე, ხასიათზე, გარშემომყოფებთან ურთიერთობაზე. სურნელი თან გვდევს ყველგან, სადაც უნდა ვიყოთ და რასაც უნდა ვაკეთებდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია სახლში იყოს ის სურნელი, რომელიც სიმყუდროვეს, კომფორტს შეგიქმნით და სიყვარულით აგავსებთ, რომელიც დადებითად იმოქმედებს თქვენზე. როგორც თითოეულ ადამიანს აქვს მისთვის დამახასიათებელი სურნელი, ასევე თითოეულ სახლს აქვს თავისი სურნელი.
1. ციტრუსის და ვანილის არომატს შეუძლია ამაღლებული განწყობა შეგიქმნათ არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს სტუმრებსაც. ასეთი არომატი დადებითად იმოქმედებს სახლში შემოსვლისთანავე.
2. თბილი და სიმყუდროვის არომატი აქვს ბერგამოტს, პიტნას, გრეიპფრუტს, ლიმონს, ვანილს. სწორედ ეს არომატი უნდა იდგეს მთავარ ოთახში, სადაც სტუმრებს იღებთ.
3. დამამშვიდებელი და დაღლილობის მომხსნელი სურნელი უნდა იდგეს საძინებელში. ამისთვის კარგია ლავანდის, ვანილის, ჟასმინის, ვარდის ზეთები ოთახში დადგათ. უძილობის დასამარცხებლად საუკეთესოა ლავანდის და პიტნის, ან ლავანდის და ბერგამოტის სურნელის ნაზავი.
იმისთვის, რომ საძინებელში რომანტიკული და თბილი აურა შეიქმნას, გამოიყენეთ ჟასმინისა და ვარდის არომატი.
4. მატონიზირებელი არომატი შეგიქმნით სამუშაო განწყობას და აგიმაღლებთ კონცენტრაციის უნარს. ასეთი სურნელი უნდა იდგეს კაბინეტში – ყავის, ლიმონის, როზმარინის, სალბის.
5. სადღესასწაულო განწყობას ქმნის ფორთოხლის, მანდარინის, ვარდის ხის სურნელი. ასეთი არომატი შეიძლება იდგეს ნებისმიერ ოთახში.
ასე რომ, შეგიძლიათ არომატის მიხედვით შეიქმნათ განწყობა თითოეული ოთახის მიხედვით ან უბრალოდ, არომატის ნაზავი შექმნათ.
თუმცა აქვე უნდა გახსოვდეთ, რომ არის უსიამოვნო სურნელი, რომელსაც თქვენთან მომსვლელი ადამიანები აღიქვამენ და სწორედ ამ სურნელით დაამახსოვრდებათ თქვენი სახლი. პირველ რიგში, ეს არის შემწვარი თევზის სუნი. რაც უნდა გემრიელად გააკეთოთ, სუნი უსიამოვნოა და დიდხანს რჩება სახლში. ამიტომ უნდა ეცადოთ, განდევნოთ ის, მით უმეტეს, თუ სტუმრებს ელოდებით.
თუ შინაური ცხოველები ან ფრინველები გყავთ, ებრძოლეთ მათ სუნს.
იმისთვის, რომ სახლში სასურველი სურნელი იდგეს, შეგიძლიათ თქვენ თვითონ შეკეროთ გამხმარი ბალახებისგან ბალიშები და ოთახებში დააწყეთ. მაგალითად, გამხმარი ჟასმინისგან, გვირილისგან, ვარდის ფურცლებისგან...
გამოიყენეთ ერთერზეთები და ჰაერის გამწმენდები. კარგი საშუალებაა სურნელოვანი სანთლებიც. მთავარია, სწორად შეარჩიოთ თითოეული არომატი, დაადგინოთ, რომელი მოქმედებს თქვენს ხასიათზე დადებითად. გაითვალისწინეთ ისიც, ალერგიული ხართ თუ არა.
შორენა თარაშვილი