ბევრი ქალისთვის ცუდი ხასიათის ახსნა – პმს-ია. მამაკაცები, რა თქმა უნდა, პრედმენსტრუალური ციკლის სინდრომით ვერ გაიმართლებენ თავს, თუმცა მათაც აქვთ პერიოდები, რომლებიც ძალიან ჰგავს ჩვენს "კრიტიკულ" დღეებს.
არ მომეკარო, ცუდ ხასიათზე ვარ!
მას ნერვული აშლილობა აქვს, უწევს ხმას, მისი ხასიათი ელვის სისწრაფით იცვლება. გაიცანით, თქვენ წინაშეა მამაკაცის გაღიზიანებადობის სინდრომი, ანუ სმრ. ამ დროს, გარდა ფსიქოლოგიური მომენტებისა, ძლიერი სქესი ფიზიკურ სისუსტესაც განიცდის. სმრ შეიძლება გახდეს ტემპერატურის აწევის და მუცლის ძლიერი ტკივილის მიზეზიც კი.
მოდი, გავერკვიოთ, რატომ ხდება ასე. როგორც იცით, ქალის მთავარი ჰორმონი ესტროგენია, ხოლო მამაკაცის – ტესტესტერონი. როცა ორგანიზმში ჰორმონალური დისბალანსი ხდება, ეს, პირველ რიგში, ადამიანის ხასიათსა და გუნება-განწყობაზე აისახება. მამაკაცს შეიძლება აღარ მოუნდეს სექსი, იწუწუნოს დაღლილობაზე, ყველაფერზე გამოგეკიდოთ, იბუზღუნოს, მიატოვოს ვარჯიში...
მამაკაცის გაღიზიანების სინდრომს 2002 წელს სახელწოდება შოტლანდიელმა მედიკოსმა ჯერალდ ლინკოლნმა მისცა. როგორც ჩანს, მას სურდა, ქალებისთვის ეჩვენებინა, რომ მხოლოდ ისინი არ იტანჯებიან ჰორმონალური დისბალანსით. თავდაპირველად მეცნიერმა ცდები ცხვრებზე ჩაატარა, რომლებიც შეჯვარების პერიოდში (ამ დროს ტესტესტერონი მაღლა იწევს) ძალიან მამაცურად იქცეოდნენ, ასე ვთქვათ, ლმობიერები იყვნენ ნერბებთან. როგორც კი "დაქორწინების" პერიოდი დასრულდებოდა, ვაცების მეგობრული დამოკიდებულებაც იქვე მთავრდებოდა – ისინი ხდებოდნენ გაღიზიანებულები და აგრესიულებიც კი.
შემდეგ მკვლევარი ადამიანებზე გადავიდა. ცდები არა მხოლოდ შოტლანდიაში, არამედ შტატებსა და ინგლისში ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ მამაკაცები ცხვრებზე მეტად არ იტანჯებიან სმრ-ით და ამის მთავარი მიზეზი – სტრესია.
მაინც ვინ არის დამნაშავე?
ჩვენთან, ქალებთან ყველაფერი გასაგებია – თვეში ერთხელ გამოწერილი გვაქვს ნერვული აშლილობა, დაღლილობა, ძილად მიგდება და სხვა. სმრ პმს-სგან თავისი არარეგულირებულობით განსხვავდება.
მამაკაცის კრიტიკული დღეების მთავარი მიზეზებია – სტრესი, ავადმყოფობები, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატი, რომელიც ტესტესტერონის დონეს დაბლა სწევს, დიეტა, გამოუძინებლობა, ალკოჰოლი.
ახალგაზრდა მამაკაცებში (20-დან 30 წლამდე) ეს სინდრომი შეიძლება გამოწვეულ იქნეს გადატვირთული გრაფიკით: სწავლა, სამსახური, საღამოები, სატრენაჟორო დარბაზები და სხვა. ითვლება, რომ მამაკაცებს პმს ხშირად 40 წლის ასაკში ეწყებათ – საკუთარი ცხოვრების გადაფასების კრიტიკულ პერიოდში. და თუ ამ დაავადებას არ მიხედეს, შესაძლოა, ქრონიკულში გადაეზარდოთ.
რა უნდა მოვიმოქმედოთ?
ვინც ფლობს ინფორმაციას, ის მართავს სამყაროს. თუ ხედავთ, რომ თქვენი რჩეული არაფრის გამო გაღიზიანებულია, დაფიქრდით, იქნებ მას კრიტიკული დღეები აქვს. შესაძლოა, თქვენს პარტნიორს ექიმი და ჰორმონებზე ანალიზის ჩაბარება ესაჭიროება.
ეს დაავადება თუ მოვლენა საკმაოდ ახალია. რატომ ხდება ასე? ნუთუ ჩვენს დროში მამაკაცის ორგანიზმი ნაკლებად გამოყოფს საჭირო ჰორმონს? არა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. უბრალოდ, ცხოვრების პირობები დღეს სულ სხვაა. სმრ-ის არსებობაში ნაწილობრივ ქალებიც არიან დამნაშავენი თავიანთი ფემინისტური გამოხდომებითა და ემანსიპაციით. ისინი იღვწიან, სულ უფრო მეტი და მეტი ფული იშოვონ, ხდებიან ხელმძღვანელები, ითვისებენ მამაკაცურ პროფესიებს და... სანუკვარი ტესტესტერონიც დაბლა იწევს.
მიეცით მამაკაცს საშუალება, გამოამჟღავნოს საკუთარი თავი, კარგად გამოიძინოს და გემრიელად მიირთვას. ნუ შელახავთ მის თავმოყვარეობას, დაე, იგრძნოს თავი მონადირედ, დამცველად, მფარველად. როგორ უნდა გააკეთოთ ეს? – ეს უკვე სხვა სტატიის თემაა.