ჩაიხედეთ სარკეში და აღიარეთ, რომ ისე აღარ გამოიყურებით, როგორც უწინ: აღარც ძველი სამოსი გიხდებათ ისე, როგორც რამდენიმე წლის წინ და მტკიცედ გადაწყვიტეთ, რომ დროა, თქვენი ყოველდღიური თავსატეხი - ჭარბი წონა - საბოლოოდ დაამარცხოთ.
- მსგავს სიტუაციაში ადამიანები სხვადასხვაგვარად იქცევიან; შემდეგ კი ზოგი სწრაფად და ეფექტურად აღწევს წარმატებას; ზოგი კი ხანგრძლივი დიეტის მიუხედავად, სასურველ შედეგამდე ვერა და ვერ მიდის; არიან ისეთებიც, რომლებიც ამ პროცესში საკუთარ ჯანმრთელობას სამუდამოდ იზიანებენ.
შევეცდები, გაგაცნოთ რამდენიმე ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ნუტრიციოლოგთან ვიზიტს დაგეგმავთ და დიეტის რთულ და ფაქიზ პროცესს შეუდგებით.
- მოვედი, მოგიტანე ჩემი პრობლემა და ახლა შენ იცი, როგორ მომიგვარებ მას! - არის შემთხვევები, როცა პაციენტი სწორედ ამ განწყობით მომმართავს. თუმცა გარწმუნებთ, რომ უმეტეს შემთხვევაში მსგავსი მიდგომა კრახისთვისაა განწირული. ასევე უსაფუძვლოა შეკითხვა - რამდენ დღეში რამდენ კილოგრამს დავიკლებ? - მათ, ვისაც ჭარბი წონა გაწუხებთ, გირჩევთ, სანამ სპეციალისტთან ერთად დიეტას დაიწყებდეთ, მოემზადეთ იმისთვის, რომ თქვენს ცხოვრებაში ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.
ამიტომ სრულად, მთელი არსებით ჩაერთეთ მასში, გახდით ამ ეტაპის აქტიური თანამონაწილე და ყოველი რეკომენდაცია, რომელსაც ამ პროცესში მიიღებთ, ხალისით შეასრულეთ. ჩათვალეთ, რომ დიეტა - ეს აკრძალვა კი არა, თქვენი არჩევანია.
ხშირად ვადარებ ხოლმე ქირურგისა და ნუტრიციოლოგის საქმეს, რომ ჩემმა პაციენტებმა მკურნალობის პროცესში საკუთარი როლი და მნიშვნელობა უკეთ დაინახონ. თუკი ქირურგი ოპერაციის განმავლობაში მთლიანად თავის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, ნუტრიციოლოგს სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებლად სჭირდება პაციენტის მზაობა და მისი პოზიტიური განწყობა.
დიეტა - ეს თქვენს ცხოვრებაში დადებითი მნიშვნელოვანი ცვლილების პროცესია, რომელსაც ნუტრიციოლოგთან ერთად გადიხართ.
ამ პროცესიდან წარმატებამდე კი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ.
განაგრძეთ კითხვა: okmagazine.ge