ძვლებს ჩვენს ორგანიზმში მკაცრად განსაზღვრული ადგილი აქვს. როგორც ნებისმიერი სხვა ორგანო, ძვლებიც სხვადასხვა სახეობის ქსოვილისგან შედგება, რომელთა შორისაც ძირითად ადგილს იკავებს შემაერთებელი ქსოვილის სახესხვაობა - ძვლის ქსოვილი.
ძვალს რთული აგებულება და ქიმიური შემადგენლობა აქვს. ზრდასრული ადამიანის ძვლის შემადგენლობის 50% წყალია, 28,15% - ორგანული ნივთიერებები, ხოლო 21,85% - არაორგანული ნივთიერებები: კალციუმის, ფოსფორის, მაგნიუმისა და სხვა ელემენტების ნაერთები.
ძვლის სიმტკიცეს არაორგანული და ორგანული ნივთიერებების ფიზიკურ-ქიმიური ერთობა და კონსტრუქციის თავისებურება განაპირობებს. ორგანული ნივთიერებების უპირატესობა ძვალს ელასტიკურობას, დრეკადობას, სიმკვრივეს ანიჭებს. როცა იზრდება არაორგანული ნაერთების წილი (ხანდაზმულ ასაკში, ზოგიერთი დაავადების დროს), ძვალი მყიფე ხდება. ძვლის შემადგენლობაში არაორგანული ნივთიერებების თანაფარდობა სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა აქვს. ერთი ადამიანის ორგანიზმშიც კი ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში იცვლება კვების თავისებურების, პროფესიული საქმიანობის, მემკვიდრეობის, ეკოლოგიური პირობებისა და სხვა ფაქტორების გავლენით. ძვალი პლასტიკურობით გამოირჩევა. ის ადვილად გადაეწყობა ვარჯიშის, ფიზიკური დატვირთვის ზემოქმედებით, რაც ოსტეონების რიცხვის ზრდით ან შემცირებით გამოვლინდება. ძვლის ოპტიმალური განვითარებისთვის უმჯობესია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. ცხოვრების მჯდომარე წესი, მცირე ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს ძვლის დასუსტებასა და გამოფიტვას. ძვლის შენებაზე გავლენას ახდენს პროფესიაც. მნიშვნელოვან როლს ასრულებს მემკვიდრეობა და სქესიც. კალციუმი აუცილებელია ძვლის სიმტკიცისთვის. ეს ელემენტი ჯანსაღი ძვლების მნიშვნელოვანი კომპონენტია. მასზეა დამოკიდებული ბავშვის ჩონჩხის სწორი ფორმირება და ნორმალური ზრდა. 15-20 წლისთვის ძვლის სიგრძეში ზრდა წყდება. კალციუმის ოპტიმალური მიღება, ფიზიკური აქტიურობის გათვალისწინებით, 20-25 წლის ასაკისთვის პიკური ძვლოვანი მასის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს. ჩვენი ძვლების სიმკვრივე ამ დროს იმით განისაზღვრება, საკმარის კალციუმს ვიღებდით თუ არა ბავშვობასა და ყმაწვილობაში. რაც უფრო მაღალია ძვლის პიკური ძვლოვანი მასა, მით უფრო ნაკლებია ალბათობა, დროთა განმავლობაში ჩვენი ძვლები გათხელდეს და დასუსტდეს. ძვალი ცოცხალი ქსოვილია, რომელიც განუწყვეტლივ განიცდის თვითგანახლებას. მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ მკვრივი და მოქნილია, მაინც მუდმივად ექვემდებარება მიკროტრავმებს. ასაკთან ერთად ორგანიზმში მიმდინარეობს ცვლილებები, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს კალციუმის მოხმარებას. ჯერ ერთი, იცვლება ძვლის რემოდელირების პროცესი. ჯანმრთელ ადამიანებთან ნორმალური ძვლის ქსოვილით კალციუმის ადეკვატური მოხმარება ძვლის რემოდელირების ნორმალური ბალანსის შენარჩუნების საშუალებას იძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნორმალური ძვლის ქსოვილის აღდგენა უფრო რაციონალურია და ხელს უშლის ძვლოვანი მასის სწრაფ კარგვას. დაბერების კვალდაკვალ კალციუმი უფრო და უფრო უარესად შეიწოვება, ამიტომ ძვლების დასაცავად უფრო მეტის მიღებაა საჭირო.
დიეტა ძვლების სიჯანსაღისთვის
ზოგი საკვები ასუსტებს ძვლოვან ქსოვილს, ზოგი კი, პირიქით, ამაგრებს. ყველი, ხაჭო, მწვანე ბოსტნეული, ჰალვა დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ ძვლების სიჯანსაღე და თავიდან აიცილოთ მოტეხილობები და ოსტეოპოროზი. ოსტეოპოროზი, ანუ ძვლების განლევა ქალებთან 50 წლის შემდეგ იჩენს თავს, უპირველესად - იმიტომ, რომ ქალის სასქესო ჰორმონების დონე მენოპაუზის შემდეგ მცირდება და ძვლები კარგავს კალციუმის შეკავების უნარს. ამის თავიდან ასაცილებლად მთელ ცივილიზებულ სამყაროში ქალები ამ ასაკში იწყებენ ჩანაცვლებით თერაპიას, რომელსაც გულდასმით ურჩევენ ენდოკრინოლოგი და გინეკოლოგი. მეორე მხრივ, გაგრძელება