წონაში დაკლების სურვილმა გადაგაწყვეტინათ დაბალკალორიული პროდუქტების მიღება... იქნებ არ ღირდა?
გამოთქმა: "რა ვჭამო ისეთი, რომ გავხდე", სულაც არ მიაჩნიათ აბსურდულად მათ, ვისაც წონაში დაკლება მთელი გულით სურს. უმეტესობა მითებისა დიეტის შესახებ დამსხვრეულია. მაგალითად, დამტკიცდა, რომ ვეგეტარიანელობა სულაც არ არის ყველა დაავადების პანაცეა, ხოლო შერჩევითი კვება არ არის ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალება. მიუხედავად ამისა, ცალკეულ თეორიებს დღემდე შეცდომაში შეჰყავს, ვინც ოცნებობს, ჰქონდეს ლამაზი სხეული სხვადასხვა "ჯადოსნური" დიეტის მეშვეობით.
1. ანანასი გვეხმარება ცხიმების დაწვაში. ითვლება, რომ ანანასში შემავალი ფერმენტი - ბრომელაინი თითქოსდა აჩქარებს ცხიმების გაწოვას და წონის დაკლებაში გვეხმარება. ეს მოსაზრება მცდარია! სინამდვილეში, ბრომელაინის მოლეკულა იმდენად დიდია, რომ არ შესწევს ძალა, "გაარღვიოს" ნაწლავის კედელი, მისი ნაწილაკები კი ამის გამო აქტივობას კარგავენ და არ შეუძლიათ ცხიმების დაწვა. იმდენად, რამდენადაც ბრომელაინი ვერ ზემოქმედებს კანქვეშა ცხიმოვან უჯრედისზე, მას არ შეუძლია ზედმეტი კალორიებისგან ჩვენი გათავისუფლება. აი, მონელების პროცესს კი ეს ფერმენტი ხელს ნამდვილად უწყობს.
2. დიეტის დროს აკრძალეთ შოკოლადის მიღება. გავრცელებულია აზრი, თითქოს ყველასთვის საყვარელი შოკოლადი ბევრ კალორიას შეიცავს. ამიტომ ვინც სხეულზე ზრუნავს, სჯობს, რაციონიდან ამოიღოს ეს ნუგბარი. სინამდვილეში არ არის აუცილებელი, ტკბილეული ტაბუდადებული იყოს. უპირატესობა მიანიჭეთ შავ შოკოლადს. მნიშვნელოვანია, რომ ის შეიცავდეს კაკაოს არანაკლებ 75%-ს, ხოლო ულუფა არ აღემატებოდეს 50 გრამს. იმის შეხსენებაც არ იქნება ურიგო, რომ საკვების სრულყოფილი მიღება ტკბილეულით არ ჩაანაცვლოთ.
3. რა იმალება სიტყვა "ლაითის" (მსუბუქი) ქვეშ. ერთ-ერთი მითია, რომ "ლაითი" პროდუქტი გვეხმარება, შევინარჩუნოთ სასურველი წონა. რეალურად, ცხიმგამოცლილი არ ნიშნავს დაბალკალორიულს. "მსუბუქი" პროდუქტი არანაკლებ კალორიულია, ვიდრე მათი კლასიკური ანალოგები.
4. გახდით წვენების მეშვეობით. ამბობენ, რომ ხილის წვენები იდეალურია იმ ადამიანებისთვის, ვინც წონაში დაკლებას გეგმავს. ისინი დაბალკალორიულია და ასტიმულირებს საკვების მონელების პროცესს. სინამდვილეში, ესოდენ სასარგებლო ხილის წვენი შეიცავს ფრუქტოზას - ეს ნამდვილი "კალორიების მახეა". თუ, მაგალითად, დღეში 0,5 ლ (ორი სავსე ჭიქა) ახალგამოწურულ ფორთოხლის წვენს მიირთმევთ, დაახლოებით 520 კილოკალორიას იმატებთ. ეს ტოლფასია სრულყოფილი სადილისა. იმისათვის, რომ შეამციროთ კალორიულობა, გააზავეთ ხილის წვენი ანადუღარი ცივი წყლით (1:3). და მიიღეთ დღეში მხოლოდ 1 ჭიქა.
5. ყავისფერი შაქარი თეთრზე დაბალკალორიულია. ნებისმიერი სახით შაქრის გადაჭარბებული მოხმარება ხელს უწყობს ცხიმების ცვლის დარღვევას, ქოლესტერინის კონცენტრაციის მომატებას და სისხლში შაქრის დონის აწევას, რაც, თავის მხრივ, მთელი ორგანიზმის დისბალანსს იწვევს. ყავისფერი შაქარი მეტ კალორიას შეიცავს, ვიდრე თეთრი (100 გ თეთრი რაფინადი - 409 კილოკალორია, ყავისფერი - დაახლოებით 413). გარდა ამისა, ყავისფერი შაქარი უფრო ძნელად მოსანელებელია და კუჭ-ნაწლავის პრობლემების წარმოქმნის პროვოცირებას ახდენს. უმჯობესია, შაქარი თაფლით ჩაანაცვლოთ. მას სწრაფად შეითვისებს ორგანიზმი და არ იწვევს ცხიმების დაგროვებას.
6. არ შეიძლება 6 საათის მერე ჭამა. ვახშამზე უარის თქმის შედეგად, ორგანიზმი "რთავს" დაგროვების რეჟიმს და ცხიმები კი არ იწვება, არამედ უფრო აქტიურად დაგროვებას იწყებს. სინამდვილეში, წონაში კლების ნაცვლად, პირიქით, იმატებთ. ამიტომ ნუ იტყვით უარს ვახშამზე: იდეალური ვარიანტია ხაჭო და თაფლი, 50 მლ იოგურტი, 100 მლ კეფირი წვრილად დაკეპილი მწვანილით. მჟავე რძის პროდუქტებში შემავალი კალციუმი ხელს უწყობს ცხიმების აქტიურ დაწვას.
7. "ჭამე ხილი და წონაზე ნუ იდარდებ". კიდევ ერთი გავრცელებული მცდარი აზრია, რომ რაც უფრო მეტ ხილს შეჭამ, წონის პრობლემა აღარ გექნება. თუმცა ზომიერების გრძნობა არ უნდა დავკარგოთ. ამ მოსაზრების მიხედვით, ხილი არეგულირებს მადას და არ აძლევს ცხიმებს განლაგების საშუალებას. რეალურად, ხილსა და კენკრაში შემავალი მჟავები ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას და ააქტიურებს კუჭის მუშაობას. ხილი მადას უფრო აძლიერებს, ვიდრე შიმშილს კლავს.
8. "ჩირი - საუკეთესო წახემსებაა. მოგშივდა? - შეჭამე გარგრის ჩირი. ყველაზე სასარგებლოა". სინამდვილეში, ხშირად ჩირს, მადისაღმძვრელი იერის მისანიჭებლად, სპეციალური მეთოდით ამუშავებენ, რაც მათ ნაკლებსასარგებლოს ხდის, ვიდრე ბუნებრივი გზით გამოშრობის დროს. ამიტომ გირჩევთ, ჩირი არა სუპერმარკეტებში, არამედ ბაზარში შეიძინოთ.
თათია ბეჟიტაშვილი