დღეს ძალიან მოდური გახდა შოუბიზნესის წარმომადგენლებს შორის ჯანმრთელი ცხოვრების წესი და საკუთარი დიეტებისა და კვების სისტემის შემუშავება. ბევრი ვარსკვლავი საკუთარ გახდომის პრინციპზე წიგნსაც წერს.
თინა კანდელაკი - ძალიან დაკავებული ქალბატონია. ის არის პოლიტიკოსი, ტელეწამყვანი და ორი შვილის დედა. ასე რომ, წიგნის დაწერისთვის არ სცალია, მაგრამ თავის მოვლისთვის დრო ყოველთვის რჩება.
"თუმცა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ის საკმაოდ პუტკუნა ქართველი გოგონა იყო", - წერს ერთ-ერთი რუსული საიტი.
თინას თქმით, ის არასოდეს ისწრაფვოდა მოდელის გარეგნობისკენ და მტანჯველ დიეტებზეც არასოდეს მჯდარა. თინა ჯანმრთელი ცხოვრების წესის მომხრეა. სპორტი და სწორი კვება - ეს არის მისი დევიზი. მიუხედავად ამისა, 160 სმ სიმაღლის კანდელაკი მხოლოდ 52 კგ-ს იწონის და ამ წონას კარგად ინარჩუნებს.
ტელეწამყვანის აზრით, ზედმეტ კილოგრამებს ჩვენი სტრესი "აგროვებს". ამიტომაც ნაკლები უნდა ვინერვიულოთ, დავკავდეთ სპორტით და უარყოფით ენერგიას გამოსვლის საშუალება მივცეთ.
თინა კანდელაკს ფორმის შესანარჩუნებელი რამდენიმე საიდუმლო აქვს.
კვების სისტემის არსი
ქართველები ცნობილები არიან სუფრის განსაკუთრებული ტრადიციებით. ამიტომაც თინას დიდი ხნის განმავლობაში მძიმედ უჯდებოდა ქალური დიეტები.
ბოლოს და ბოლოს, მან საკუთარი თავისთვის განსაკუთრებული კვების პრინციპი ჩამოაყალიბა, რომელიც განსაკუთრებული სირთულისა და ძალისხმევის გარეშე აძლევს სასურველ შედეგს - წონა არასოდეს მერყეობს.
1. როგორც ყველა სწორი კვების სისტემა, აქაც მინიმუმამდეა დაყვანილი ცხიმიანი პროდუქტები, ცომეული და ტკბილეული. ამის გაკეთება არ გაუჭირდება მას, ვისაც უყვარს ხილი და ბოსტნეული.
2. დღე განსაკუთრებული რიტუალით უნდა დაიწყოთ - საუზმემდე ნახევარი საათით ადრე უნდა დალიოთ ერთი ჭიქა უგაზო, სუფთა წყალი, რომელშიც შეურევთ ერთ ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთს.
3. შეეცადეთ, მიიღოთ ნაკლები ხორცპროდუქტები. შეცვალეთ ისინი მოხარშული თევზით, ზღვის პროდუქტებითა და კვერცხით.
4. ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს წვნიანი, რომელიც მინიმალური კალორიით ანაყრებს ადამიანს. თავად თინას ძალიან უყვარს ბორშჩი და თევზის წვნიანი, ე.წ. უხა.
5. პურეულიდან უპირატესობას ანიჭებს მარცვლეულის დაბალკალორიულ პურს.
6. რაციონიდან თითქმის მთლიანად უნდა ამოიღოთ "თეთრი სიკვდილი" - მარილი და შაქარი. ტკბილეულიდან სასარგებლოა მხოლოდ თაფლი და ჩირი, იშვიათად - ცოტაოდენი შავი, მწარე შოკოლადი.
7. უნდა ჭამოთ პატარ-პატარა პორციებით. ასე ორგანიზმი მიიღებს ყველაფერს აუცილებელს და არ გადაძღება.
8. არ უნდა ჭამოთ გვიან - ბოლო ვახშამი არ უნდა იყოს 8 საათზე გვიან.
9. დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მეტი სითხე - იქნება ეს ჩაი, ხილის წვენები თუ უბრალოდ წყალი. აი, ალკოჰოლისგან უმჯობესია საერთოდ შეიკავოთ თავი.
თუმცა ისეთი მკაცრი ტელესახეც, როგორიც თინა კანდელაკია - ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც ახასიათებს სისუსტეები: ზამთარში, შესაძლოა, მოიმატოს ან სტუმრად ყოფნისას თავს ზედმეტის ჭამის უფლება მისცეს. ამ შემთხვევებისთვის თინას რამდენიმე დიეტა და განტვირთვის დღეები აქვს.
სამდღიანი დიეტა
ამ დიეტის შემდეგ თინა საშუალოდ სამიდან ხუთ კილოგრამამდე იკლებს, მაგრამ მისი თქმით - ეს არ მოქმედებს მის სამუშაო გრაფიკზე და მარტივად გადასატანია.
1 დღე
რაციონს კანდელაკი 5-ჯერადად ჰყოფს. პირველ დღეს 5 მოზრდილ ვაშლს ჭამს, რა თქმა უნდა, 5 მიღებაზე ანაწილებს. მთელი დღის განმავლობაში სვამს მწვანე და ჯანჯაფილის ჩაის, ასევე, სუფთა წყალს.
2 დღე
ასევე 5 ნაწილად იყოფა რაციონი, მაგრამ ამჯერად ვაშლის მაგივრად წინა პლანზე წიწიბურა გადმოდის, რა თქმა უნდა, ყოველგვარი დანამატის გარეშე მოხარშული. დღის განმავლობაში კვლავ იღებს მწვანე ან ჯანჯაფილის ჩაის და შუალედებში სუფთა წყალს.
3 დღე
რაციონი აქაც 5-ჯერადად იყოფა, მაგრამ წიწიბურის ნაცვლად ბრინჯს მივირთმევთ, რა თქმა უნდა, აქაც ყოველგვარი სანელებლისა და ცხიმის გარეშე. თინა ბრინჯის ფაფას მწვანე ან ჯანჯაფილის ჩაის აყოლებს, შუალედებში კი იღებს სუფთა წყალს.
ტელეწამყვანის თქმით, ამ დიეტის შემდეგ 5 კილოგრამამდე იკლებს, მაგრამ ექიმი ურჩევს, ფრთხილად მოეკიდოს ასეთ დიეტას - ის საკმაოდ მკაცრია და განსაკუთრებით დაუშვებელია მათთვის, ვისაც აწუხებს კუჭი და ნაღვლის ბუშტი. ასევე აკრძალულია ფეხმძიმეებისა და მეძუძური ქალებისთვის.
თინა კანდელაკის განტვირთვის დღეები
განტვირთვის მეთოდიკის არსი მწვანე ჩაისა და ლიმონიან და თაფლიან წყალს ეფუძნება. ეს სასმელები საკვების მაგივრად გამოიყენება. "წყალი ოგანიზმიდან შლაკებსა და ტოქსინებს გამოდევნის, თაფლი კი გვმატებს ენერგიას" - ამბობს ტელეწამყვანი.
მაგრამ ექიმები ამ რეკომენდაციებს უარყოფენ - ამ მეთოდიკის გამოყენება არ შეიძლება 48 საათზე მეტხანს კვირაში (თანაც გადაბმულად ორი დღე არ შეიძლება), რადგან ორგანიზმი ამ დროს შიმშილობს.
ტელეწამყვანის განტვირთვის მეორე მეთოდი ეფუძნება საზამთროსა და ვაშლს. დღეში შეგიძლიათ მიირთვათ ეს ხილი ერთიდან ორ კილოგრამამდე. საზამთრო ძლიერი შარდმდენი საშუალებაა. ამიტომაც ფრთხილად უნდა იყვნენ ადამიანები, რომელთაც თირკმლის პრობლემა აქვთ.
დაბოლოს, ტელეწამყვანის სიტყვებით, უმჯობესია, კი არ ვებრძოლოთ ზედმეტ კილოგრამებს, არამედ არ დავუშვათ, რომ დავაგროვოთ ისინი. ამიტომაც უნდა ვიკვებოთ სწორად და დავკავდეთ სპორტით. დიეტა - ეს ექსტრემალური საშუალებაა, რომელსაც უკიდურეს შეთხვევაში და ძალიან იშვიათად უნდა მივმართოთ. ეს არ არის პანაცეა ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად.