დიეტა ზარმაცებისთვის, ანუ როგორ გავხდეთ ძილში? - Marao

დიეტა ზარმაცებისთვის, ანუ როგორ გავხდეთ ძილში?

2013-09-03 15:49:16+04:00

დიეტოლოგებმა მაიკ და სტიუარტ მაკინესებმა შეიმუშავეს კვების სისტემა, რომელიც ორგანიზმს ძილში ცხიმის წვისკენ უბიძგებს. პრინციპი საკმაოდ მარტივია: თუ ღვიძლს ძილის წინ თაფლით მოამარაგებთ, ეს ცხიმის წვის მექანიზმს ჩართავს. თაფლი მდიდარია ფრუქტოზით და იდეალურია ამ მიზნისთვის.

ამ დიეტის წესები პრინციპულად არ განსხვავდება სხვა გავრცელებული დიეტებისგან – ამ დროსაც რეკომენდებულია უცხიმო პროდუქტები, ნაკლები კონსერვანტები და გადახარშული პროდუქტები, რომლებშიც პრაქტიკულად აღარ არსებობს ვიტამინები.

ამ დროს განსაკუთრებული ადგილი თაფლს უკავია: ყოველდღიურად ძილის წინ 1-2 სუფრის კოვზი თაფლის მიღება აუცილებელია, იმისათვის, რომ ღამით ცხიმის წვის მექანიზმი ჩაირთოს და გააორმაგოს ნივთიერებათა ცვლა. ამ დიეტის დროს თქვენ ერთ თვეში დაახლოებით 3 კგ-ს დაიკლებთ, თანაც ძილში.

დიეტის ძირითადი წესები ასეთია:

- ყოველდღიურად რაციონში უნდა ჭარბობდეს ნახშირწყლები. დააბალანსეთ კვება, გამოიყენეთ ფრუქტოზით გაჯერებული ხილი, ბოსტნეული და თაფლი.

- კვირაში 2-3 ცალი კვერცხი მენიუს პროტეინებით გაამდიდრებს, თუმცა გადაჭარბება არ ღირს. თევზი იდეალურია ამ დიეტის დროს. შეეცადეთ, ანაცვლოთ ამ პროდუქტის ცხიმიანი და უცხიმო სახეობები.

- კვირაში 3-4-ჯერ მიირთვით მჭლე ხორცი. თუ ვეგეტარიანელი ხართ, სოიის პროდუქტებით გაამდიდრეთ რაციონი.

დიეტის რაციონი:

უარი თქვით მარილიანზე, ნებისმიერი სახეობის ნახევარფაბრიკატისგან, თეთრი პურისგან და ხელოვნური საღებავებისა და სხვა დანამატებისგან გამდიდრებული პროდუქტებისგან. შეიძინეთ მხოლოდ ის საკვები, რომელსაც ორგანიზმი გთხოვთ. პორციები არ უნდა იყოს დიდი, მხოლოდ ხილი და მწვანე სალათი შეგიძლიათ მიირთვათ შეზღუდვის გარეშე.

საუზმე (7.30-8.30)

ასარჩევად:

- ერთი ჭიქა ვაშლის წვენი, პატარა პორცია მიუსლი უცხიმო რძესთან ერთად, მოხარშული კვერცხი, უცხიმო იოგურტი.

- ბანანი, პურის ნაჭერი ჯემით, ერთი ჭიქა ნატურალური იოგურტი და ჩაის კოვზი თაფლი.

- ვაშლისა და ფორთოხლისგან მომზადებული ხილის სალათა, ხორბლის ბურბუშელა უცხიმო რძესთან ერთად, 1 კვერცხისგან მომზადებული ომლეტი.

სადილი (12.30-13.30)

თუ გაქვთ საშუალება, მოამზადეთ სადილი შინ და წაიღეთ სამსახურში.

ასარჩევად:

- 1 ჭიქა ფორთოხლის ან ვაშლის წვენი, 2 ნაჭერი ცეხვილი პური, დაკონსერვებული ტუნეცი ან ორთქლზე მომზადებული თევზი, ზეთში მოშუშული ცოტაოდენი სოკო და კიტრი.

- ვაშლისა და ფორთოხლისგან მომზადებული ხილის სალათა, 50 გრ გრძელი ბრინჯი, 2 ნაჭერი მჭლე ხორცი, პომიდვრისა და კომბოსტოს სალათა.

- ერთი ჭიქა ტომატის წვენი, 50 გრ სიმინდის ფაფა, ხახვში ჩაშუშული სოკო, 50 გრ უცხიმო ყველი.

- ერთი ჭიქა ჟოლოს იოგურტი, ლობიოს სალათა მწვანილითა და ზეთისხილით, 1 ნაჭერი გახუხული პური, 50 გრ უცხიმო ყველი, ბანანი.

სამუშაო დღის ბოლოს

ერთი მუჭა მოხალული თხილი ან ბანანი, ან 2 ნაჭერი პურის ორცხობილა 2 სუფრის კოვზ უცხიმო ხაჭოსთან ერთად.

სანამ ვახშამს ამზადებთ, შეგიძლიათ წაიცმუცნოთ:

- გახეხილი სტაფილოთი ქიშმიშთან ერთად;

- გახეხილი ჭარხლით კიტრთან ან პომიდორთან ერთად;

- ვაშლისა და ნატურალური იოგურტისგან მომზადებული სალათით;

ვახშამი (18.30-20.00)

ასარჩევად:

- ერთი ჭიქა ტომატის წვენი, ბოსტნეულის სუპი (კარტოფილით, ხახვით, პომიდვრით ან სოკოთი მომზადებული), 30 გრ უცხიმო ყველი.

- გრილზე შემწვარი თევზი, ორთქლზე კანიანად მოხარშული კარტოფილი, სტაფილოს, კომბოსტოს, ბულგარული წიწაკის, მწვანე ხახვისგან მომზადებული სალათა, ერთი ჭიქა მარწყვის იოგურტი.

- 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი, სხვადასხვა მწვანილისგან, ლობიოსგან, კიტრისგან, ტკბილი წიწაკისა და ზეთისხილისგან მომზადებული სალათა, გრილზე მომზადებული 1 ნაჭერი სტეიკი, 50 გრ გრძელი ბრინჯი სტაფილოსთან, სოკოსა და ხახვთან ერთად მომზადებული.

- ერთი ნაჭერი ანანასი, ბროკოლისგან, პომიდვრისგან, ყვავილოვანი კომბოსტოსა და სტაფილოსგან მომზადებული სუპ-პიურე, ქათმის შემწვარი თეთრი ხორცი კომბოსტოსთან ერთად, ხილის სალათა ერთ ჩაის კოვზ თაფლთან ერთად.

- ერთი ჭიქა ტომატის წვენი, დაკონსერვებული ტუნეცი ლობიოსა და ტკბილ წიწაკასთან ერთად.

- ერთი ჭიქა მანგოს წვენი, 30 გრ თევზისგან, ვაშლისგან, ფინიკისა და პომიდვრისგან მომზადებული სალათა, გაყინული კენკრისა და ვაშლის წვენისგან მომზადებული კოქტეილი.

ძილის წინ:

არაფრის ჭამა არ შეიძლება, გარდა 1-2 სუფრის კოვზი თაფლისა, ისიც დაძინებამდე ერთი საათით ადრე. შეგიძლიათ თაფლი გახსნათ წყალში ან ცხელ პიტნის ჩაიში, დაუმატოთ ლიმონი.

გამოძინება ამ დიეტის დროს აუცილებელია! როცა ბნელდება, ჩვენი ორგანიზმი ჰორმონ მელატონინის გამოყოფას იწყებს, რომლის აღმდგენი ფუნქციისთვისაც აუცილებელია სრული სიბნელე, ანუ ძილი. სწორედ ამ დროს იწყებს ორგანიზმი სრულად დასვენებას და ცხიმები კი – წვას.