ბევრ ჩვენგანს აწუხებს საკითხი – რისი ჭამა შეიძლება ან არა საღამოს 6 საათის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვისახავთ მიზნად, აღარ მივირთვათ დადგენილი დროის შემდეგ, ბევრი ვერ უძლებს ცდუნებას. მაშ, როგორ მოვიქცეთ, თუ მშიერს დაძინება არ შეგვიძლია?
დიეტოლოგები თანხმდებიან ერთ საკითხში, რომ 18:00 საათის შემდეგ შიმშილი მავნებელია, რადგან ორგანიზმი მშიერი რჩება 12 საათზე მეტხანს, რაც დაუშვებელია – ორგანიზმი შიმშილს განიცდის და შემდგ რაც უნდა ცოტა მიირთვათ, ის ორმაგად შეითვისებს. ამიტომაც საუკეთესოა – დაძინებამდე 3 საათით ადრე მსუბუქად წაიხემსოთ.
მაშ ასე, რა შეიძლება მივირთვათ გვიან ვახშმად?
ეს გახლავთ ყველა სახის ბოსტნეული (პომიდორი, კიტრი, სტაფილო, ტკბილი წიწაკა, ჭარხალი, ნიახური) და ხილი (ციტრუსი, ვაშლი, მსხალი, ბროწეული). ჩამოთვლილთაგან საუკეთესოა – ვაშლი, ციტრუსები და ნიახური.
ნიახური – საერთოდ ცალკე თემაა. ეს გახლავთ ბოსტნეული, რომლის მოსანელებლადაც იმაზე მეტი ენერგია იხარჯება, ვიდრე მასთან ერთად შეითვისება.
ასევე, დაძინებამდე 3 საათით ადრე შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული თევზი, კეფირი და უცხიმო ხაჭო.
მაგრამ გახსოვდეთ! რაც უნდა მიირთვათ ღამით, რაოდენობა უნდა იყოს მცირე: 1 ვაშლი ან 1 ჭიქა კეფირი ან 1 ნაჭერი თევზი. ზედმეტად დანაყრება 6 საათის შემდეგ ნებისმიერ შემთხვევაში არ შეიძლება!