როგორ დავიკლოთ ზღვის სეზონისთვის? გთავაზობთ 14 ძალიან ეფექტურ მეთოდს, რომლებიც თქვენს რაციონს მეტად სასარგებლოს და ნაკლებად კალორიულს გახდის.
აწარმოეთ კვების დღიური. ასე ნათლად დაინახავთ, ზედმეტი რა ხვდება თქვენს კუჭში. შესაძლოა, ზოგიერთ სიტუაციას არიდებოდით. დიახ, არ დაგავიწყდეთ, ჩაიწეროთ აბსოლუტურად ყველაფერი, ის ერთი ლუკმაც, რომელიც სადილის მომზადებისას გასინჯვის მიზნით მიირთვით.
სვით ბევრი წყალი. 8 ჭიქა - ეს საშუალო რაოდენობაა. გამოთვლილია, რომ უნდა მივიღოთ 30 მლ მთლიანი წონის 1 კილოგრამზე. თუ იწონით 50 კგ-ს, უნდა დალიოთ 1,5 ლიტრი. ჰო, მართლა, წყალიც უნდა ჩაიწეროთ დღიურში. სიცხეში კი იმაზე მეტი წყალი უნდა დალიოთ, ვიდრე წონის მიხედვით გეკუთვნით.
ხოლო თუ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე დალევთ ერთ ჭიქა წყალს, არასოდეს აგერევათ წყურვილი შიმშილში. ასევე, კუჭს ნაწილობრივ შეავსებთ და ნაკლებს შეჭამთ.
იმისათვის, რომ დაიკლოთ წონაში - შიმშილი კატეგორიულად არ შეიძლება, პირიქით, უნდა ჭამოთ ხშირად, მაგრამ პატარა ულუფებით. ბევრს ეს რთულად ეჩვენება, ამისათვის ხომ სულ საჭმელი უნდა ამზადო - იტყვით თქვენ, მაგრამ კვებად ხომ რამდენიმე კიტრი და ხორბლის ერთი ნაჭერი პური, ერთი მუჭა ნიგოზი, რამდენიმე ვაშლი, ბანანი, ხაჭო... და კიდევ ბევრი ისეთი რამ ითვლება, რისი წაღებაც თავისუფლად შეგიძლიათ სამსახურში და მთელი დღის განმავლობაში მიირთვათ.
წახემსება შესამჩნევი უნდა იყოს. ერთი კანფეტი, ორცხობილა ან თუნდაც ფიტნეს-შოკოლადი - არ ითვლება წახემსებად. კუჭი შესამჩნევად უნდა შეივსოს და საკვები წესიერად უნდა გადაამუშაოს. ამ შემთხვევაში თქვენ ნახევარ საათში აღარ მოგშივდებათ. ამიტომაც, თუ წასახემსებლად ხილს აირჩევთ, რამდენიმე იყოს, ორცხობილის ნაცვლად - უმი ბოსტნეული აირჩიეთ, ხოლო პურის ნაცვლად - კეფირი ჩირებითა და თხილით.
ძალიან ეფექტურია განტვირთვის დღეების მოწყობა. მაგრამ არა მთლიანი შიმშილი, არამედ ე.წ. მონოდიეტა. საუკეთესოა ბოსტნეულის ან ხილის (ვაშლი იდეალურია). ასე მიიღებთ ბევრ უჯრედისს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი მთელი ძალით ამუშავდება და ორგანიზმში დაგროვილი ნაგავი გარეთ გამოვა. ხოლო კალორიებს ასეთ დღეებში ძალიან ცოტას იღებთ, შედეგად, წვავთ დაგროვილს.
გადაეჩვიეთ ჩაისა და ყავაში შაქრის ჩაყრას, რამდენიმე კვირით მაინც. პირველ რიგში, თქვენ ამ სასმელების ნამდვილ გემოს გაიგებთ, ძალიან საინტერესოს და მდიდარს. მეორეც, შეამცირებთ შაქრის მიღებას. გახდომისთვის კი ეს აუცილებელია, შაქარი ხომ მადას მატებს.
შეამცირეთ ცხიმების რაოდენობა. პირველ რიგში, ეცადეთ, რომ მოამზადოთ ორთქლზე და მიირთვათ ძირითადად მოხარშული. ასე უარს იტყვით რაფინირებულ ცხიმებზე. ეს კი ცოტა არ არის. ჩაანაცვლეთ ღორის ხორცი ძროხით, იოგურტი არაჟნის ნაცვლად და ასე შემდეგ.
ყოველთვის ზედმიწევნით ლამაზად გაშალეთ სუფრა. ლამაზად მომზადებული სადილი - დღესასწაულია. ასე არასოდეს შეჭამთ ჩქარა და სერიალის ყურების თანხლებით.
გამოიღეთ კარადიდან პატარა თეფშები და ეცადეთ, ძირითადად მასზე მიირთვათ. ფსიქოლოგიურად, როცა თეფში სავსეა, უფრო ნაყრდები.
გაზარდეთ გარნირის რაოდენობა. ეს სადილსა და ვახშამს უფრო სასარგებლოს და ნაკლებად კალორიულს გახდის.
გააკეთეთ პაუზა ჭამის დროს. მაგალითად, თუკი მიირთვით სალათა და 5-10 წუთით სხვა რამეზე გადაერთეთ, ადექით მაგიდიდან, რაღაც გააკეთეთ; დაბრუნებული მეორე კერძის მისართმევად, ისეთი შიმშილის გრძნობას აღარ იგრძნობთ.
გამოჰყავით დრო გემრიელისთვის. გემრიელი და მავნებელი რაღაცების გარეშე, რომლის მირთმევასაც მივეჩვიეთ, სამწუხაროდ, ვერ გავძლებთ. ამიტომაც უთხარით საკუთარ თავს, რომ მათი ჭამა შეიძლება, ოღონდ გარკვეულ დროს. მაგალითად, კვირაში ერთხელ. ამ დროს თქვენ შეძლებთ მიირთვათ ფუნთუშები, ნამცხვარი, ტორტის ნაჭერი ან სხვა ისეთი რამ, რისი ჭამაც ასე ძალიან გინდოდათ. სავარაუდოდ, სასარგებლო საკვების კვირეულის შემდეგ დიდად არც მოგინდებათ ფუნთუშები და ნამცხვრები, მაგრამ რომც მიირთვათ, ამით თქვენს მეტაბოლიზმს მხოლოდ აამუშავებთ და არ მისცემთ უფლებას ორგანიზმს, მიეჩვიოს კვლავ ამ საკვებს.
მიირთვით ბოსტნეული. შეეცადეთ, საკვების ყველა მიღებაზე, თუნდაც საუზმეზე, ჭამოთ რომელიმე ბოსტნეული მაინც: სალათი, რაგუ, უბრალოდ ჩაშუშული ან შემწვარი ბოსტნეული. ის დიდი რაოდენობით საკვებ ქსოილს შეიცავს და დაბალკალორიულობის ფონზე საკმაოდ ანაყრებს, სარგებლობის მოტანაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.