ყველა ქალს ეშინია მშობიარობის, ზოგს - ტკივილების, ზოგს კი - მშობიარობის შემდეგ ფორმის დაკარგვის.
ბევრი რომც არ მოგემატათ წონაში, თქვენი წელი და მუცელი ორსულობის შემდეგ ფორმას მაინც დაკარგავდა. როგორ დავიბრუნოთ სხეულის მოხდენილი ფორმები?
შეგვიძლია გავაკეთოთ 4 საკმაოდ მარტივი ვარჯიში, რომლის შესრულებასაც უნდა მხოლოდ მოთმინება და იმის სურვილი, უკეთესად რომ გამოვიყურებოდეთ.
1. დადექით სწორად, ფეხები მხრების სიგანეზე დადგით, ხელები ტანის გასწვრივ. შეკარით მუშტები და ღრმად შეისუნთქეთ. ამოსუნთქვის დროს ღრმად შესწიეთ მუცელი და გამოწიეთ მკერდი. ამავე დროს მოხარეთ მუხლები და ხელები წინ გასწიეთ. დაუბრუნდით საწყის პოზიციას და ჩაისუნთქეთ. გაიმეორეთ 8-10-ჯერ.
2. დაწექით ზურგზე, ასწიეთ ფეხები წვერებით წინ. წამოიწიეთ ისე, რომ ხელებით ფეხის თითებს შეეხოთ. გაიმეორეთ 6-8-ჯერ.
3. დაწექით ზურგზე, მოხარეთ ფეხები მუხლებში, გასწიეთ ოდნავ განზე. ხელები თავქვეშ ამოიდეთ და უყურეთ ჭერს. ახლა ამოისუნთქეთ და ასწიეთ წელი. გაჩერდით ამ პოზიციაში, 6-ჯერ დაითვალეთ, დაუბრუნდით საწყის პოზიციას და ჩაისუნთქეთ. გაიმეორეთ 10-12-ჯერ.
4. დაწექით ზურგზე, წამოიწიეთ და მარჯვენა მუხლი თქვენსკენ მოიზიდეთ, პარალელურად კი მარცხენა ხელის მუშტი ძირს შეახეთ. დაუბრუნდით საწყის პოზიციას და იგივე გააკეთეთ მარცხენა მუხლითა და მარჯვენა ხელის მუშტით. გაიმეორეთ 10-12-ჯერ.
თუ ამ ვარჯიშებს ყოველდღიურად (უკეთესია, თუ დღეში რამდენჯერმეც) შეასრულებთ, უახლოეს დროში საუკეთესო შედეგს მიიღებთ და თავდაჯერებულობა აღარასოდეს მიგატოვებთ.
ასევე იხილეთ:
მხოლოდ 3 ვარჯიში იმისათვის, რომ ვიწრო ჯინსი მოგიხდეთ