სწორი, პრიალა, მბზინავი თმა თვალისმომჭრელია, მაგრამ ხშირი გასწორებების გამო ის ზიანდება, ხდება უსიცოცხლო და მტვრევადი.
თუკი ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, შეძლებთ აიხდინოთ მბზინავი, სწორი თმის ოცნება ისე, რომ დიდხანს შეინარჩუნოთ შედეგი და არ დაიზიანოთ თმა.
როგორ გავისწოროთ თმა
1. სწორად მოუარეთ
თმის სიპრიალე და სიჯანსაღე პირდაპირ დამოკიდებულია მის მოვლაზე. აფუებული, დატეხილი თმა ხომ სინოტივის უკმარისობის გამო ხდება. ამიტომაც თმის ყოველი დაბანის შემდეგ გამოიყენეთ დამატენიანებელი კონდიციონერი. ხოლო კვირაში 2-ჯერ გაიკეთეთ თმის ინტენსიური მკვებავი ნიღაბი.
2. დაიცავი თმა გადახურებისგან
რა თქმა უნდა, თმის გასასწორებლად მაღალი ტემპერატურაა საჭირო, მაგრამ ძლიერი და ხშირი გადახურების გამო თმა შრება და უსიცოცხლო ხდება. ამიტომაც შეიძინეთ ფენი ან უთო თერმორეგულატორით და კერამიკული ზედაპირით. ასე თავიდან აიცილებთ თმის დაწვას.
3. გასწორების დაწყებამდე კარგად გაიშრეთ თმა
გასწორება ყოველთვის უკვე კარგად გამშრალ თმაზე დაიწყეთ. სველი თმის გასწორებისას დიდი შანსია დაიზიანოთ ის.
4. გამოიყენეთ ხარისხიანი თმის დამცავი საშუალებები
კოსმეტიკურ მაღაზიებში იყიდება უამრავი სპრეი და ქაფი, რომლებიც თმის გარსს იცავს მექანიკური დაზიანებისგან. ამიტომაც დავარცხნამდე აუცილებლად გამოიყენეთ ისინი. ამით დამატებით ვარცხნილობასაც დაიფიქსირებთ.
5. გაისწორეთ პატარა მონაკვეთები
გასწორების დაწყებამდე, გაინაწილეთ თმა რამდენიმე სეგმენტად. აიღეთ თხელ-თხელი ნაწილი, ასე ბევრად კარგ შედეგს მიიღებთ.
6. არ დაივიწყოთ ქოლგა
ყველანაირი მცდელობა წყალში ჩაგეყრებათ, თუკი გასწორებული თმით წვიმაში უქოლგოდ გახვალთ. ბაბუაწვერას ეფექტი ამ შემთხვევაში გარანტირებული გექნებათ.
7. უთო ყოველთვის დაცული გქონდეთ მტვრისგან
გულმოდგინედ გაწმინდეთ თმის უთოს პლატინები ყოველი გამოყენების შემდეგ. არ დაუშვათ, რომ ზედ რაიმე მოხვდეს, თორემ მსუბუქად აღარ ისრიალებს თმაზე და შესაბამისად, დაგიზიანებთ.