ადამიანების უმეტესობას რძის დალევის შემდეგ, სარგებლის ნაცვლად, კუჭ-ნაწლავის პრობლემები ექმნება. ხოლო თუ წონაში დაკლება გაქვთ გადაწყვეტილი, გაეცანით შედეგებს, რაც რძის ნაწარმის აკრძალვას მოჰყვება.
წონაში დაიკლებთ
სამეცნიერო დასკვნა რძის პროდუქტების არმიღებასა და წონის დაკლებას შორის არ არსებობს. ვეგანები (ადამიანები, რომლებიც მხოლოდ მცენარეული საკვებით იკვებებიან) სიმსუქნეს არ უჩივიან, მაგრამ რძის პროდუქტების გარდა, მათ ყველა ცხოველური წარმოშობის საკვები აქვთ რაციონიდან ამოღებული.
სწორად ჩაანაცვლეთ
რძის ცილას ორგანიზმი ცუდად ითვისებს და ადამიანს დიდხანს აქვს დანაყრების შეგრძნება. თუ რძის ნაწარმზე უარს ამბობთ, გაამდიდრეთ რაციონი ცილის სხვა წყაროთი: კვერცხით, თევზითა და თხილით.
სახის კანი გაგისუფთავდებათ
თუ აკნე გაწუხებთ ან დროდადრო სახეზე მუწუკები გამოგდით, ურძეო დიეტა სიტუაციას გაგიუმჯობესებთ. რაციონიდან გამორიცხეთ კარაქი და ყველიც და დატკბით სუფთა სახის კანით.
დაივიწყებთ ცხვირსახოცებს
რძის მიღება ცხვირის ღრუში ლორწოს მომატებას უწყობს ხელს. რაც უფრო ნაკლებ რძეს დალევთ, მით სუფთა გექნებათ ცხვირი.
გაგიუმჯობესდებათ კუჭის მოქმედება
რძის აუტანლობა რომც არ გჭირდეთ, რძის დალევის შემდეგ შეიძლება შეგაწუხოთ გაზებმა, მუცლის ბუყბუყმა ან დისკომფორტის შეგრძნებამ. აგრეთვე, რძის მიღების შემდეგ თუ კუჭის აშლილობა ან შეკრულობა გაწუხებთ, უმჯობესია, მასზე უარი თქვათ.
ან გაგიუარესდებათ
თუ იოგურტის ან მაწვნის ჭამის შემდეგ კუჭის მოქმედება გიუმჯობესდებათ, მათზე უარის თქმამ შეიძლება სიტუაცია გაგირთულოთ. ხოლო თუ ნატურალურ რძეს სოიით ჩაანაცვლებთ, ალერგია გამოიწვიოს. ამიტომ გაამდიდრეთ რაციონი კომბოსტოს მწნილით, ვაშლით, დაღერღილი ფქვილის პურითა და მარცვლოვანი ფაფებით.
შეიყვარეთ ლობიო და ისპანახი
თუ რძის, არაჟნისა და ყველის ჭამაზე უარს ამბობთ, ორგანიზმს კალცის ნაკლებობას შეუქმნით. მას აგინაზღაურებთ ისპანახი, ლობიო, ბროკოლი და ყველა დანარჩენი პარკოსანი კულტურა.
რეზიუმე
რძის აუტანლობა ან არაუტანლობა ინდივიდუალურია. სცადეთ და რძის პროდუქტებს 2 თვით ნუ მიირთმევთ, დააკვირდით საკუთარ ორგანიზმს. თუ თავს უკეთ იგრძნობთ, გააგრძელეთ ურძეო დიეტა; თუ ასეთ რეჟიმს ვერ შეეგუებით, დაუბრუნდით რძესა და რძის პროდუქტებს.