აცივებასთან ერთად თმის ცვენის პრობლემაც აქტუალური ხდება. ტემპერატურის ცვალებადობა, გამათბობლებისგან გამომშრალი ჰაერი, თავსაბურავები უარყოფითად მოქმედებს თავის კანსა და თმაზე.
თმის ცვენის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სტრესია, რომელიც სწორედ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მწვავდება: მზის სხივების უკმარისობა, პირქუში ამინდი, დაძაბული სამუშაო და სასწავლო რეჟიმი და უამრავი სხვა მიზეზი. ამ ყველაფერს მეტ-ნაკლებად რომ გაუმკლავდეთ, კარგი იქნება, თუ თმის მოვლის საშუალებებს თავად დაამზადებთ:
ჯანჯაფილის ნიღაბი თმის ცვენის წინააღმდეგ
1 სადილის კოვზი წვრილად გახეხილი ჯანჯაფილი, 1 სადილის კოვზი ქუნჯუთის ზეთი ერთმანეთში აურიეთ და შეიზილეთ თავის კანში, თითქოს მასაჟს იკეთებდეთ. გაიჩერეთ 30 წუთი, გულდასმით ჩამოიბანეთ. ნიღაბი შეიძლება გაიკეთოთ როგორც დაბანამდე, ისე დაბანის შემდეგ.
ზეითუნის ზეთის ნიღაბი
1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 კვერცხის გული, 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, 0,5 ჭიქა თბილი წყალი აურიეთ, შეიზილეთ თავის კანში და 10 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ჭვავის პურის ნიღაბი
100-150 გრამი ჭვავის პურის გული კარგად დააქუცმაცეთ და ადუღებულ წყალში გაქენით. დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი, აურიეთ ისე, რომ მარილი გადნეს, უნდა მიიღოთ კრემისმაგვარი მასა, გააჩერეთ 1-2 საათი. ფრთხილად შეიზილეთ თავის კანში, დაიხურეთ შხაპისგან დამცავი ქუდი და ზემოდან პირსახოცი შემოიხვიეთ. 20-25 წუთის შემდეგ, ანუ როცა ნიღაბი შეშრობას დაიწყებს, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
თუ თმის ცვენა ზედმეტად თვალში საცემია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. პრობლემას უყურადღებოდ ნუ დატოვებთ.