კვერცხის ცილის სიკეთის შესახებ ყველასთვის ბავშვობიდანაა ცნობილი, თუმცა, დღეს მის კოსმეტოლოგიურ გამოყენებას გასწავლით.
1. მას შეუძლია წვრილი ნაოჭების გასწორება. ამისათვის კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, ფაფისმაგვარი მასა უნდა მიიღოთ. წაისვით სუფთა და დატენიანებულ კანზე. ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ, თითქოს კანი დაგეჭიმათ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
2. ფორების შესამცირებლად მოამზადეთ - კვერცხის ცილისა და შვრიის ფანტელის ნიღაბი: 1 კვერცხის ცილას დაუმატეთ 1 ჩ/კ ლიმონის წვენი, ათქვიფეთ გათეთრებამდე და შეურიეთ 2 ს/კ დაფქვილი შვრიის ფანტელი. დაბანილ კანზე ნიღაბი ორ ფენად წაისვით. როცა გაშრება, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
3. თუ კანის გათეთრება გსურთ, ამასთანავე, თვალის ქვეშ კანი შესიებული გაქვთ, 1 ს/კ თაფლს დაუმატეთ ამდენივე ხორბლის ფქვილი და კვერცხის ცილა. წაისვით სუფთა კანზე, გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი რძით.
4. კვერცხის ცილა სახიდან ცხიმს მოგაშორებთ. სახემ რომ არ იპრიალოს, კვერცხის ცილას შვრიის დაფქვილი ფანტელი შეურიეთ. ერთხელ გაკეთებული ნიღაბიც კი დიდი ხნით მოგაშორებთ პრობლემას.
5. სახის სკრაბის დასამზადებლად შეურიეთ ცილას ნუშის ან თხილის ფქვილი. ასეთი სკრაბი კანს თან გაგისუფთავებთ, თან დაგიტენიანებთ. სკრაბი წრიული მოძრაობით შეიზილეთ და გვირილის ნაყენით ჩამოიბანეთ.
6. კვერცხის ცილისა და ვაშლის ნიღაბი აკნესგან გაგათავისუფლებთ. გახეხეთ საშუალო ზომის ვაშლი, შეურიეთ ათქვეფილი კვერცხის ცილა. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ჩამოიბანეთ გვირილის ნაყენით.
7. კვერცხის ცილა მოგაშორებთ კანის ისეთ დეფექტებს როგორიცაა ლაქები და ჭორფლი. ამისათვის ათქვეფილ კვერცხის ცილას დაქუცმაცებული ოხრახუშის ფოთლები უნდა შეურიოთ. გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.