1. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. მართალია, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ქალს მომხიბვლელობას მატებს, მაგრამ ამავდროულად, ყოველდღიურად მისი ტარება ნეგატიურად აისახება ქალის ჯანმრთელობაზე.
გარდა ხერხემლის პრობლემებისა, ამან შეიძლება მთელი რიგი დაავადებები გამოიწვიოს: ართრიტი, მყესებთან და კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები. შეეცადეთ, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში ჩაიცვათ.
2. მძიმე ხელჩანთები. თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ქალების უმეტესობას ზედმეტად მძიმე ჩანთები დააქვს. ეს ეხება როგორც დიასახლისებს, ასევე იმ ქალებს, რომლებიც მუშაობენ. საქმე ისაა, რომ პრობლემები თანდათანობით იჩენს თავს და შეიძლება ყრუ ტკივილებით დაიწყოს კისრისა და ზურგის არეში. შეეცადეთ, ჩანთაში მხოლოდ აუცილებელი ნივთები ჩააწყოთ, მაგრამ თუ ამის საშუალება არ არის, სჯობს, "დამხმარე" ჩანთა გამოიყენოთ, რათა მთელი სიმძიმე ერთ მხარეს არ დააწვეს.
3. კოსმეტიკით დაძინება. ქალთა უმეტესობა დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს კოსმეტიკის მოშორებას ძილის წინ. გახსოვდეთ, მაკიაჟის სახით სახეზე რჩება ჭუჭყი, რომელიც ახშობს ფორებს და იწვევს ანთებით პროცესებს.
4. ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება. რა სასიამოვნო გარემოშიც უნდა მოხვდეთ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ქალები მამაკაცებზე უფრო ადვილად და მალე თვრებიან და სასიამოვნო საღამო შეიძლება კოშმარად იქცეს. ჯერ ერთი, ქალს არ უხდება მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა და მეორე დილით სინდისის ქენჯნა გასტანჯავს და მეორეც, არავისთვის საიდუმლო არ არის, თუ როგორ ვნებს ალკოჰოლი ადამიანის ჯანმრთელობას.
5. კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომაა არაზუსტი ზომის ლიფის ტარება. აუცილებელია, ყველა ქალმა ზუსტი ზომის ლიფი მოირგოს, რადგან დისკომფორტის გარდა, პრობლემები შეიძლება მკერდსაც შეექმნას.
6. სტრესი. შეეცადეთ, ყველაფერში პოზიტიური მხარე იპოვოთ. ქალები მეტად არიან მიდრეკილნი სტრესისა და დეპრესიისკენ და ეს არც ისე ხელწამოსაკრავი პრობლემაა, რომელსაც ჩვენ ძალიან მარტივად, "ნევროზს" ვუწოდებთ. სწორედ ნევროზს შეუძლია ჯანმრთელობის მხრივ უამრავი პრობლემის წარმოქმნა. ასე რომ იყავით მშვიდად, არ ღირს წარსული შეცდომების თუ საქციელის გამო დარდი და წუხილი.
7. ზედმეტი გატაცება საკუთარი გარეგნობით. ძნელად მოიძებნება ქალი, რომელიც "რამეს" არ შეცვლიდა გარეგნობაში და ეს ლოგიკურიცაა. მაგრამ ზოგი ქალბატონი "მანიაკალურადაა" დაკავებული საკუთარი ნაკლისა და "საოპერაციო ზონების" ძიებით. ამგვარი დამოკიდებულება ძალიან ცუდად მოქმედებს ფსიქიკურ მდგომარეობაზე.
8. პრობლემების დროს ზედმეტი ჭამა. ბევრი ქალი, რომელსაც გარკვეული პრობლემები ექმნება, ამ პრობლემების მოგვარებას და მდგომარეობიდან გამოსვლას გაუთავებელი ჭამით ცდილობს; და რაც კიდევ უარესია, ძირითადად შოკოლადს, ტკბილეულს და სხვა მაღალკალორიულ პროდუქტებს მიირთმევს. ამის ნაცვლად სჯობს მეტი სეირნობა და შოპინგოთერაპია.
9. მუდმივი გამოუძინებლობა. ძილის ნაკლებობა დამღუპველად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეს მოქმედებს განწყობაზე, ზოგად მდგომარეობასა და შრომისუნარიანობაზეც.
10. საკუთარი თავის ბოლო ადგილზე დაყენება. ძალიან ბევრი ქალბატონი ჯანმრთელობას და სილამაზეს მსხვერპლად სწირავს ოჯახს, პირველ პლანზე ყოველთვის ოჯახსა და მის კეთილდღეობას აყენებს. არც თავს უვლის, არც ექიმს აკითხავს და საკუთარი ცხოვრება, ფაქტობრივად, არ აქვს. ძვირფასებო, შეიყვარეთ თქვენი თავი და ყოველთვის გამონახეთ თუნდაც მცირეოდენი დრო თქვენთვის.
საკმაოდ ძნელია ცხოვრების შეცვლა და რაღაცის გამოსწორება, თუმცა საკუთარ თავზე მუშაობა მავნე ჩვევების ნელ-ნელა აღმოფხვრაში დაგეხმარებათ და თქვენს ჯანმრთელობასაც საფრთხე აღარ დაემუქრება.