საკუთარ სილამაზეზე მხოლოდ ძველი ეგვიპტელი ლამაზმანები როდი ზრუნავდნენ. დადგენილია, რომ ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინ ძველ ჩინეთში ქალბატონებმა უკვე იცოდნენ ფრჩხილების მოვლის საიდუმლო და მანიკიურსაც იკეთებდნენ.
თავად სიტყვა "მანიკიური" ფრჩხილების ჰიგიენურ და ესთეტიკურ დამუშავებას ნიშნავს.
ძველ აღმოსავლეთში ქალბატონები ფრჩხილების გასამაგრებლად მათზე კვირაში ერთხელ ინას ისვამდნენ.
ფრჩხილების მდგომარეობა ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ფრჩხილები უმალ რეაგირებენ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებზე – მტვრევადი ხდება და ძნელად იზრდება.
ზოგიერთ ექიმს ფრჩხილების მიხედვით შეუძლია განსაზღვროს, რომელი ორგანო რითია დაავადებული. ფრჩხილებზე გაციება და გრიპიც კი უარყოფითად მოქმედებს.
ფრჩხილების აშრევება ყველაზე ხშირად ნივთიერებათა ცვლისა და ჰორმონალური დარღვევების, არასწორი კვების, ჭარბი ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების ბრალია.
ფრჩხილებისთვის აუცილებელია კალციუმი, მისი ნაკლებობისას ფრჩხილები მტვრევადი ხდება.
ფრჩხილებისთვის საკმარისი კალციუმის მიღება მარტივად შეგიძლიათ. ამისთვის რაციონში უნდა ჩართოთ რძის პროდუქტები და თევზი. ზოგიერთი კალციუმის მისაღებად კვერცხის ნაჭუჭს იყენებს – ფხვნის მას და საკვებში უმატებს.
უკანასკნელი გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ფრჩხილებს ყველაზე მეტად ცილები სჭირდება. ფრჩხილების გასამაგრებლად საჭიროა მიირთვათ მუჟუჟი, ლაბასხმული, ხილის ჟელე ან ერთი თვის განმავლობაში მიიღოთ ჟელატინი დღეში ერთხელ - 1 ჩაის კოვზი ჟელატინი ცოტაოდენ წყალში გახსენით, გააჩერეთ 10-15 წუთი და დალიეთ ჭამის წინ.
ფრჩხილების გამაგრება ლიმონის წვენითაც შეიძლება: 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი გააზავეთ ერთ ჭიქა ადუღებულ წყალში, დაამატეთ 10 წვეთი იოდი და ფრჩხილების აბაზანა გაიკეთეთ. წყლის ტემპერატურა +37 გრადუსი უნდა იყოს. ჩაყავით მასში თითის წვერები, გააჩერეთ 15 წუთით, შემდეგ თითები შეიმშრალეთ და ხელის მკვებავი კრემი წაისვით.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)