ზამთარში კანი უფრო მშრალი და მგრძნობიარე ხდება, ამიტომ მას ჩვეულებრივზე მეტი ყურადღება სჭირდება, შემოგთავაზებთ სპეციალისტთა რჩევებს, რომლებიც ცივ ამინდში კანის სრულყოფილ მოვლაში დაგეხმარებათ.
დამატენიანებელი ვიტამინები
კანის სიმშრალის ერთ-ერთი მიზეზი გარკვეული ვიტამინების უკმარისობაა. A ვიტამინი E, თევზის ქონი და სელის ზეთი კანს შიგნიდან ატენიანებს.
გრილი წყალი
ცხელი წყალი აშრობს კანს, რომელიც ზამთარში ისედაც უფრო შრება. ამიტომ უმჯობესია, პირი გრილი წყლით დაიბანოთ, შხაპიც გრილი წყლით მიიღეთ. თუ ცხელ აბაზანაში ნებივრობას გადაწყვეტთ, ეს პროცესი 10 წუთს არ უნდა აღემატებოდეს.
ყურადღება მიაქციეთ ეტიკეტს
ზამთარში უარი თქვით სპირტისა და აგრესიული ტუტის შემცველ სახის გამწმენდ საშუალებებზე. შეარჩიეთ ნატურალური ზეთების შემცველი უფრო რბილი საშუალებები და დილით პირის დაბანის ნაცვლად სახე ლოსიონით გაიწმინდეთ.
ნუ გაგიტაცებთ პილინგი
თუ კანი ძალიან გამოგიშრათ, პილინგი კვირაში ან კვირა-ნახევარში ერთხელ გაიკეთეთ. ღრმა პილინგი სიმშრალეს აძლიერებს. შეარჩიეთ ისეთი საშუალებები, რომლებიც არ შეიცავს მსხვილ ნაწილაკებს.
სახე არ დაიზილოთ
თითქოს წვრილმანია, მაგრამ იმას, თუ როგორ იმშრალებთ სახეს, დიდი მნიშვნელობა აქვს კანისთვის. არ არის საჭირო პირსახოცით სახის გულდასმით გამშრალება, თითქოს კანს იზელდეთ. საკმარისია, პირსახოცი მსუბუქად შეახოთ კანს და მაშინვე, სანამ ტენი აორთქლდება, მკვებავი კრემი წაისვათ.
დაატენიანეთ ჰაერი
ბინებსა და ოფისებში ცენტრალური გათბობის სისტემა ძალიან აშრობს ჰაერს და შესაბამისად, კანს. ჰაერის დამატენიანებელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მის მდგომარეობას და ინტერიერსაც დაამშვენებს.
შეზღუდეთ ყავა და ალკოჰოლი
ალკოჰოლსა და ყავას, აგრეთვე მწვანე ჩაის შარდმდენი ეფექტი აქვთ, ამდენად გაუწყლოებისა და კანის სიმშრალის შემთხვევაში მათი მიღება რეკომენდებული არ არის. ყოველ ფინჯან ყავას ან ბოკალ ღვინოს ერთი ჭიქა წყალი დააყოლეთ.
გაამდიდრეთ რაციონი
კანის სიმშრალისთვის დამახასიათებელი პრობლემების გადაჭრაში ბალანსირებული დიეტა დაგეხმარებათ. კარგი იქნება, თუ რაციონს დიდი რაოდენობით "ომეგა-3"-ის შემცველი საკვებით გაამდიდრებთ: თევზი, მწვანე ბოსტნეული, ახალი ხილი, თხილი.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)